Facebook Twitter

საქმე ¹ბს-818-812(კ-11) 22 თებერვალი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი

კასატორი (მოსარჩელე) - შპს “...”, წარმომადგენელი – ნ. წ-ი (მინდობილობა 11.11.2010წ. ¹3/2-7373)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო, წარმომადგენელი – ე. ა-ი (მინდობილობა 31.01.2012წ., ¹7611)

მესამე პირი _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, წარმომადგენელი – ლ. ყ-ი (მინდობილობა 03.01.2012წ. ¹3950)

დავის საგანი – სააღსრულებო საფასურის დაკისრება და აღმასრულებლის მოქმედების კანონიერება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.03.11წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “...” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ქმედების უკანონოდ აღიარების, საინკასო დავალების გაუქმებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის შპს “...” სასარგებლოდ უდავო წესით ჩამოწერილი 7292,40 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.06.2008წ. გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს “...” სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების 118 000 ლარისა და მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3 540 ლარის ანაზღაურება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.06.2008წ. გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. კრედიტორის განცხადების საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო პროცედურა, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წერილით შპს “...” მიეცა წინადადება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. წინადადება 08.09.2010წ. ჩაბარდა შპს “...”, რომელსაც განემარტა, რომ ნებაყოფლობით შესრულებისთვის დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, მას დაეკისრებოდა აღსრულების საფასურის სრული ოდენობა აღსასრულებელი მოთხოვნის 7%, ხოლო ნებაყოფლობით შესრულებისთვის დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების შესრულების შემთხვევაში - მხოლოდ საფასურის კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი ნაწილი _ მოთხოვნის 1 % (1215,40 ლარი).

შპს “...” მიერ 14.09.2010წ., ანუ კანონით დადგენილ შვიდდღიან ვადაში, თბილისის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გადაირიცხა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა – 118 000 ლარს დამატებული სახელმწიფო ბაჟის თანხა – 3 540 ლარი, ჯამში _ 121 540 ლარი. რაც შეეხება აღსრულების ხარჯს - 1215,40 ლარს, აღნიშნული თანხა თბილისის სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე 21.09.2010წ. გადაირიცხა. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 21.09.2010წ. საინკასო დავალებით შპს “...” უდავო წესით ჩამოეწერა 7292,40 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცილ საქმეთა კოლეგიის 11.11.2010წ. საოქმო განჩინებით, სასკ-ის მე-16 მუხლის II ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2010წ. გადაწყვეტილებით შპს “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი ადგენს, რომ აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე საკანონმდებლო აქტის 28.1 მუხლის თანახმად, აღმასრულებელი სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა მოვალეს უგზავნის წინადადებას სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მოთხოვნის 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლმა მ. კ-მა 27.09.2010წ. წინადადებით მიმართა შპს “...” და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის შესასრულებლად მოვალეს 7 დღის ვადა განუსაზღვრა. სასამართლომ აღნიშნა, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 38-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სასამართლო და სხვა უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული აქტების აღსრულებისას გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული აღსრულების საფასური არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 30.07.2010წ. ¹144 ბრძანებით დამტკიცებული “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის” მე-2 მუხლის მიხედვით, აღსრულების საფასურის გადახდა ეკისრება მოვალეს. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე აღსრულების საფასური ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე გადასახდელი საფასურის ოდენობა შეადგენს აღსასრულებელი მოთხოვნის 7%. მოვალის მიერ წარდგენილი მოთხოვნის ნებაყოფლობით 7 დღის ვადაში შესრულების შემთხვევაში მას ეკისრება აღსრულების საფასური სააღსრულებო მოთხოვნის 1 % ოდენობით, ხოლო ამ ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში 7%.

სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია, რომ წინადადება მოსარჩელეს ჩაბარდა 08.09.2010წ., 14.09.2010წ. შპს “...” სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხა მხოლოდ თანხის ნაწილი ანუ 121 540 ლარი, ხოლო კრედიტორის მიერ გადახდილი აღსრულების საფასური 1215.40 ლარი 7 დღის ვადაში გადახდილი არ ყოფილა, თუმცა აღმასრულებელმა გარკვევით მიუთითა, რომ მოვალე მხარეს უნდა გადაეხადა ასევე აღნიშნული თანხაც. ვინაიდან მოვალემ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა მასზე დაკისრებული თანხა, მას დაეკისრა მოთხოვნის 7%, ანუ 8507,80 ლარის გადახდა. 1215,40 ლარი მოვალის მიერ ჩაირიცხა 21.09.2010წ., ანუ დამატებით გადასახდელი ჰქონდა 7292,40 ლარი (8507,80-1215,40=7292,40), სწორედ მითითებული თანხა ჩამოიწერა საინკასო დავალების საფუძველზე. ამდენად, მოსარჩელის მითითება სააღსრულებო მოთხოვნის 8%-ის ოდენობით გადახდის თაობაზე სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მოქმედებები შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას და არ არსებობს მათი უკანონოდ აღიარებისა და გაუქმების, ასევე მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალდებულების საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.10 გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”.

აპელანტმა აღნიშნა, რომ სასამართლომ საქმისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის გარეშე, სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ შპს “...” სააღსრულებო ბიუროს მიერ წარდგენილი მოთხოვნის საწინააღმდეგოდ აღსრულების საფასური სააღსრულებო მოთხოვნის 1%-ის ოდენობით ჩარიცხა არა დადგენილ ნებაყოფლობით აღსრულების შვიდდღიან ვადაში, არამედ აღნიშნული ვადის დარღვევით. აღსრულების საფასური არ წარმოადგენს რაიმე სახის ფინანსურ სანქციას, არამედ იგი სააღსრულებო პროცესთან დაკავშირებით გაწეული ხარჯია. აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2010წ. გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა საპროცესო ნორმების დარღვევით, რის გამოც სსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა’’ ქვეპუნქტის მითითებით მოითხოვა მისი გაუქმება. შპს “...” სააპელაციო საჩივარში განმარტა, რომ სარჩელში მოცემულ არც ერთ არგუმენტს სასამართლომ არ გასცა პასუხი და შემოიფარგლა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ აღსრულების საფასურის გადახდა ეკისრება მოვალეს და მისი გადახდევინება უნდა მოხდეს ერთდროულად, რასაც თავად აპელანტიც ეთანხმება, მაგრამ სასამართლომ არანაირი ყურადღება არ მიაქცია და რაც მთავარია, არ მიუთითა კანონის ნორმაზე, რომელიც აძლევდა სააღსრულებო ბიუროს უფლებას სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის დადგენილ ვადაში გადახდისას, საინკასო დავალებით ჩამოეჭრა იმ თანხის 7%, რომელიც უკვე ანაზღაურებული იყო, მარტოოდენ იმისათვის, რომ შვიდდღიან ვადაში არ იქნა ანაზღაურებული კრედიტორის მიერ გადახდილი აღსრულების საფასური. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ კანონში არ არსებობს ნორმა, რომელიც სააღსრულებო ბიუროს მისცემდა უფლებას 7%-იანი საფასური ჩამოეწერა სასამართლო გადაწყვეტილებით აღსასრულებელი მოთხოვნის უკვე გადახდილი თანხიდან, ხოლო რაც შეეხება აღსრულების საფასურის 1%-ის კრედიტორისათვის შვიდდღიან ვადაში აუნაზღაურებლობას, დასახელებული კანონის არც ერთი ნორმა არ ითვალისწინებს მსგავს შემთხვევაში 7%-იანი საფასურის გადახდის უფლების გამოყენებას. სასამართლომ საერთოდ იგნონირება გაუკეთა იმ გარემოებას, რომ ფაქტიურად სააღსრულებო ბიურომ შპს “...” ამოიღო აღსრულების 8% ხარჯი მაშინ, როდესაც კანონის თანახმად აღსრულების ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 7%-ს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.03.2011წ. განჩინებით, შპს “...”-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2010წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ ქმნიან სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი კვალიფიკაცია არ ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ წანამძღვრებს.