ბს-1222-1208(კ-11) 15 თებერვალი, 2012 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი
კასატორი _ ა. დ-ა, წარმომადგენელი – დ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები _ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, წარმომადგენლები გ. კ-ე, ქ. თბილისის მერია, წარმომადგენელი –ქ. მ-ი.
გასაჩივრებული გადაწყეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინება.
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 17 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს ა. დ-მ და ქ. ო-მ მოპასუხეების ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მერიის მიმართ.
მოსარჩელეები სარჩელით ითხოვდნენ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2010 წლის 19 ივლისის ¹000126 მითითების, 2010 წლის 23 აგვისტოს ¹000126 შემოწმების აქტის, 2010 წლის 6 ოქტომბრის ¹000126 დადგენილებისა და ქ. თბილისის მერიის განკარგულების ბათილად ცნობას.
2011 წლის 15 თებერვალს ა. დ-მ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა ქ. თბილისი მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2010 წლის 19 ივლისი ¹000126 მითითების, 2010 წლის 23 აგვისტოს შემოწმების აქტის, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2010 წლის 6 ოქტომბრის ¹000126 დადგენილებისა და თბილისის მერიის 2011 წლის 14 თებერვლის ¹258 განკარგულების ა. დ-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის განჩინებით ა. დ-ს სარჩელზე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2010 წლის 19 ივლისის ¹000126 მითითებისა და 2010 წლის 23 აგვისტოს შემოწმების აქტის ბათილად ცნობის თაობაზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო. ამასთან 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. დ-ს სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ქ. თბილისი მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2008 წლის 10 ივნისს შედგა ¹00000205 მიწერილობა ა. დ-ს მიმართ, რომელსაც დაევალა ...ის ქ. ¹104-ის მოპირდაპირედ კანონის დარღვევით ნაწარმოები საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის მშენებლობის გამოსწორების მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის დემონტაჟი 20 (ოცი) დღის ვადაში. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2008 წლის 1 ივლისს შეადგინა ¹00000205 შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ა. დ-მ არ შეასრულა მიწერილობით გათვალისწინებული მოთხოვნები, არ წარადგინა შეთანხმებული მშენებლობის პროექტი და ობიექტი არ მოიყვანა პირვანდელ მდგომარეობაში.
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2009 წლის 29 ივნისს გამოსცა ¹00000205 დადგენილება, რომლითაც ა. დ-ა დაჯარიმდა 10 000 ლარით უნებართვო მშენებლობისათვის და 3 000 ლარით მიწერილობის შეუსრულებლობისათვის. ასევე ა. დ-ს დაევალა ...ის ქ. ¹104-ის მოპირდაპირედ უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი, ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-52 მუხლის ,,ბ” პუნქტითა და მე-58 მუხლის ,,ბ” პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის.
ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 22 სექტემბრის ¹1305 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ა. დ-ს ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 29 ივნისის ¹00000205 დადგენილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ა. დ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2008 წლის 10 ივნისის მიწერილობა და 2009 წლის 29 ივნისის ¹00000205 დადგენილება.
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2010 წლის 19 ივლისს ა. დ-სა და ქ. ო-ს მიმართ შეადგინა მითითება ¹000126, რომლითაც მათ დაევალათ 30 დღის ვადაში ...ის ქ. ¹104-106-ის მოპირდაპირე მხარეს საცხოვრებელ სახლზე სამშენებლო დოკუმენტაციის, კერძოდ, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტისა და სამშენებლო ნებართვის წარდგენა ან ობიექტის დემონტაჟის განხორციელება.
2010 წლის 23 აგვისტოს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შეადგინა შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით ა. დ-ს და ქ. ო-ს მიერ, მითითებით გათვალიწინებული მოთხოვნები არ შესრულდა.
2010 წლის 6 ოქტომბერს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა გამოსცა დადგენილება ¹000126, რომლითაც ქ. ო- და ა. დ- დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹104-106-ის მოპირდაპირე მხარეს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის უნებართვო მშენებლობისათვის, ასევე მითითებულ პირებს დაევალათ უნებართვოდ განხორციელებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი.
ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 1 თებერვლის განკარგულებით ¹258 ა. დ-სა და ქ. ო-ს წარმომადგენლების ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2010 წლის 6 ოქტომბრის ¹დ409-10 ¹000126 დადგენილება არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქ. ო-ს ნაწილში, ხოლო ა. დ-ს მიმართ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დარჩა ძალაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,ნორამტიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ საჯაროსამართლებრივ ურთიერთობაში, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში განეკუთვნება სადავო სამართალურთიერთობა, კანონის ანალოგიის გამოყენება დასაშვებია, მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები (საგამონაკლისო ნორმები) არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიით. კონკრეტულ შემთხვევაში, სპეციალური კანონი, ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონი არ შეიცავდა დათქმას კანონის ანალოგიით გამოყენების შესაძლებლობაზე, შესაბამისად დაუშვებელია ამ სამართალურთიერთობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის დადგენილი ნორმების ანალოგიით გამოყენება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ზემოაღნიშნული მუხლით საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებში იგულისხმება ის აქტები, რომელთა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განსაზღვრულია უშუალოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული წესითა და სანქციის ფარგლებში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით და განმარტა, რომ მითითებული კანონის მე-3 მუხლის ,,ს” პუნქტით განსაზღვრულია სამშენებლო სამართალდარღვევის დეფინიცია, რომლის თანახმადაც, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით, რაც თავის მხრივ გულისხმობს, რომ ასეთი სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა და მისი დაკისრების წესი განისაზღვრება მხოლოდ ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით. ამასთან ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ტ” პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება გულისხმობს სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების ან/და დამრღვევის მიმართ ამ კანონით გათვალიწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით ჩატარებულ საქმის წარმოებას. ამავე კანონით ამომწურავად არის განსაზღვრული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე წარმოების შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ, მე-13 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: ა) დარღვევები გამოსწორებულია და მითითება შესრულდა; ბ) განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები; გ) პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ; დ) არ არსებობს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი. ამდენად, სპეციალური კანონი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისაგან განსხვავებულ წესს ადგენს კონკრეტული გარემოებების არსებობის პირობებში საქმის წარმოების შეწყვეტისათვის, რომელთა არსებობა მოსარჩელე მხარის მიერ ვერც ადმინისტრაციული წარმოების და ვერც სამართალწარმოების ეტაპზე დადასტურებული ვერ იქნა.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია, მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა და ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით, რაც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირის მიერ განხორციელდა კანონით დადგენილი პროცედურებისა და ვადის დაცვით. კერძოდ, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მითითება შეადგინა 2010 წლის 19 ივლისს, შემოწმების აქტი – 2010 წლის 23 აგვისტოს, ხოლო დადგენილება გამოსცა კანონით განსაზღვრულ 2 თვიან ვადაში - 2010 წლის 6 ოქტომბერს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ა. დ-ა ერთიდაიგივე სამართალდარღვევისათვის დაჯარიმებული იყო ორჯერ, რამდენადაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 29 ივნისის დადგენილება ბათილად იქნა ცნობილი. შესაბამისად ამ დადგენილებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყოლია, ხოლო სამართალდარღვევა ა. დ-ს არ გამოუსწორებია. შესაბამისად ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო მისთვის ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება ა. დ-სათვის სანქციის დაკისრებისა და ობიექტის დემონტაჟის თაობაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით თბილისი საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. დ-მ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინებით ა. დ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისი საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი შეფასებები და მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამასთან აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა შემდეგი: ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მითითებით, კერძოდ, ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას დამრღვევის დაჯარიმების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს გააჩნია კანონისმიერი ვალდებულება, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევებში და აღნიშნული ორგანო სამართალდარღვევის გამოვლენიდან კანონით შეზღუდულია დროში, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან, სამსახურისათვის ცნობილი გახდა სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ, ის ვალდებული იყო, დაეწყო შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება.
სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის ¹57 დადგენილების მესამე მუხლის ¹74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა ეს არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე. ვინაიდან ა. დ-ს არ გააჩნდა სამშენებლო სამუშაოებისათვის შესაბამისი ნებართვა და მის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი მიწერილობით განსაზღვრული მოთხოვნები, ზედამხედველობის სამსახური კანონის შესაბამისად, უფლებამოსილი იყო, დაეჯარიმებინა სამართალდამრღვევი.
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, კერძოდ კი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9, 33-ე, 38-ე და 232-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილები. აღნიშულთან დაკავშირებით პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 პუნქტის თანახმად, სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები (საგამონაკლისო ნორმები) არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სპეციალური კანონი, ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონი არ შეიცავს დათქმას კანონის ანალოგიით გამოყენების შესაძლებლობაზე, შესაბამისად დაუშვებელია ამ სამართალურთიერთობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის დადგენილი ნორმების ანალოგიით გამოყენება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. დ-მ.
კასატორმა საკასაციო საჩივრაში აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლი, 33-ე მუხლი, 38-ე მუხლი და ამავე კოდექსის 232-ე მუხლის პირველი და მეშვიდე ნაწილები. ასევე აღნიშნა, რომ სასამართლომ მართალია გამოიყენა, თუმცა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად არასწორად არ მიიჩნია საქართველოს ზოაგდი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილები.
საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი. კასატორის მითითებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი პირს დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით, ამდენად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღებისას დაცული უნდა იყოს როგორც ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნები, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის იმპერატიული დანაწესი - ,,ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაიდოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან”. განსახილველ შემთხვევაში დადგენილების გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის დანაწესი, კერძოდ, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლენილია 2008 წლის 1 ივნისს, ხოლო დადგენილება სამართალდარღვევის ფაქტზე, ნაცვლად 2 თვიანი ვადისა გამოცემულია 2 წლის შემდეგ, რაც საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარმოადგენდა სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის, ხოლო სასამართლოსათვის საქმეზე მიღებული დადგენილების ბათილად ცნობის ძირეულ და უმთავრეს საფუძველს, მით უმეტეს როცა სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების 4.2.3. პუნქტში თავადვე განმარტავს, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს გააჩნია კანონის მიერი ვალდებულება შესაბამისი რეაგირება მოახდინოს სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, რა დროსაც სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენიდან აღნიშნული ორგანო შეზღუდულია დროში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობისა და მისი გაუქმების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. დ-ს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2010 წლის 19 ივლისის ¹000126 მითითებით ა. დ-ს და ქ. ო-ს დაევალათ 30 დღის ვადაში ...ის ქ. ¹104-106-ის მოპირდაპირე მხარეს საცხოვრებელ სახლზე სამშენებლო დოკუმენტაციის, კერძოდ, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის და სამშენებლო ნებართვის წარდგენა ან ობიექტის დემონტაჟის განხორციელება, 2010 წლის 23 აგვისტოს შემოწმების აქტით დადგენილია, რომ ა. დ-სა და ქ. ო-ს მიერ მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ შესრულდა. აღნიშნულის საფუძველზე კი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2010 წლის 6 ოქტომბერს გამოსცა დადგენილება ¹000126, რომლითაც ქ. ო-ა და ა. დ-ა დაჯარიმდა 10 000 ლარით, ასევე მითითებულ პირებს დაევალათ უნებართვოდ განხორციელებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი.
ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 1 თებერვლის განკარგულებით ¹258 ა. დ-ს და ქ. ო-ს წარმომადგენლების ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2010 წლის 6 ოქტომბრის ¹დ409-10 ¹000126 დადგენილება არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქ. ო-ს ნაწილში, ხოლო ა. დ-ს მიმართ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დარჩა ძალაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მერის 26.12.2006წ. ¹22 ბრძანებით დამტკიცებული “ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის” დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი, იმ ნორმატიულ აქტებს შორის, რომლებითაც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს სამსახური, უთითებს ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსს და ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით. კოდექსის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ხოლო 33-ე მუხლის პირველი ნაწილი მოითხოვს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედოს იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი მუხლები ადგენენ ადმინისტრაციული გადაცდომისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საერთო წესს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის უკანონო მშენებლობის ფაქტს, ანუ უდავოა ის გარემოება, რომ ა. დ-ს მიერ წარმოებული მშენებლობა განხორციელებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, დარღვეულია ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-3 მუხლის ,,ს” პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას ან/და შეუსრულებლობას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით. ამავე კანონის პირველი მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია ტექნიკური ბარიერებისა და რისკების გათვალიწინებით სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები. მოცემულ შემთხვევაში დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ა. დ-ს მიერ ...ის ქ. ¹104-106-ის მოპირდაპირე მხარეს მშენებლობა განხორციელებულია შესაბამისი არქიტექტურული პროექტისა და სამშენებლო ნებართვის გარეშე. აღნიშნულის საფუძველზე კი ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილი იყო გამოეცა ჯერ მითითება, ხოლო მისი შეუსრულებლობის შემდეგ კი დადგენილება დაჯარიმების შესახებ.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებას, რომ უსაფუძვლოა კასატორის მხრიდან მითითება ერთიდაიგივე სამართალდარღვევისათვის ორჯერ დაჯარიმების შესახებ, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 29 ივნისის დადგენილება ბათილად იქნა ცნობილი და შესაბამისად მას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომელიც გამოცემული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, არ ათავისუფლებს პირს დაიცვას კანონის მოთხოვნები, მოცემულ შემთხვევაში კი კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს წარმოებული მშენებლობა. მართალია, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო 2009 წლის 29 ივნისის დადგენილება ა. დ-ს დაჯარიმების შესახებ, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამის საფუძველი გახდა დადგენილების გამოცემა ვადის დარღვევით, ხოლო სამართალდარღვევა - უკანონო მშენებლობის სახით დარჩა სახეზე. შესაბამისად ა. დ-ა ვალდებული იყო დაეცვა კანონის მოთხოვნები და კანონთან შესაბამისობაში მოეყვანა წარმოებული მშენებლობა, რაც მის მიერ არ განხორციელდა. ამ გარემოების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სადავო აქტის გამოცემისას სწორად იხელმძღვანელა ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს, გადაწყვეტილების გამოტანისას არ დაურღვევია პროცესუალური და მატერიალური სამართლის ნორმები, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. დ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.