Facebook Twitter

ბს-1297-1282(კ-11) 08 თებერვალი, 2012წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

27.10.10წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ე. დ-მ მოპასუხე საქართველოს პარლამენტის მიმართ, 09.07.10წ. განცხადებით გამოთხოვილი ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, კერძოდ, რა თანხა და კონკრეტულად რაში დაიხარჯა ბათუმში ივნისის თვეში განხორციელებული მივლინების დროს (დეტალური ხარჯთაღრიცხვა) და რა ოდენობის თანხაა ათვისებული 2010 წლის 01 იანვრიდან 2010 წლის 09 ივლისამდე, ვინ, სად და როდის იმყოფებოდა მივლინებაში და რა თანხა დაიხარჯა თითოეულ მათგანზე.

საქმის მასალებით დგინდება, რომ 09.07.10წ. ე. დ-მ განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს და სზაკ-ის 37-38-ე და მე-40 მუხლებზე მითითებით მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება, კერძოდ, რა თანხა და კონკრეტულად რაში დაიხარჯა ბათუმში, ივნისის თვეში განხოციელებული მივლინების დროს (დეტალური ხარჯთაღრიცხვა); რა თანხა იყო გამოყოფილი 2010 წელს საქართველოს პარლამენტის გასვლითი სამუშაოების – სხდომების, ბიუროს, ფრაქციების სხდომების და ა.შ. ჩასატარებლად; რა თანხა იყო 2010 წლის ბიუჯეტში გამოყოფილი პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების მივლინებისათვის, რა რაოდენობის თანხა იყო ათვისებული 01 იანვრიდან 09 ივლისამდე - ვინ სად და როდის იმყოფებოდა მივლინებაში და რა თანხა დაიხარჯა თითოეულ მათგანზე; რამდენით იყო განსაზღვრული პარლამენტის საპრემიო ფონდი 2010 წლის ბიუჯეტში, ვისზე და რა ოდენობის თანხა გაიცა პრემიის სახით 2010 წლის 01 იანვრიდან 09 ივლისამდე პერიოდში.

საქართველოს პარლამენტის აპარატის 15.07.10 წერილით ე. დ-ს ეცნობა, რომ საქართველოს პარლამენტს 2010 წელს სამივლინებო ხარჯებისათვის დამტკიცებული ჰქონდა 1 200 000 ლარი. აღნიშნული თანხა საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით განაწილებული იყო საპარლამენტი ფრაქციებზე, მათში შემავალი პარლამენტის წევრების რაოდენობის პროპორციულად. სამივლინებო ფონდებს განკარგავენ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეები. ასევე განმცადებელს ეცნობა, რომ “საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით (¹2230-IIს, 04.12.2009) საქართველოს პარლამენტს საპრემიო ფონდი არ გააჩნდა.

21.12.2010წ. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ე. დ-მ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა 09.07.10წ. განცხადებით გამოთხოვილი ინფორმაციის გაცემა, კერძოდ, რა თანხა და კონკრეტულად რაში დაიხარჯა ბათუმში ივნისის თვეში განხორციელებული მივლინების დროს (დეტალური ხარჯთაღრიცხვა), რა თანხა იყო 2010 წლის ბიუჯეტში გამოყოფილი პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების მივლინებისათვის და რა ოდენობის თანხა იყო ათვისებული 2010 წლის 01 იანვრიდან 2010 წლის 09 ივლისამდე, ვინ, სად და როდის იმყოფებოდა მივლინებაში და რა თანხა დაიხარჯა თითოეულ მათგანზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.03.2010წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე ე. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. დ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.2011წ. განჩინებით ე. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.03.2010 (2011)წ. გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. დ-მ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.11წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. დ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი. აღნიშნულის გამო, ე. დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ე. დ-ს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. დ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.11წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ე. დ-ის წარმომადგენელს ს. ს-ს (პირადი ¹...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.