978აპ ქ. თბილისი
12 დეკემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი
სხდომის მდივან _ გ. ბუხრაშვილის,
პროკურორ _ ლ. ყ-ის,
ადვოკატ _ ა. ჯ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ე. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ე. ლ-ნი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ორზე მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2004 წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 16 საათზე, ე. ლ-ნი თავისი „უაზის» მარკის ავტომანქანით წავიდა ---ის ტბაზე ყინულის ქვეშ თევზის დასაჭერად. იქვე თევზს იჭერდნენ მისი თანასოფლელები, ძმები _ ე., ო. და ვ. გ-ები, ბ. ტ-ნი და სხვები. დაახლოებით 23 საათზე ე. ლ-მა აკრიფა თევზსაჭერი მოწყობილობა, დაჭერილი თევზი და დააპირა ავტომანქანით სახლში დაბრუნება. ამ დროს მასთან მივიდა ე. გ-ვი და სთხოვა, რომ ის და მისი ძმები წაეყვანა სახლში, რაზეც ე. ლ-ნი დასთანხმდა. იგი მიუჯდა საჭეს, მის გვერდით, სავარძელზე მოთავსდა ო. გ-ვი, ხოლო უკანა სავარძელზე დასხდნენ ე. და ვ. გ-ები, აგრეთვე _ ბ. ტ-ნი და წავიდნენ სახლში, სოფელ ---ს მიმართულებით.
ე. ლ-ნი შემოვლითი გზის ნაცვლად წავიდა ყინულზე, მოკლე გზით. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ავტომანქანა ჩავარდა ორმოში და მძღოლმა სთხოვა მანქანაში მსხდომ მგზავრებს, რომ გადასულიყვნენ და მისწოლოდნენ მანქანას, რაზეც ო. გ-მა უთხრა, რომ გადასვლა საჭირო არ იყო, აუცილებელი იყო ავტომანქანისათვის ბიძგების მიცემა და იგი ორმოდან ამოვიდოდა. ე. ლ-მა თავის მხარეს გააღო კარი და გადაიხედა, რათა დაენახა, თუ რა მდგომარეობაში იყო მანქანა. ამ დროს ყინული ჩატყდა და ავტომანქანამ სწრაფად იწყო წყალში ჩაძირვა. რადგან ე. ლ-ის მხარეს კარი ღია იყო, მან მოახერხა ყინულზე მოჭიდებით წყლიდან ამოსვლა და თავის გადარჩენა, ხოლო ძმები გ-ები და ბ. ტ-ნი ავტომანქანასთან ერთად ტბაში ჩაიძირნენ და დაიხრჩვნენ.
აღნიშნული ქმედებისათვის ე. ლ-ნს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა მისი ეჭვმიტანილის სახით დაკავების დრო _ 2005 წლის 24 თებერვლიდან 2005 წლის 26 თებერვლამდე და პატიმრობაში აყვანილ იქნა სხდომის დარბაზიდან; გაუქმდა ე. ლ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული გირაო და საქართველოს გენერალური პროკურატურის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი გირაოს თანხა _ 3 ათასი ლარი დაუბრუნდა გირაოს შემტანს.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ჯ-მა, აგრეთვე _ დაზარალებულის უფლებამონაცვლე გ. გ-მა და მისმა ადვოკატმა თ. გ-ემ.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ჯ-მა სააპელაციო საჩივრით ითხოვა რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმება და ე. ლ-ის გამართლება, ხოლო დაზარალებულის უფლებამონაცვლემ და მისმა ადვოკატმა თ. გ-ემ _ ე. ლ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით დაკვალიფიცირება და სასჯელის დამძიმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის განაჩენით სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ამასთან, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 29 სექტემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: ე. ლ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 29 სექტემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ჯ-ლი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
2004 წლის 8 დეკემბერს ე. ლ-ის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით; ახალქალაქის რაიონული სასამართლო გასცდა ბრალდების ფარგლებს, რითიც დაარღვია სსსკ-ის 450-ე მუხლის მოთხოვნები, დადგენილად ცნო, რომ ---ის ტბაზე არსებობდა 5 სანტიმეტრის სიგანის, 2-3-მეტრიანი ნაპრალი (რაზეც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმშიც არაფერია ნათქვამი), შემდეგ კი, გამოძიების მიერ შედგენილი ძირითადი დოკუმენტების საწინააღმდეგოდ, პირდაპირ ჩაწერა, რომ შემთხვევისას საჭესთან იჯდა ე. ლ-ნი; გამოძიების მასალების მიხედვით, ე. ლ-ნი საერთოდ არ მჯდარა მანქანაში; ამდენად, გამოძიებამ არ გაიზიარა მსჯავრდებულის გულახდილი ჩვენებები და მიუთითა, რომ საჭესთან ე. ტ-ნი იჯდა; აღნიშნული მოტივით საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შუამდგომლობა არ გაიზიარეს პროკურორმა და მოსამართლემ და ჩათვალეს, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შეცდომას; გაუგებარია გამოძიების ვერსია, რომელი