საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-137-136(კ-12) 8 თებერვალი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ო. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ნოემბრის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების მიმართ.
2011 წლის 10 ივნისს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონულმა განყოფილებამ სასარჩელო განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ ო. ლ-ის მიმართ და მოპასუხისათვის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სასარგებლოდ საჯარო საქმიანობის განხორციელების დროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად მიღებული სახელმწიფო პენსიის სახით 1190 ლარის ოდენობით თანხის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ო. ლ-ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სასარგებლოდ 1050 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონულმა განყოფილებამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ლ-მა, რომელმაც განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ო. ლ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ო. ლ-ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სასარგებლოდ 1050 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონულმა განყოფილებამ; ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება ო. ლ-ს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში კანონიერ ძალაში შევიდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული, ო. ლ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ო. ლ-ის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ადმინისტრაციულ ორგანოს წარედგენოს განმეორებით იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ო. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.