Facebook Twitter

ბს-1387-1370(კ-11) 16 თებერვალი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ლ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები _ 1) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური; 2) თ. შ-ე; 3) დ. ყ-ა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივნისის განჩინება

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 3 ნოემბერს ლ. ბ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მესამე პირების _ თ. შ-ისა და დ. ყ-ს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 15 ოქტომბრის ¹263562 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქ. თბილისში, ...ს ქ. ¹..., ბინა ¹9-ში მდებარე მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე თ. შ-ის იპოთეკის უფლების რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2008 წლიდან ქ. თბილისში, ...ს ქ. ¹...-ში მდებარე ბინა ¹9 საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ლ. ბ-ის სახელზე. 2008 წლის 5 ივნისს აღნიშნული უძრავი ქონება ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა დ. ყ-მ და 2009 წლის 28 ივლისს თ. შ-ის სასარგებლოდ დატვირთა იპოთეკით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2010 წლის 15 ივნისის განაჩენით დ. ყ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ.

მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 12 ივლისს მან განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და დ. ყ-ს სახელზე არსებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 20 ივლისის ¹186727 გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ. თბილისში, ...ს ქ. ¹...-ში მდებარე ბინა ¹9-ზე არსებული დ. ყ-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 27 ივლისის ¹882009220739-03 გადაწყვეტილება. ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 3 აგვისტოს ¹882009224067-03 გადაწყვეტილება თ. შ-ის განცხადების საფუძველზე ქ. თბილისში, ...ს ქ. ¹...-ში მდებარე ბინა ¹9-ზე იპოთეკის უფლების რეგისტრაციის შესახებ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა თ. შ-მ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 15 ოქტომბრის ¹263562 გადაწყვეტილებით თ. შ-ის ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 2 სექტემბრის ¹224911 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, ...ს ქ. ¹...-ში მდებარე ბინა ¹9-ზე აღდგა თ. შ-ის იპოთეკის უფლება.

მოსარჩელის მოსაზრებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 15 ოქტომბრის ¹263562 გადაწყვეტილება იყო უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამოც არსებობდა მისი ბათილად ცნობისა და ქ. თბილისში, ...ს ქ. ¹..., ბინა ¹9-ში მდებარე მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე თ. შ-ის იპოთეკის უფლების რეგისტრაციის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 იანვრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპეროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-მ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივნისის განჩინებით ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-მ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2012 წლის 26 იანვარს 13:00 საათზე.

2012 წლის 16 თებერვალს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა შეიცვალა, კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 დეკემბრის ¹882011576670-03 გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ. თბილისში, ...ს ქ. ¹...-ში მდებარე ბინა ¹9-ზე არსებული თ. შ-ის იპოთეკის უფლება. ამასთან, ზემოაღნიშნული უძრავი ქონება ამჟამად საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო არა ლ. ბ-ის, არამედ ნ. კ-ს სახელზე.

განმცხადებლის მოსაზრებით, კასატორს სადავო აქტის ბათილად ცნობის მიმართ კანონიერი ინტერესი აღარ გააჩნდა. განმცხადებელმა განცხადებას დაურთო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 დეკემბრის ¹882011576670-03 და 2011 წლის 7 დეკემბრის ¹882011592095-03 გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრის ამონაწერები.

2012 წლის 16 თებერვლის სასამართლო სხდომაზე კასატორის _ ლ. ბ-ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე აღარ არსებობდა დავის საგანი და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 თებერვლის საოქმო განჩინებით ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხის განხილვა გადაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგნის არ არსებობის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა1” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის მითითებული საფუძველი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც აღარ არსებობს საგანი (სარჩელის ობიექტი), რომლის შესახებაც მიმდინარეობდა დავა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 15 ოქტომბრის ¹263562 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქ. თბილისში, ...ს ქ. ¹..., ბინა ¹9-ში მდებარე ლ. ბ-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე თ. შ-ის იპოთეკის უფლების რეგისტრაციის გაუქმება წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწინააღმდეგე მხარის (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის) მიერ წარმოდგენილ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 დეკემბრის ¹882011576670-03 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, გაუქმდა ქ. თბილისში, ...ს ქ. ¹...-ში მდებარე ბინა ¹9-ზე არსებული თ. შ-ის იპოთეკის უფლება. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ლ. ბ-სა და ნ. კ-ს შორის 2011 წლის 6 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ს ქ. ¹...-ში მდებარე ბინა ¹9 ამჟამად საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია არა ლ. ბ-ის, არამედ ნ. კ-ს სახელზე.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2012 წლის 16 თებერვლის სასამართლო სხდომაზე კასატორის _ ლ. ბ-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანი აღარ არსებობდა და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში აღარ არსებობს სარჩელის საფუძველი (ქ. თბილისში, ...ს ქ. ¹...-ში მდებარე ბინა ¹9-ზე თ. შ-ის იპოთეკის უფლების რეგისტრაცია), რაც დავის საგნის არ არსებობის გამო მოცემული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მხარეებს განუმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე მ. გ-ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ. გ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ნახევარი _ 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 272-ე მუხლის “ა1” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არ არსებობის გამო;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივნისის განჩინება;

3. მ. გ-ს დაუბრუნდეს მის მიერ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ნახევარი _ 150 ლარი;

4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.