შემოვლითი და მოკლე გზა აქვთ მხედველობაში გაყინული ---ის ტბაზე; ახალქალაქის სასამართლომ მანქანის წყალში ჩაძირვის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა ის, რომ, თურმე, მგზავრების ჩასხდომამ, თევზსაჭერი მოწყობილობებისა და დაჭერილი თევზის სიმძიმემ გამოიწვია მანქანის დამძიმება და ყინულის ჩატეხვა; განაჩენში ასევე გაკეთებულია დასკვნა, რომ ე. ლ-ნს უნდა გაეთვალისწინებინა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობა, მაგრამ ის უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ასეთი შედეგი არ დადგებოდა, რადგან გაყინულ ტბაზე მანქანების მოძრაობას სისტემატური ხასიათი ჰქონდაო; აქაც გასცდა სასამართლო ბრალდების ფარგლებს, როდესაც ე. ლ-ნს განუსაზღვრა გაუფრთხილებლობის ერთ-ერთი, უფრო მძიმე ფორმა _ თვითიმედოვნება, გამოძიებას კი არც ერთ ფორმაზე არ უმსჯელია, რითიც დაირღვა საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის მოთხოვნა.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ დაცვით სიტყვაში მან დააყენა დამატებითი მოწმის _ ვ. გ-ის პასუხისმგებლობის საკითხი ცრუ ჩვენების მიცემის გამო; მან შემთხვევიდან 2 წლის შემდეგ სასამართლოს მისცა სენსაციური ჩვენება, რომ შემთხვევის დღეს ის ჩავიდა ---ის ტბაზე და მანქანის სავალ ნაწილზე შენიშნა 2 მეტრი სიგანის ნაპრალი, რის შესახებაც უთხრა თავის ბიძაშვილებს _ ძმებ გ-ებს; თუ ეს იცოდნენ აწ გარდაცვლილებმა, მაშინ რატომ ჩაუსხდნენ მანქანაში ღამის 11 საათზე ე. ლ-ნს და რატომ არ უთხრეს მას ამის თაობაზე; დადგენილია, რომ მანქანით ხმელეთზე 40-50 კმ\სთ-ის სიჩქარით მოძრაობისას სრული გაჩერებისათვის საჭიროა, სულ ცოტა, 10-15 მეტრი და ასეთ შემთხვევაში მძიმე შედეგის დადგომისასაც კი მძღოლი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, რადგან დამდგარი შედეგის აცილება შეუძლებლად არის მიჩნეული.
ადვოკატის განმარტებით, ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ, საბრალდებო დასკვნის საპირისპიროდ, განაჩენით ე. ლ-ის ბრალდების დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნია ის, რომ მანქანის უკანა საბურავების ორმოში ჩავარდნის შემდეგ მან დაიწყო ბიძგების მიცემა, რაც, თურმე, გახდა ავტომანქანის ჩაძირვის მიზეზი; ე. ლ-ნს ედავებიან იმაში, რომ მან არ აღიარა დანაშაული, მაშინ, როდესაც მთელი განაჩენი ემყარება მხოლოდ მის ჩვენებებს და სხვა რაიმე რეალური და უტყუარი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
ადვოკატი ა. ჯ-ლი ასევე მიუთითებს, რომ საქმე აღიძრა სსკ-ის 276-ე მუხლით; მას შემდეგ, რაც დაინიშნა ავტოტექნიკური ექსპერტიზები და საექსპერტო ბიუროებიდან მიღებული უარყოფითი პასუხების შემდეგ საქმე უნდა შეწყვეტილიყო, გამოძიებამ ხელოვნურად, ისე, რომ საქმე კი არ შეწყვიტა, არამედ პოლიციამ თავისი დადგენილებით საქმე გადაუგზავნა პროკურატურას და მიუთითა, რომ ე. ლ-ის ქმედება მოიცავდა საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს; საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზამთრის პერიოდში ---ის ტბის გარშემო სოფლების მცხოვრებთა გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა გაყინული ---ის ტბა; ამასთან, ათეული წლების განმავლობაში არავითარი ამკრძალავი ნიშანი ან ხელისუფლების მხრიდან ზამთარში გაყინულ ტბაზე მოძრაობის აკრძალვის რაიმე განკარგულება არ ყოფილა; ამიტომ განაჩენთა დადგენისას ვერც ერთმა სასამართლომ ვერ მიუთითა, თუ კონკრეტულად წინდახედულობის რა ნორმები ან თუნდაც რომელიმე ერთი ნორმა დაარღვია ე. ლ-მა; ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ განაჩენის დადგენისას დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 602-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნა და რაიონული სასამართლოს განაჩენი 2006 წლის 29 სექტემბრიდან 2007 წლის 13 აპრილამდე კანონიერ ძალაში არ შესულა და არც აღსასრულებლად მიქცეულა; ამასთან, სასამართლომ არ მიუთითა, თუ რომელი რედაქციის კანონი გამოიყენა; სააპელაციო სასამართლომ კი შეიტანა რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილებები, მაგრამ კონკრეტულად რა _ ამაზე არაფერია ნათქვამი; ძველი რედაქციის სსკ-ის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებდა 1-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას; ახალი რედაქციით მუხლის სანქციის მინიმუმი გაიზარდა, ამიტომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა კანონის ძველი რედაქცია.