Facebook Twitter

ბს-1559-1538 (კს-11) 1 თებერვალი, 2012 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე;

კერძო საჩივრის ავტორი –ა. ა-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის განჩინება;

დავის საგანი –სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 28 იანვარს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ა. ა-მა მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 21 დეკემბრის ¹1-1/2017 ბრძანების ბათილად ცნობასა და მოპასუხისათვის საკუთრების მოწმობის გაცემის დავალდებულებას.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-მა, რომელმაც ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით აპელანტს განესაზღვრა ვადა ხარვეზის შესავსებად, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო საჩივარზე დასართავად წარმოდგენილი არ იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად შეადგენდა დავის საგნის ღირებულების 4%, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა.

2011 წლის 29 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა ა. ა-ის წარმომადგენელმა ო. მ-მა, რომელმაც წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის გაჩინებით ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ იხემძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე, 374-ე, 372-ე და 368-ე მუხლის მე-5 პუნქტით და აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ვადა 5 დღე ხარვეზის შესავსებად და განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათით გზავნილის ჩაბარების შესახებ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ კანონით დადგენილი წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, ჩაბარდა აპელანტს 2011 წლის 17 აგვისტოს, მაგრამ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ შევსებულა, განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ სასამართლოში წარმოდგენილია 2011 წლის 29 აგვისტოს, ფოსტის მეშვეობით, ხოლო საფოსტო კონვერტზე გამოგზავნის თარიღად დაფიქსირებულია 2011 წლის 23 აგვისტოს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მხრიდან გაშვებული იყო ხარვეზის შევსების ვადა, რაც წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ა-მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლო განჩინება აპელანტს კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია, ვინაიდან 2011 წლის 20 აგვისტოს მას აღნიშნული გადასცა მისმა თანასოფლელმა. ამასთან, იგი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლო უწყება ჩაბარდა აპელანტის დისშვილს 2011 წლის 17 აგვისტოს, ვინაიდან მის დას- რ. ა-ას, რომელიც გათხოვილია და ცხოვრობს მისგან მოშორებით, ცალკე, ქმრის ოჯახში, ჰყავს ორი შვილი, მათგან ერთი დაბადებულია 2006 წლის 1 ნოემბერს, ხოლო მეორე 2009 წლის 3 აპრილს, შესაბამისად ისინი სასამართლო უწყების ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირებს არ წარმოადგენენ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ 2011 წლის 17 აგვისტო არ წარმოადგენს სასამართლო გზავნილის ა. ა-ისათვის ჩაბარების თარიღს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ ა. ა-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით, რის გამოც აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 5 დღის ვადა.

სფ. 140-ზე წარმოდგენილია შპს “...-ს” “შეტყობინების ბარათი გზავნილების ჩაბარების შესახებ”, საიდანაც ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული განჩინება ჩაიბარა აპელანტის დისშვილმა 2011 წლის 17 აგვისტოს, რა თარიღიდანაც მოხდა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის ათვლა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება ხარვეზის თაობაზე მიღებული განჩინების მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

წინამდებარე კერძო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს სწორედ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინება არ ჩაბარებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნულის დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა დის-რ. ა-ას პირადობის მოწმობა და მისი შვილების -ნ. ს-ის და ნი. ს-ის დაბადების მოწმობები, რომლითაც ირკვევა, რომ ნ. ს-ი დაბადებულია 2009 წლის 3 აპრილს, ხოლო ნი. ს-ი-2006 წლის 1 ნოემბერს. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მასალები იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ აპელანტის დისშვილები წარმოადგენენ არასრულწლოვან ფიზიკურ პირებს, რომლებიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე ვერ ჩაითვლებიან სააპელაციო სასამართლოს განჩინების ჩამბარებელ პირებად, რაც, თავის მხრივ, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, ეჭვქვეშ დააყენოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის განჩინების კანონიერება.

მხარის საპროცესო უფლებების დაცვისა და სასამართლოს მხრიდან შეცდომის გამორიცხვის მიზნით საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება მისცეს მითითებულ მტკიცებულებებს, დაადგინოს რამდენადაა დასაშვები არსებულ პირობებში სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადის ათვლის “გზავნილის ჩაბარების შესახებ” დასტურიდან დაწყება და არის თუ არა მხარის მიერ დაცული სასამართლოს მიერ განსაზღვრული 5 დღიანი ვადა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს ჩაბარების დასტურს და გამოარკვიოს ვის ეკუთვნის ამ უკანასკნელზე მითითებული პირადი ნომერი და ხომ არ მიეკუთვნება აღნიშნული პირადი ნომრის მატარებელი პირი კერძო საჩივრის ავტორის ოჯახის ქმედუნარიან წევრს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მტკიცებულებების შემოწმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების გარეშე შეუძლებელია სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განსაზღვრა, რა მიზნითაც საქმე უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ა-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის განჩინება;

2. საქმე ა. ა-ის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.