ბს-1713-1682(კ-11) 22 თებერვალი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2011წ. განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ზ. გ-ის სარჩელის გამო, მოპასუხის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, დავალიანების ანაზღაურების თაობაზე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
14.07.2010წ. ზ. გ-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მიუღებელი ხელფასის, კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და ერთჯერადი მატერიალური დახმარების ანაზღაურება სულ 3378 ლარის ოდენობით, მათ შორის: 1999 წლის ხელფასის, კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების, სულ 622,98 ლარის, 2000 წლის ხელფასის, კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების – 472,34 ლარის, 2001 წლის ხელფასისა და კვების კომპენსაციის – 167,13 ლარის, ასევე სანივთე ქონების დავალიანების _ 867,34 ლარის, 2005 წლის ხელფასის _ 290,91 ლარის, კვების კომპენსაციის _ 103,84 ლარის, გასასვლელი დახმარების _ 855,25 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.09.2010წ. გადაწყვეტილებით ზ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1999 წლის ხელზე მისაღები ხელფასის – 184,80 ლარისა და 2000 წლის ხელზე მისაღები ხელფასის – 123,20 ლარის ანაზღაურება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნების _ პრემიის, კომპენსაციისა და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. გ-მ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.2010წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ. გ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.09.2010წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ზ. გ-მ.
საკასაციო სასამართლოს 05.04.2011წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. 24.05.2011წ. განჩინებით ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.2010წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2011წ. გადაწყვეტილებით ზ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.09.2010წ. გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი პრემიის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1999-2000 წლების ჯილდოს 243.12 ლარის ანაზღაურება; საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა კომპენსაციისა და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზ. გ-ის სასარგებლოდ 2001 წლის ხელფასის – 65,06 ლარისა და 1999-2000 წლების ერთჯერადი მატერიალური დახმარების – 61,92 ლარის ანაზღაურება; სარჩელი 2002, 2003, 2004 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის _ 867,34 ლარის, 2005 წლის ხელფასის – 290,90 ლარისა და კვების კომპენსაციის – 103,84 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ზ. გ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.10.2011წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.