საქმე ¹ბს-813-807(კ-11) 01 თებერვალი, 2012 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი
კასატორი (მოპასუხე) – ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, წარმომადგენელი _ ს. ხ-ა (20.01.11წ., ¹06/143805-7 მინდობილობა)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ. ბ-ე, წარმომადგენელი _ პ. კ-ე (23.12.10წ., ¹101284178 მინდობილობა)
მესამე პირი _ შპს “ჯ...”, წარმომადგენელი გ. ქ-ე (26.10.11 წ. რწმუნებულება)
დავის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.11წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
21.04.08 წ. მ. ბ-ემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და სოფელ ... 1564 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. კომისიის 24.04.08 წ. გადაწყვეტილებით ხსენებულ მიწის ნაკვეთს მიენიჭა მართლზომიერი მფლობელის კატეგორია და აღიარებულ იქნა მ. ბ-ის საკუთრების უფლება. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 1997 წლიდან განთავსებული იყო შპს ,,ვ...” კუთვნილი ავტოგასამართი სადგური. შპს ,,ე...” (შემდგომში ,,ჯ...”) 06.05.97წ. შპს ,,ვ...” შეიძინა აღნიშნული ავტოგასამართი სადგური. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დაინტერესებული პირის სახით ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართული არ ყოფილა შპს ,,ე...”. 06.05.08წ. მ. ბ-ეზე გაიცა საკუთრების მოწმობა ¹491, რომლის თანახმად მ. ბ-ეს საკუთრებაში გადაეცა 1564 კვ.მ. ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 20.05.08წ. აღნიშნული მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობითურთ, მათ შორის, შპს ,,ე...” საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგური, რეგისტრირებულ იქნა მ. ბ-ის საკუთრებად საჯარო რეესტრში. 02.06.08წ. შპს ,,ე...” განცხადებით მიმართა მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა 20.05.08წ. რეგისტრაციის ბათილად ცნობა, რაზედაც ამ უკანასკნელს განმცხადებლისათვის წერილობითი პასუხი არ გაუცია. 30.10.08წ. შპს ,,ე...” ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 20.05.08წ. რეგისტრაციის ბათილად ცნობა მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.12.08წ. ¹01/11-7051/4095/6 გადაწყვეტილებით შპს ,,ე...” ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველად დარჩა იმ მოტივით, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. შპს ,,ე...” სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.12.09წ. გადაწყვეტილებით შპს ,,ე...” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 24.04.08წ. ¹19 ოქმის ¹49 საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გაცემული ¹491 საკურების მოწმობა და კომისიას დაევალა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. ბ-ის 21.04.08წ. ¹12/28121-5 განცხადებასთან დაკავშირებით. 11.12.09 წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ასევე საჯარო რეესტრში მ. ბ-ის სახელზე არსებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.12.08 წ. ¹01/11-7051/4095/6 გადაწყვეტილება.
მ. ბ-ის 21.04.08წ. განცხადების ხელახალი განხილვის შედეგად კომისიამ 07.10.10წ. გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ მ. ბ-ის განცხადების განხილვა სცილდება კომისიის კომპეტენციის ფარგლებს, ვინაიდან მიწის ნაკვეთი განეკუთვნება მართლზომიერი მფლობელობის კატეგორიას. მ. ბ-ემ 13.12.10წ. განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სააგენტოს 17.12.10წ. გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს დაევალა დამატებით წარედგინა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მ. ბ-ემ 16.12.10წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 07.10.10წ. გადაწყვეტილების (ოქმი ¹224) ბათილად ცნობა და აღნიშნული კომისიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.12.10წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 07.10.10წ. გადაწყვეტილება (სხდომის ოქმი ¹224) და აღნიშნულ კომისიას დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.11წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.12.10წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართელოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 15.09.07წ. ¹525 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით” განისაზღვრა მართლზომიერ მფლობელობაში, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა. პალატამ მიუთითა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის 41.1 მუხლზე, რომლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული ორგანო, საკუთრების უფლების აღიარების კომისია, მ. ბ-ის განცხადების განხილვისას დაადგენდა, რომ განმცხადებელი წარმოადგენდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელს, მაშინ, კომისიას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე ეკისრებოდა ვალდებულება განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაეგზავნა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.09.11 წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად. საკასაციო სასამართლოს 02.11.11 წ. განჩინებით, სასკ-ის 341.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს “ე...” უფლებამონაცვლე “ჯ...”.
საკასაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული და სსსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე საფუძველზე უნდა გაუქმდეს, რადგანაც სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ კომისიამ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, ემყარება მიღება-ჩაბარების აქტის იურიდიული ძალის შეუფასებლობას მაშინ, როდესაც საქმის მასალებში მოიპოვება მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის განყოფილების მიერ 02.04.97 წ. ცნობა, რომლის თანახმად მ. ბ-ეს საკუთრების უფლებით გამოეყო 0,15 ჰ. მიწის ფართობი. აღნიშნულის საფუძველზე კომისიამ მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთი განეკუთვნებოდა მართლზომიერი მფლობელობის კატეგორიას. “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონის 41.1 მუხლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ მ. ბ-ემ 13.12.10 წ. განცხადებით მიმართა სააგენტოს საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით, სააგენტოს 17.12.10 წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, განმცხადებელს დაევალა დამატებით წარედგინა უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. წარმოების შეჩერება არ ნიშნავს საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმას, საჯარო რეეესტრი შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ მიიჩნევს, რომ განმცხადებელი არ წარმოადგენს ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელს. ამდენად, კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას ამ მიმართულებით. კასატორი აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ და გამოკვლეულ იქნა საქმისათვის არსებით მნიშვნელობის მქონე ფაქტები და გარემოებები. კასატორი სსსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტზე მითითებით თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული და ითხოვს მისი გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რითაც უარი ეთქმება მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონის 4.1 მუხლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს სზაკ-ის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის 15.09.07 წ. ¹525 ბრძანებულებით განსაზღვრული წესით. კომისიას, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის განხილვისას, გარდა კანონისა და ბრძანებულებით დადგენილი ნორმების დაცვისა, გააჩნდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი ნორმების მოთხოვნათა დაცვის ვალდებულება, რომელთა დაცვა წარმოადგენდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების სავალდებულო პირობას. სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. კომისიის 07.10.10 წ. ¹224 ოქმით 79-ე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ნაკვეთისათვის მართლზომიერი მფლობელობის კატეგორიის მინიჭება გამორიცხავდა კომისიის მიერ საკითხის განხილვას. კომისიის 07.10.10 წ. გადაწყვეტილება შეიცავს მხოლოდ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთრების აღიარებისას მიწის ნაკვეთს მიენიჭა მართლზომიერი მფლობელობის კატეგორია, რის გამოც საკითხის განხილვა სცილდებოდა კომისიის კომპეტენციის ფარგლებს. სზაკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამასთან აქტის დასაბუთება უნდა ეყრდნობოდეს ადმინისტრაციული წარმოების დროს საკითხის ყოველმხრივ გამოკვლევას. ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სზაკ-ის 80.1. მუხლის თანახმად, თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არაუგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. კანონის აღნიშნული ნორმების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, თუ მოცემული საკითხი სცდება მისი კომპეტენციის ფარგლებს. უკეთუ კომისია მიიჩნევდა, რომ მ. ბ-ის მიერ მოთხოვნილი საკითხის განხილვა საჯარო რეესტრის უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა, აღნიშნული უნდა გამხდარიყო არა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ უფლებამოსილი ორგანოსათვის მასალების გადაგზავნის საფუძველი. ასეთ შემთხვევაში კომისიას გააჩნდა ვალდებულება მ. ბ-ის განცხადება თანდართული მასალით გადაეგზავნა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის _ საჯარო რეესტრისათვის. იმ შემთხვევაში თუ კომისია ვერ დაადგენდა საკითხის განხილვაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ან მიიჩნევდა რომ საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა, მას შეეძლო შესაბამისი დასაბუთებით განცხადება დაებრუნებია მ. ბ-ისათვის. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესის თანახმად (სზაკ-ის 108-ე მუხ.) დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. სზაკ-ის 111.4 მუხლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. სზაკ-ის მე-80 მუხლის მე-3 ნაწილი მოითხოვს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში განხცადების და მასზე დართული საბუთების გადაგზავნას შესაბამისი დასაბუთებით. მოცემულ შემთხვევაში კომისია შემოიფარგლა მოსაზრებით იმის შესახებ, რომ განსახილველი საკითხი სცილდებოდა მისი კომპეტენციის ფარგლებს, რითაც უგულვებელყო კანონის მოთხოვნები და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა გამოკვლევისა და სათანადო დასაბუთების გარეშე.
კასატორის პრეტენზიას არ ასაბუთებს ის გარემოება, რომ მოსარჩელემ კომისიის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს, მით უფრო, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 17.12.10 წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-ის განცხადებაზე, რომლითაც ითხოვდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას, შეჩერდა წარმოება, განმცხადებელს დაევალა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ან მოთხოვნის დაზუსტება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რაც სსსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობას წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.11 წ. განჩინება;
2. საქართევლოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. ქადაგიძე