Facebook Twitter

ბს-1726-1695(კ-11) 9 თებერვალი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 26 იანვარს ს. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 16 ივლისის ¹104 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და კომისიისათვის ბორჯომის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 2104 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების მოწმობის გაცემის დავალდებულება მოითხოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის განჩინებით მოცემული საქმის წარმოება შეწყდა სარჩელის დაუშვებლობის გამო.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ს. თ-მა. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დასაშვებად ცნობა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინებით ს. თ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის განჩინება და საქმე სარჩელის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ს. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ს. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. თ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ს. თ-ს საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 13 იანვარს სს ბანკ “...”-ში (საგადახდო დავალება ¹4787518) გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 375 ლარის ოდენობით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. ვინაიდან მოცემულ საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 300 ლარს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ს. თ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი და ზედმეტად გადახდილი 75 ლარი, სულ _ 285 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 სექტემბრის განჩინება;

3. ს. თ-ს დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 13 იანვარს სს ბანკ “...”-ში (საგადახდო დავალება ¹4787518) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი და ზედმეტად გადახდილი 75 ლარი, სულ _ 285 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.