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ აღსრულების საფასური 1215.40 ლარი და დავალიანების თანხა 121 540 ლარი მოვალის მიერ უნდა ჩარიცხულიყო სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე 7 დღის ვადაში, რაც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მოვალემ ნებაყოფლობით შეასრულა სააღსრულებო წინადადება და რომ მხოლოდ აღნიშნული ქმედება ათავისუფლებდა მოვალეს აღსრულების საფასურის სახით ამოსაღები თანხის 7%-ის, როგორც აღსრულების საფასურის გადახდის, ვალდებულებისაგან. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას 7 დღის ვადაში ნებაყოფლობითი აღსრულების ვალდებულება გააჩნდა მხოლოდ დავალიანების თანხის და არა აღსრულების საფასურის გადახდის მიმართ. სააპელაციო პალატამ მიუთითა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 38.1 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სასამართლო და სხვა უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული აქტების აღსრულებისას გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული აღსრულების საფასური არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 30.07.2010წ. ¹144 ბრძანების მე-2 მუხლის მიხედვით, აღსრულების საფასურის გადახდა ეკისრება მოვალეს, თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე აღსრულების საფასური ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ვინაიდან მოვალემ 7 დღის ვადაში არ გადაიხადა დავალიანების თანხა და აღსრულების საფასური, ვერ იქნება მიჩნეული, რომ მოვალემ ნებაყოფლობით შეასრულა სააღსრულებო წინანადება და მას აღსრულების საფასურის სახით აღსასრულებელი მოთხოვნის 7%-ის გადახდა აღარ ეკისრება, ვინაიდან 7 დღიან ვადაში მოვალის მიერ ჩარიცხული 121 540 ლარიდან, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, პირველ რიგში დაფარულ იქნა სააღსრულებო მოსაკრებელი, ხოლო დარჩენილი თანხით დაიფარა კრედიტორის დავალიანება, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორმა 7Dდღის ვადაში სრულად ვერ მიიღო დავალიანების თანხა, 121 540 ლარი. შესაბამისად, სააღსრულებო ბიურომ განახორციელა აღსრულების იძულების ღონისძიება და ინკასო წარადგინა მოვალის საბანკო ანგარიშებზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.03.2011წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”.

კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რამდენადაც პასუხი არ გაეცა სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ არგუმენტებს. სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი კრიტიკის გარეშე გაიზიარა და დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ არასწორად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და შესაბამისად ამ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მაშინ, როდესაც სააპელაციო საჩივარში დეტალურად იყო გადმოცემული და აღწერილი საქმის გარემოებები, რაზეც სააპელაციო სასამართლოს უნდა გაემახვილებინა ყურადღება.

“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში არ არსებობს ნორმა, რომელიც ფინანსურად დასჯის იმ მოვალეს, რომელმაც ნებაყოფლობით გადაიხადა გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა. აღმასრულებელს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების უფლება შპს “...” მიერ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდისაგან არიდების შემთხვევაში ექნებოდა, რასაც ადგილი არ ჰქონია. პირიქით, სააღსრულებო ბიუროსათვის ცნობილი იყო, რომ შპს “...” იხდიდა აღსრულების კუთვნილ 1%-იან საფასურსაც და სწორედ ამიტომაც ჩამოეწერა საფასურდამატებული თანხის 6%. აღმასრულებელი, აღსასრულებელი მოთხოვნის 7%-ს, როგორც გადასახდელ საფასურს, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე იღებს მის მიერ გაწეული მომსახურებისათვის, რაც დაკავშირებულია სააღსრულებლო ფურცლის აღსრულებისათვის საჭირო სამუშაოს შესრულებასთან. სადავო შემთხვევაში, აღმასრულებელს სააღსრულებლო ფურცლით შპს “...” დაკისრებული ვალის ამოღებასთან დაკავშირებით რაიმე სამუშაო, ანუ მომსახურება არ გაუწევია.

