ბს-1418-1400(კს-11) 16 თებერვალი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ა-ე; წარმომადგენელი _ რ. პ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საპროცესო ვადის აღდგენა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 აგვისტოს განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 10 თებერვალს მ. ა-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 23 ივლისის ¹22 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მ. ა-ის სახელზე გაცემული 2008 წლის 8 აპრილი ¹7022 საკუთრების უფლების მოწმობა, ამასთანავე, მისი გაცემის საფუძვლად არსებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 10 მარტის ¹28 საოქმო გადაწყვეტილება მ. ა-ის ნაწილში და აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე დამოწმებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შესავსებად აპელანტს 5 დღე განესაზღვრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 აგვისტოს განჩინებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი ხევლაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენელს – რ. პ-ს ხარვეზის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინება კანონით დადგენილი წესით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად) 2011 წლის 22 ივლისის ჩაბარდა. შესაბამისად, აპელანტს ხარვეზის შევსება 2011 წლის 27 ივლისის ჩათვლით შეეძლო.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შევსებული, რაც მ. ა-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 აგვისტოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ა-მ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საპროცესო ვადის აღდგენა მოითხოვა.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ გასაჩივრებული განჩინებით განუხილველი დარჩა მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი იმ მოტივით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის თანხის გადახდასთან დაკავშირებით არ ყოფილა შევსებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით კერძო საჩივრის ავტორის – მ. ა-ის წარმომადგენელი რ. პ-ე მიუთითებს, რომ ხარვეზის შესავსებად სასამართლომ მათ 5 დღიანი ვადა განუსაზღვრა, რომლის ბოლო დღესაც 2001 წლის 28 ივლისი წარმოადგენდა.
რ. პ-ის განმარტებით, მისმა მარწუნებელმა სახელმწიფო ბაჟის თანხა მას გადასცა გადასახდელად. ხოლო, 2011 წლის 28 ივლისს იგი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10 დღით დააპატიმრა, რის გამოც მან ვერ შეძლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი გაშვებული ხარვეზის შევსების ვადის საპატიოდ ჩათვლასა და საპროცესო ვადის აღდგენას ითხოვს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის განჩინებით მ. ა-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მ. ა-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხარვეზის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ხარვეზად და მ. ა-ს ხსენებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დაუწესა საპროცესო ვადა 5 დღე, მისთვის განჩინების ჩაბარების მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მ. ა-ს არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის. ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 აგვისტოს განჩინებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მხარისათვის განჩინების ჩაბარების მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარების დრო ამ კოდექსის 70-ე_78-ე მუხლების შესაბამისად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილზე (2011 წლის 22 ივლისს მოქმედი რედაქციით) და განმარტავს, რომ სასამართლო უფლებამოსილია სარჩელზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 2011 წლის 22 ივლისს მ. ა-ის წარმომადგენელს _ რ. პ-ს მოსამართლის თანაშემწის მიერ ეცნობა ხარვეზის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინების თაობაზე. ამასთან, აპელანტის წარმომადგენელს – რ. პ-ს განემარტა, რომ განჩინებით დადგენილი ხარვეზი მხარეს 5 დღეში უნდა შეევსო, რომლის ათვლა დაიწყო განჩინების ასლის გადაცემის (სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღიდან) მომენტიდან, ხოლო ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (ს.ფ. 170).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ ხარვეზის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინება მ. ა-ის წარმომადგენელს _ რ. პ-ს 2011 წლის 22 ივლისს ჩაბარდა (ს.ფ. 170), სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2011 წლის 23 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადა 2011 წლის 27 ივლისს (ოთხშაბათს) 24 საათზე იწურებოდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ხარვეზის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ამ პუნქტით სასამართლოს მიერ იმპერატიულად განისაზღვრა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 169). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი არ შეუვსია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ა-მ გაუშვა ხარვეზის შევსების ვადა, ვინაიდან, მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეუვსია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მ. ა-ის წარმომადგენლის - რ. პ-ის მოსაზრებას საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე, ვინაიდან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადა 2011 წლის 27 ივლისს (ოთხშაბათს) 24 საათზე ამოიწურა, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისის განკარგულებით კი სასამართლოში წესრიგის დამრღვევი რ. პ-ე 10 დღე-ღამის ვადით იქნა დაპატიმრებული. ამდენად, აღნიშნული გარემოება არ ქმნიდა სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის 2011 წლის 27 ივლისის (ოთხშაბათი) 24 საათამდე შევსების დამაბრკოლებელ გარემოებას.
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორს განუმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის საპატიო მიზეზით შეუვსებლობას და შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ა-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.