Facebook Twitter

ბს-1661-1633 (კ-11) 1 თებერვალი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს “...ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 21 ნოემბერს სს “...მ” სასარჩელო განცხადებით მიმართა ბორჯომის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის – ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომიისიის 2008 წლის 8 მაისის ოქმის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

2009 წლის 18 მარტის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებისა და საკუთრების მოწმობის გაცემის მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 8 მაისის ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს “...ის’’ 2008 წლის 23 აპრილის ¹130 განცხადება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. ასევე მოპასუხეს _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს დავალებოდა სს “...ის’’ 2008 წლის 23 აპრილის ¹130 განცხადების არსებითად განხილვის შემდეგ გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბსში, დავით აღმაშენებლის ქ. ¹58-ში მდებარე და სს ‘’...ის’’ სახელზე რიცხული ნაგებობით დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ა. გ-ე.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახური საქმეში ჩაბმულ იქნა მოპასუხედ.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით სს “...ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “...მ”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-მ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.

2010 წლის 10 მარტს სს “...მ” წარმოადგინა შეგებებული საკასაციო საჩივარი, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 მარტის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 აპრილის განჩინებით ა. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით სს “...ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “...მ”.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს “...ის” საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, სს “...ის” საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ სს “...ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სს “...ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სს “...ის” საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%”. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს “...ს” უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% (210 ლარი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “...ს” უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. სს “...ს” დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი. ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.