აღსრულების საფასურის გადახდაზე სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მოთხოვნის 7 დღიანი ვადის გავრცელების შემთხვევაშიც, კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე აღსრულების საფასურის 7%-იანი განაკვეთი უნდა გავრცელდეს მხოლოდ ნებაყოფლობით (სააღსრულებო ორგანოს მიერ მიცემულ 7 დღიან ვადაში) გადაუხდელ აღსრულების საფასურზე, ანუ 1215,40 ლარზე და არა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებულ, უკვე გადახდილ თანხაზე.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ აღსრულების საფასური და დავალიანების თანხა სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხული უნდა ყოფილიყო ერთდროულად შვიდი დღის ვადაში, რაც დაადასტურებდა ნებაყოფლობითი აღსრულების ფაქტს. შპს “...” ყველა ინსტანციაში მიუთითებდა, რომ იგი ეთანხმებოდა დავალიანების თანხისა და აღსრულების ხარჯის ერთდროულად გადახდას, მაგრამ არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლომ არ მიუთითა კანონის ნორმაზე, რომელიც აძლევდა სააღსრულებო ბიუროს უფლებას სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის დადგენილ ვადაში გადახდისას, საინკასო დავალებით ამოეღო იმ თანხის 7%, რომელიც უკვე ანაზღაურებული იყო, მარტოოდენ იმისათვის, რომ 7 დღიან ვადაში არ იქნა ანაზღაურებული კრედიტორის მიერ გადახდილი აღსრულების საფასური.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ ვინაიდან 7 დღიან ვადაში მოვალის მიერ ჩარიცხული 121540 ლარიდან პირველ რიგში დაფარულ იქნა სააღსრულებო მოსაკრებელი, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო დარჩენილი თანხით დაიფარა კრედიტორის დავალიანება, რაც ნიშნავს, რომ კრედიტორმა 7Dდღის ვადაში სრულად ვერ მიიღო დავალიანების თანხა - 121 540 ლარი, არ ემყარება სამართლებრივ საფუძვლებს და მტკიცებულებს. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონი არ იცნობს ტერმინს “სააღსრულებო მოსაკრებელი” და ამ კანონის შესაბამისად არ არის დადგენილი ასეთი გადასახადი. ამასთან, ხსენებული კანონის 38.7 მუხლის თანახმად, თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანისას გადასახდელი საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღსასრულებელი მოთხოვნის 2%-ს. საფასურის სახით გადახდილი თანხა კრედიტორს უბრუნდება ამოღებული მოთხოვნის პროპორციულად, რაც იმას ნიშნავს, რომ მოვალის მიერ სააღსრულებო ფურცლის შვიდი დღის ვადაში ნებაყოფლობით აღსრულების შემთხვევაში, კრედიტორს, სააღსრულებო ფურცლით მოვალისათვის დაკისრებულ თანხასთან ერთად უბრუნდება მის მიერ სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში შეტანისას გადახდილი საფასურიც. ამდენად, ასეთ შემთხვევაში სააღსრულებო ბიურო არ ღებულობს არც “სააღსრულებო მოსაკრებელს” და არც ამ აქტების აღსრულებისას გაწეული მომსახურებისათვის დაწესებულ აღსრულების საფასურს. მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ შპს “...” მიერ ჩარიცხული 121540 ლარიდან პირველ რიგში დაფარულ იქნა ე.წ. “სააღსრულებო მოსაკრებელი”, ხოლო დარჩენილი თანხით დაიფარა კრედიტორის დავალიანება, რის გამოც სასამართლოს ასეთი დასკვნა არ ეფუძნება კანონს და არ გამომდინარეობს საქმის გარემოებებიდან. