Facebook Twitter

ბს-1425-1407(2კ-2კს-11) 1 თებერვალი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ. ჯ-ის და მ. კ-ის კერძო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.11წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ბ-მ, ა. გ-მ, მ. კ-მა და ლ. ჯ-მ 09.11.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების, საქართველოს ფინანსთა სამინსტროს და სსიპ _ შემოსავლების სამსახურის მიმართ, რომლითაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის 03.08.10წ. ¹044336 სამართალდარღვევის ოქმის, ბათუმის რეგიონული ცენტრის უფროსის მოადგილის 24.08.10წ. საბაჟო შეტყობინების და 24.08.10წ. ¹601/1615/10 საბაჟო შეტყობინების დასაბუთების, სსიპ _ შემოსავლების სამსახურის 08.09.10წ. ¹1692 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 18.10.10წ. ¹1472/2/10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.03.11წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-ის, მ. კ-ის, ლ. ჯ-ისა და ა. გ-ის სარჩელი შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ ადმინისტრაციულ _ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძლობის გამო. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 03.08.10წ. ¹044336 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა სარჩელის დაუშვებლობის გამო. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო და კერძო საჩივრები შეიტანეს მ. ბ-მ, მ. კ-მა, ლ. ჯ-მ და ა. გ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.11წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, სააპელაციო საჩივრებზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და აპელანტებს განესაზღვრათ ათდღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად, კერძოდ, დაევალათ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 18 850 ევროსა და 400 აშშ დოლარის მათი კუთვნილი წილის 4%-ის ექვივალენტი თანხის ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება 18.05.11წ. ჩაბარდა აპელანტების წარმომადგენელს – ი. ა-ს. 25.05.11წ. აპელანტის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.11წ. განჩინებით მ. კ-ისა და ლ. ჯ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით. აღნიშნული განჩინება აპელანტების წარმომადგენელს 03.06.11წ. ჩაბარდა. აპელანტების წარმომადგენელმა 09.06.11წ. შუამდგომლობით მომართა სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელება აგვისტოს თვის ბოლომდე, იმ მოტივით, რომ მარწმუნებლები ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით მოსავლელ დავრდომილებთან ერთად გაგზავნილი არიან სააგარაკე კუნძულებზე, სადაც ევალებათ სეზონის ბოლომდე ყოფნა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.06.11წ. განჩინებით აპელანტების - მ. კ-ისა და ლ. ჯ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და 5 დღით გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს 15.06.11წ. ჩაბარდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 20.06.11წ. წარმოდგენილი იქნა აპელანტების წარმომადგენლის განცხადება, სადაც მიუთითა, რომ ვერ შეძლო აპელანტებთან დაკავშირება, რის გამოც ვერ ახერხებს ხარვეზის აღმოფხვრას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.11წ. განჩინებით მ. კ-ისა და ლ. ჯ-ის სააპელაციო და კერძო საჩივრები ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.03.11წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ლ. ჯ-მ და მ. კ-მა, რომლებმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრების წარმოებაში მიღების მიზნით საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვეს.

მ. კ-ის და ლ. ჯ-ის წარმომადგენელმა კერძო საჩივრებში აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არცერთი ნორმა უალტერნატივოდ არ უკრძალავდა სასამართლოს იმის შესაძლებლობას, რომ სამი თვით ედროვებინა აპელანტებისათვის ხარვეზის შევსება. Mმიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სამჯერ გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა, სასამართლოს შეეძლო უცხო ქვეყანაში მყოფი თანამემამულეთათვის ბოლომდე გაეწია ანგარიში და არ დაეტოვებინა მათი საჩივრები განუხილველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის და ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ 38-ე მუხლი შეიცავს იმ მოქმედებათა ამომწურავ ჩამონათვალს, რომლებისთვისაც გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი. სახელმწიფო ბაჟი წინასწარ შეაქვს მოსარჩელეს, სასამართლოს უფლება არ აქვს განიხილოს სარჩელი, თუ ბაჟი არ არის გადახდილი (სსსკ 185-ე, 368-ე მუხლები). სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე ბაჟის წინასწარი გადახდის გარეშე, თუ ის გაანთავისუფლებს მხარეს ბაჟის გადახდისაგან ან გადაუდებს (გაუნაწილვადებს) მას ბაჟის გადახდას. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლო ხარჯებისაგან განთავისუფლებას და სასამართლო ხარჯების გადახდის გადადებას, განაწილვადებას. ფიზიკური პირის სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება პირის ქონებრივი მდგომარეობა. ამ გარემოების დადასტურების ტვირთი ეკისრება თავად ფიზიკურ პირს, რასაც განსახილველ შემთხვევაში აპელანტების მხრიდან ადგილი არ ჰქონია, მათ მიერ არ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას ემსჯელა დაკისრებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების საკითხის საფუძვლიანობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, რომლის თანახმად, თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე და 179-ე მუხლებში მითითებული პირობების დარღვევით ან/და სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი ან/და საქმეში არ არის წარმოდგენილი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, სასამართლო გამოიტანს ხარვეზის შესახებ განჩინებას და მოსარჩელეს დაუნიშნავს ვადას მის შესავსებად. თუ მოსარჩელე დანიშნულ ვადაში შეავსებს განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო პალატამ მ. კ-სა და ლ. ჯ-ს სამჯერ გაუგრძელა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.11წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და განუმარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრები არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნულის მიუხედავად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტებს არ წარმოუდგენიათ ხარვეზის გამოსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უალტერნატივოდ შეეძლო სამი თვით გაეგრძელებინა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით შეღავათებს ითვალისწინებს მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში, რათა სახელმწიფო ბაჟის რიგ შემთხვევაში წინასწარ, რიგ შემთხვევაში საერთოდ გადაუხდელობამ არ დააბრკოლოს მხარის დარღვეული უფლების აღდგენა და მას არ წაერთვას უფლების პროცესუალური საშუალებით დაცვის შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტების წარმომადგენელმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე იშუამდგომლა იმ საფუძვლით, რომ ვერ შეძლო აპელანტებთან დაკავშირება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოება არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე-48-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათების აპელანტებზე გავრცელების საფუძველს, არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებს. პალატა აღნიშნავს, რომ არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს მისცემდნენ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. კ-ისა და ლ. ჯ-ის სააპელაციო და კერძო საჩივრები სწორად იქნა დატოვებული განუხილველად, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის გამოსწორების ვადის დარღვევის მოტივით მ. კ-ის და ლ. ჯ-ის სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვების საფუძველი, რის გამოც მ. კ-ის და ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.11წ. განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. კ-ის და ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.11წ. განჩინება;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.