Facebook Twitter

ბს-1553-1532(კ-11) 15 თებერვალი, 2012წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. და ვ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

28.01.2011წ. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართეს თ. და ვ. ჭ-მა მოპასუხე მცხეთის მუნიციპალიტეტში საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, თ. და ვ. ჭ-ის მფლობელობაში არსებული დასაკანონებელი მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეოდ განსაზღვრის ნაწილში მცხეთის მუნიციპალიტეტში საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 17.09.2010წ. გადაწყვეტილების (ოქმი ¹13) და ამავე კომისიის 30.12.2010წ. ¹994 წერილობითი შეტყობინების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

24.03.2011წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე თ. და ვ. ჭ-მა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს მცხეთის მუნიციპალიტეტში საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 30.12.2010წ. ¹994 წერილობითი შეტყობინების ბათილად ცნობა და კომისიისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე განისაზღვრება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისათვის დადგენილი საფასური.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.2011წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეების თ. და ვ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს თ. და ვ. ჭ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.07.2011წ. განჩინებით თ. და ვ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.04.2011წ. გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს თ. და ვ. ჭ-მა და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.07.2011წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. და ვ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, თ. და ვ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. ჭ-ს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. და ვ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.07.2011წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. თ. ჭ-ს (პირადი ¹...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.