Facebook Twitter

¹979აპ ქ. თბილისი

28 დეკემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე),

ზ. მეიშვილი, ი. ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 აგვისტოს განაჩენით გ. ხ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», «ბ» და «ე» ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქცია) და სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე განაჩენით დ. ბ-რი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქცია) და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2006 წლის 20 თებერვალს, გ. ხ-ვი და დ. ბ-რი დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ გამოძიებით დაუდგენელ პირს და სამივემ ერთად განიზრახეს ყაჩაღურ გზით დაუფლებოდნენ მოძრავ ნივთს ან ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაახლოებით 3 საათზე, იმყოფებოდნენ რა ქ. თბილისში, ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გააჩერეს მოქალაქე ო. გ-ია. გამოძიებით დაუდგენელმა პირმა ო. გ-ას მუცლის არეში მიადო დანა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით მოსთხოვა ფული. ო. გ-ამ უთხრა, რომ თანხა არ ჰქონდა, რის შემდეგ ბოროტმოქმედებმა ძალის გამოყენებით გახადეს ტყავის ქურთუკი და დაუწყეს ცემა სახის არეში, რის გამოც ო. გ-ას ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. მას შეეშინდა, რომ მოკლავდნენ და გაქცევით უშველა თავს. გზად მეტროპოლიტენის სადგურ «---ის» ცენტრალური შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნა საპატრულო პოლიციის მოძრავი ეკიპაჟი, რომლებსაც შეატყობინა მომხდარის შესახებ. პოლიციელებმა დაზარალებულ ო. გ-ას მითითებით, იმავე დღეს 3 საათზე, ---სა და ---ის ქუჩების გადაკვეთაზე დააკავეს გ. ხ-ვი და დ. ბ-რი, რომლებიც ყაჩაღურად თავს დაესხნენ ო. გ-ას და დაეუფლნენ მის კუთვნილ 80 ლარად ღირებულ ქურთუკსა და 13 ლარს, ხოლო მესამე ბოროტმოქმედმა კი შეძლო მიმალვა. დაკავებისას გ. ხ-ვს აღმოაჩნდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ქურთუკი და ფულადი თანხა.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა გ. ხ-მა და დ. ბ-მა. გ. ხ-მა საჩივრით მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება, ხოლო დ. ბ-მა - გამართლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით ცვლილება იქნა შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში, კერძოდ: გ. ხ-ვს მოეხსნა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ე» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება. გ. ხ-ის და დ. ბ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია), გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა მსჯავრდებულ გ. ხ-ის მიერ. გ. ხ-ვი საჩივრით მოითხოვს მის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 178-ე მუხლით დაკვალიფიცირებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ დაზარალებულის, მოწმეთა ჩვენებებით, ჩხრეკის ოქმით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, გ. ხ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

ამასთან, საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულ გ. ხ-ის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ასევე დამამძიმებელი გარემოებები და სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესა და პიროვნებას და რაც არ არის მეტისმეტი სიმკაცრის გამო აშკარად უსამართლო.

ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში დაშვებულია ტექნიკური უზუსტობა, რის გამოც ცვლილება უნდა იქნას შეტანილი განაჩენში, კერძოდ, გ. ხ-ის მიერ ჩადენილი ქმედება ნაცვლად სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტისა (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტზე, ვინაიდან მან ყაჩაღობა ჩაიდინა ჯგუფურად და არა სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევით.

პალატამ სსსკ-ის 567-ე მუხლის თანახმად საქმე სრული მოცულობით შეამოწმა მსჯავრდებულ დ. ბ-ის მიმართაც და მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი, კერძოდ დ. ბ-ის მიერ ჩადენილი ქმედება ნაცვლად სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტისა (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ხ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

მსჯავრდებულ გ. ხ-ის და დ. ბ-ის დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტზე.

სხვა ნაწილში განაჩენი, მათ შორის მსჯავრდებულთათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.