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 38-ე მუხლი და “აღსრულების საფასურის ოდენობისა და გადახდის წესი”, რაც არანაირ შემხებლობაში არ იყო დავის საგანთან და ვერ გამოდგებოდა შპს “...” მოთხოვნის უარსაყოფად, რაც კასატორის მოსაზრებით, ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის II ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით მის გაუქმების პირობებს. საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის – შპს “...” წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარემ და მესამე პირმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნები არ ცნეს და მოითხოვეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დარღვეული უფლების დაცვა არ იქნება ქმედითი უკეთუ სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს აქტი თავისდროულად არ სრულდება, ვინაიდან სასამართლო აქტი შედეგზე ორიენტირებული აქტია. უფლება სასამართლოს დაცვაზე ილუზორული იქნებოდა ძალაში შესული სასამართლოს სავალდებულო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება განხილულ უნდა იქნეს სასამართლოს განუყოფელ ნაწილად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები - ჰორნსბი საბერძნეთის წინააღმდეგ §40, შპს ,,...” და ... საქართველოს წინააღმდეგ §42, შპს ,,...” და მებაღიშვილი საქართველოს წინააღმდეგ §47, აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ §55,56, ბურდოვი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ §34). აღნიშნულის შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილების დროული აღსრულება ვალდებული პირის იმპერატიულ მოვალეობას შეადგენს. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. ამავე კანონის 38.6 მუხლის მიხედვით თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე გადახდილი საფასურის ოდენობის ზედა ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 7%-ს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ 7 დღიან ვადაში მოვალის მიერ ჩარიცხული 121 540 ლარიდან პირველ რიგში დაფარულ იქნა სააღსრულებო მოსაკრებელი, ხოლო დარჩენილი თანხით დაიფარა კრედიტორის დავალიანება, რის გამოც კრედიტორმა სრულად ვერ მიიღო დავალიანების თანხა 121 540 ლარი, არ ადასტურებს 7%-იანი განაკვეთის გავრცელებას არა მხოლოდ ვადაში გადაუხდელ, არამედ აგრეთვე განსაზღვრულ დროში გადახდილ თანხაზეც. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტში და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 30.07.10წ. ¹144 ბრძანებით დამტკიცებული “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობის და გადახდის წესის” მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული აღსასრულებელი მოთხოვნის 7 % განეკუთვნება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილ სავალდებულო გადასახდელს, რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე და გაანგარიშებული უნდა იყოს სააღსრულებო დოკუმენტით გათვალისწინებული ფულადი სახსრებიდან, აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებში. თავის მხრივ აღსასრულებელი მოთხოვნა ნიშნავს არა უკვე აღსრულებულ მოთხოვნას, არამედ - მომავალში აღსასრულებელს. მიუხედავად იმისა, რომ შპს “...” სარჩელის და სააპელაციო საჩივრის ერთერთ ძირითად საფუძვლად უთითებდა აღნიშნულ გარემოებას, არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლომ არ იქონია მსჯელობა აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობაზე. სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია თუ რატომ უნდა გავრცელდეს აღსრულების საფასურის 7%-იანი განაკვეთი გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ წინადადების ნებაყოფლობითი შესრულებისათვის კანონით დადგენილ ვადაში გადახდილ თანხაზეც.

მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აღსრულების საფასურის გადახდა ეკისრება მოვალეს, ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 30.07.10წ. ¹144 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის თანახმად, აღსრულების ხარჯი პირველ რიგში იმ შემთხვევაში იფარება, უკეთუ მოთხოვნა არასრულად ან ეტაპობრივად არის დაკმაყოფილებული, ხოლო შემდეგ იფარება აღსრულების საფასური და აღსასრულებელი მოთხოვნა ამოღებული თანხის პროპორციულად. განსახილველ შემთხვევაში აღსასრულებელი თანხა დადგენილ ვადაში იქნა გადახდილი (საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს “...” მიერ 14.09.2010წ., ანუ კანონით განსაზღვრულ შვიდდღიან ვადაში, თბილისის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გადაირიცხა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა – 121 540 ლარი, ხოლო 1215,40 ლარი გადაირიცხა 21.09.2010წ. (ს.ფ. 59,67)). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღსრულების საფასური საგადასახადო კოდექსის, ,,მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ” კანონის, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მიხედვით არ წარმოადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სახელმწიფო ბაჟს. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონით გათვალისწინებული აღსრულების საფასურის 7%-იანი განაკვეთი თავისი არსით ატარებს არა უფლებააღდგენითი სანქციის ხასიათს, რომლითაც ხდება მოვალის მიერ აღსრულების ხარჯების იძულებითი ანაზღაურების ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა (,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 38-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად აღსრულების საფასური ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ირიცხება და სრულად ხმარდება აღსრულების ეროვნულ ბიუროს), არამედ მოვალის მიმართ გამოყენებული საჯარიმო ხასიათის სანქციას, რომლითაც დამატებითი გადახდის ვალდებულება ეკისრება მოვალეს, ამ ვალდებულებას იწვევს მოვალის მიერ სააღსრულებო წესების დარღვევა. კანონი მიჯნავს სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ მოთხოვნას და მომსახურების საფასურს. განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია სააღსრულებო მოთხოვნის დადგენა, დადგენილ ვადაში ნებაყოფლობით აღსასრულებელი თანხის განსაზღვრა. მოვალისათვის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის მიცემული ვადა შეეხება სააღსრულებო ფურცელში განსაზღვრულ მოთხოვნას, მისი ძირითადი აზრი მდგომარეობს მხარეებისათვის იძულების ღონისძიებებით გამოწვეული სიძნელეების აცილებაში, ადმინისტრაციული და სხვა რესურსების დაზოგვაში. სააღსრულებო ბიუროს მიერ ნებაყოფლობითი აღსრულების ვადის დადგენისას (კანონის 28.1 მუხლის მიხედვით აღმასრულებელი სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა მოვალეს უგზავნის წინადადებას სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მოთხოვნის 7 დღის ვადაში ნებაყოფლობითი შესრულების შესახებ) მისთვის წინასწარ უცნობია თუ რომელი განაკვეთით მოხდება მოვალისაგან მომსახურების საფასურის ამოღება, ვინაიდან აღნიშნული დამოკიდებულია თვით მოვალის მიერ ნებაყოფლობით გადაწყვეტილების აღსრულებაზე, სწორედ ამის გამო აცნობებს ორგანო მოვალეს, რომ თანხის ნებით გადახდის შემთხვევაში მოვალეს დაეკისრება აღსრულების საფასურის შეღავათიანი განაკვეთი. მოცემულ შემთხვევაში მოვალის მიერ ნებაყოფლობით დადგენილ ვადაში იქნა შესრულებული სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნა, შესაბამისად სახეზე არ არის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, რომლის თანახმადაც მოთხოვნის არასრულად ან ეტაპობრივად დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველ რიგში იფარება საფასური ამოღებული თახნის პროპორციულად, ხოლო შემდეგ-აღსასრულებელი მოთხოვნა. ამასთანავე კანონის 38.5 მუხლის თანახმად, საფასურის გადახდა ეკისრება მოვალეს. ის ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად, აღნიშნული თანხის გადახდის რაიმე დამატებითი ვადა, გარდა 7-დღიანი გადახდის ვადისა, მითითებული არ იყო შპს “...” გაგზავნილ წინადადებაში, წინადადება შპს “...” ჩაბარდა 08.09.2010წ., აღმასრულებლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ შეიცავდა მითითებას, რომ თუ მოვალე დადგენილ ვადაში შეასრულებდა გადაწყვეტილებას მას ეკისრებოდა მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი თანხის – მოთხოვნის 1%, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მოვალეს დაეკისრება