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ადვოკატი ა. ჯ-ლი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის განაჩენის გაუქმებას და ე. ლ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ა. ჯ-მა მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს და მოითხოვა ე. ლ-ის მიმართ საქმის შეწყვეტა იმ მოტივით, რომ ვერც ერთი ინსტანციის სასამართლომ ვერ მიუთითა, თუ კონკრეტულად წინდახედულობის რა ნორმები ან თუნდაც რომელი ერთი ნორმა დაარღვია ე. ლ-მა; დადგენილია, რომ მანქანით ხმელეთზე 40-50 კმ\სთ-ის სიჩქარით მოძრაობისას სრული გაჩერებისათვის საჭიროა, სულ ცოტა, 10-15 მეტრი და ასეთ შემთხვევაში მძიმე შედეგის დადგომისასაც კი მძღოლი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, რადგან დამდგარი შედეგის აცილება შეუძლებლად არის მიჩნეული; გასაჩივრებული განაჩენი ემყარება მხოლოდ მსჯავრდებულის ჩვენებებს და სხვა რაიმე რეალური და უტყუარი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება; საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზამთრის პერიოდში ---ის ტბის გარშემო სოფლების მცხოვრებთა გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა გაყინული ---ის ტბა და ათეული წლების განმავლობაში არავითარი ამკრძალავი ნიშანი ან ხელისუფლების მხრიდან ზამთარში გაყინულ ტბაზე მოძრაობის აკრძალვის რაიმე განკარგულება არ ყოფილა.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ლ. ყ-მა იშუამდგომლა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ იმ მოტივით, რომ მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარე გაყინული ტბის ზედაპირზე არსებობდა ნაპრალები და ეს ცნობილი იყო სოფლის მოსახლეობისათვის მთელი სოფლისათვის. თავად ე. ლ-იც მის მიერ მიცემულ ჩვენებაში უთითებს, რომ მან იცოდა და შეამჩნია ეს ნაპრალები. ამის მიუხედავად, იგი მოძრაობდა ამ გზაზე საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად და ამავე დროს სხვა პირებიც დაიმგზავრა, რითიც კიდევ უფრო გაიზარდა რისკი. სწორედ ეს გარემოება წარმოადგენს დაუდევრობას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრება, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ე. ლ-მა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა დაუდევრობით, კერძოდ, მას გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა მისი გათვალისწინება ევალებოდა და შეეძლო კიდეც.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გაყინულ ---ის ტბაზე ადრეც იყო ყინულის ჩატეხვისა და სატრანსპორტო საშუალების ჩავარდნის შემთხვევები, ამას თვით ე. ლ-იც არ უარყოფს. კერძოდ, მან პირველი ინსტანციის სასამართლოში განაცხადა, რომ ბევრი ასეთი შემთხვევა ყოფილა, თუმცა არავინ დაღუპულა, არ უფიქირია, რომ მასაც შეიძლებოდა ჩატეხვოდა ყინული, იმედი ჰქონდა, რომ ეს არ მოხდებოდა. იგი უკან დაბრუნებისას ყინულზე მოძრაობდა 40-50 კმ/სთ-ში სიჩქარით, როცა ყინულზე ნაპრალი შენიშნა, გზას ვერ აუქცევდა, ამიტომ გადავიდა მასზე, ვინაიდან შეიძლებოდა გაეძლო და არ ჩატეხილიყო. მანქანა ნაპრალში რომ არ ჩავარდნილიყო, ყინული გაუძლებდა (ს.ფ. 265-266).
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ შემთხვევის დღეს გაყინულ ტბაზე იყო ნაპრალები. სწორია სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია იმის შესახებ, რომ გაყინულ ტბაში არაერთი სატრანსპორტო საშუალების ჩავარდნა ცნობილი იყო ე. ლ-სათვის. შემთხვევის დღეს ყინულზე ნაპრალის არსებობა და ასეთ ვითარებაში ხუთი მგზავრითა და მათ მიერ დაჭერილი თევზით დატვირთული ავტომანქანით გაყინულ ტბაზე გადაადგილება ადასტურებს იმას, რომ ე. ლ-ნი, მართალია, არ ითვალისწინებდა მართლსაწინაღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა.
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან ადრე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის სასჯელად განსაზღვრული იყო 1-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ახალი სისხლის სამართლის კანონით ამ ქმედებისათვის შემსუბუქდა სასჯელი, კერძოდ, მისი ზედა ზღვარი. ამასთან, შეიცვალა დანაშაულის კატეგორია. ამდენად, სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ახალ სისხლის სამართლის კანონს აქვს უკუძალა და ე. ლ-ის ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ ე. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის განაჩენი ე. ლ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.