Facebook Twitter

ბს-32-32 (კ-12) 21 თებერვალი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მოწინააღმდეგე მხარის _ ნ. ც-ის გარდაცვალების გამო მოცემული საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 05 აგვისტოს გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოპასუხის ნ. ც-ის მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაკისრებოდა: ჯარიმის სახით – 31495,07 ლარის, პირგასამტეხლოს სახით – 9448,52 ლარის, ზიანის სახით – 4073,25 ლარის, სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის-593 ლარისა და 2.5 აშშ დოლარის ანაზღაურება.

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ნ. ც-ს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა ჯარიმის სახით 31495, 07 ლარი და სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხა 593 ლარი და 2,5 აშშ დოლარი, სულ 32 088 ლარი 07 თეთრი და 2,5 აშშ დოლარი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელით მოთხოვნილი ზიანის 4 0732,25 ლარის, აგრეთვე პირგასამტეხლოს-9448,52 ლარის ნ. ც-ისათვის დაკისრებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკამყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

2012 წლის 20 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა ნ. ც-ის გარდაცვალების აქტის ჩანაწერი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მოწინააღმდეგე მხარეს _ ნ. ც-ე, ხოლო დავის საგანს _ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ წარმოდგენილ ნ. ც-ის გარდაცვალების აქტის ჩანაწერზე, რომლის თანახმად ნ. ც-ე 2010 წლის 18 მარტს გარდაიცვალა, ხოლო გარდაცვალების აქტი დარეგისტრირდა სამედიცინო შეტყობინების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის შინაარსიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება და გაუქმდეს აღნიშნულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება, მოპასუხე _ ნ. ც-ის გარდაცვალების გამო;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.