აღსასრულებელი საფასურის სრული ოდენობა – აღსასრულებელი მოთხოვნის 7%. ვინაიდან მოთხოვნა, რომლის გადახდაც წარედგინა მოვალეს შედგებოდა აღსასრულებელი მოთხოვნისაგან და სააღსრულებო საფასურისაგან, ამასთანავე 7-დღიან ვადაში მოვალის მიერ ნებაყოფლობით გადახდილ იქნა მხოლოდ სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხა (121 540ლ.), ხოლო მოთხოვნის 1% გადახდილ იქნა მოგვიანებით, აღნიშნული თანხის გადახდა განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ იძლეოდა მხოლოდ გადახდილი საფასურის – 1215 ლარისა და 40 თეთრის 7%-ის მოვალეზე დაკისრების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს აღმასრულებლის უფლებამოსილება სახელმწიფოს სახელით დააკისროს მოვალეს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში თანხა, დეტერმინირებულია დადგენილი საჯარო-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად სასამართლო და სხვა იძულებითი აღსრულებით და ასახავს სახელმწიფოს საჯარო-სამართლებრივ ინტერესს ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებაში. სასამართლო აღმასრულებლის დადგენილება გადასახდელი თანხის ამოღების შესახებ, სხვა დოკუმენტებთან ერთად, წარმოადგენს სააღსრულებო დოკუმენტს, რომელიც გამოიცემა სააღსრულებო წარმოების საქმეზე, სასამართლო აქტების იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებით მისი მიღების გამო ის ატარებს მეორად ხასიათს და მაშასადამე არ ცვლის მათ, არ წარმოადგენს იურიდიულ საფუძველს ახალი, დამოუკიდებელი სააღსრულებო წარმოებისათვის იმავე მოთხოვნებით, ის არ ქმნის დამოუკიდებელი სააღსრულებო წარმოების საფუძველს, ამასთანავე, არ ამცირებს პირველადი სააღსრულებო დოკუმენტის მნიშვნელობას, რომლებიც შეიცავენ სასამართლოს და სხვა ორგანოების მოთხოვნებს თანხის გადახდასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ პირველ რიგში უნდა დაიფაროს სააღსრულებო მოსაკრებელი, ხოლო დარჩენილი თანხით უნდა დაიფაროს კრედიტორის დავალიანება, ქმნის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის შეუსრულებლობის შესაძლებლობას, არ პასუხობს სააღსრულებო წარმოების მიზნებს, არღვევს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის არსებულ ბალანსს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ §27, §63). გარდა ამისა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონი არ იცნობს ტერმინს ,,სააღსრულებო მოსაკრებელი”, ამასთანავე ვინაიდან საფასურის სახით გადახდილი თანხა კრედიტორს უბრუნდება ამოღებული მოთხოვნის პროპორციულად, მოვალის მიერ სააღსრულებო ფურცლის 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით აღსრულების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა კრედიტორის – სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გადახდილი საფასურის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაბრუნების ვალდებულების არსებობაზე, რაც უშუალოდ უკავშირება მოცემულ დავაში აღუსრულებელი დავალიანების დადგენის საკითხს. ამასთანავე საქმეში არ მოიპოვება სააღსრულებო საფასურის პირველ რიგში დაფარვის დამადასტურებელი მტკიცებულება. საქმეზე არ დადგენილა მოცემულ შემთხვევაში რაიმე იძულებითი ღონისძიების შესრულება სააღსრულებო ბიუროს მიერ, რომელმაც გამოიწვია სააღსრულებო საფასურის პირველ რიგში გადახდა და შესაბამისად მოვალის მიერ კასატორისათვის ძირითადი დავალიანების არასრულად ანაზღაურება.

აღსანიშნავია აგრეთვე ის გარემოება, რომ სააღსრულებო დოკუმენტების შეუსრულებლობა ყოველთვის არ უკავშირდება მოვალის მიერ მოვალეობის შესრულებისაგან თავის არიდებას, ხშირ შემთხვევაში შექმნილი ვითარება სააღსრულებო დოკუმენტის ნებაყოფლობითი წესით შესრულების ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს და მიიჩნევა შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად. ამდენად, გადასახდელის დაკისრებას უნდა უსწრებდეს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის მიზეზის გარკვევა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვებს, საქმის გარემოებები საჭიროებენ დამატებით გამოკვლევას, კერძოდ სააპელაციო პალატამ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დაადგინოს აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლები, უნდა გამოიკვლიოს ჰქონდა თუ არა ადგილი აღსასრულებელი მოთხოვნის არასრულად ამოღებას აღსრულების საფასურის პირველ რიგში დაფარვის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს “...” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.03.2011წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ლ. მურუსიძე