Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1573-1552(კ-11) 06 თებერვალი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა კ. ქ-ს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.11წ. განჩინებით კ. ქ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 04.03.11წ. გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ქ-მ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.07.11წ. განჩინების ბათილად ცნობა და მისი სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.11.11წ. განჩინებით კასატორს კ. ქ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორმა შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სსსკ-ის 47.1 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება ან ამავე კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, გონივრული ვადით, არაუმცირეს 6 თვით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იმ მოტივით, რომ არის დევნილის სტატუსის მქონე, სოხუმიდან იძულებით გადაადგილებული პირი, არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, მის საბანკო ანგარიშებს ადევს ყადაღა, რომლებზეც ერიცხებოდა ჰონორარი და დევნილის დახმარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა და არ შეუძლია ფინანსური ხარჯების გაწევა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 21.12.11წ. განჩინებით კასატორის _ კ. ქ-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა; კასატორს გაუგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 03.11.11წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 7 დღით; კასატორს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვება და დარჩება განუხილველი. აღნიშნული განჩინების კასატორისათვის ჩაბარება ვერ იქნა უზრუნველყოფილი ფოსტის მეშვეობით, პირის მისამართზე არ ყოფნის გამო. 05.01.2012წ. კასატორს სსსკ-ის 368.6 მუხლის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა საკასაციო სასამართლოს 21.12.11წ. განჩინება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის 6-ე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს აცნობოს ტელეფონით, თუ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.

კ. ქ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 21.12.11წ. განჩინება ეცნობა 05.01.12წ. სატელეფონო შეტყობინების საშუალებით. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 7-დღიანი ვადა ამოიწურა 12.01.2011წ., მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კასატორს არ მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის და ხარვეზი არ შეუვსია, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კ. ქ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. ქ-ს საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.