Facebook Twitter

საქმე ¹ბ-2275-4(ბ-11) 16 თებერვალი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განჩინების (გადაწყვეტილების) ბათილად ცნობის შესახებ განცხადების ავტორი _ თ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის ¹ბ-1611-3(ბ-11) განჩინება

დავის საგანი _ განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 2 ივლისს თ. მ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის ¹ბს-1406-1370(კ-10) განჩინებების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 12 ივლისის განჩინებით დაადგინა, რომ თ. მ-ის განცხადებას არ ერთვოდა სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის განჩინებით თ. მ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის ქვითარი. განმცხადებელს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში განცხადება არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის განჩინებით თ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის ¹ბს-1406-1370(კ-10) განჩინებების ბათილად ცნობის თაობაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

საკასაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის განჩინების შემცველი გზავნილი თ. მ-ს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე _ ქ. ქობულეთში, ... სანაპირო ¹..-ში და ჩაბარდა 2011 წლის 8 აგვისტოს, რასაც ადასტურებდა საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინება.

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრებოდა ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყებოდა იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრული იყო მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილი იყო ვადა, შეიძლება შესრულებულიყო ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის განჩინების ასლი განმცხადებელს 2011 წლის 8 აგვისტოს ჩაბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2011 წლის 9 აგვისტოდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 2011 წლის 18 აგვისტოს (ხუთშაბათს) 24 საათზე იწურებოდა. თ. მ-მა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2011 წლის 12 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება თ. მ-ის განცხადების განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.

2011 წლის 13 ოქტომბერს თ. მ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის ¹ბ-1611-3 (ბ-11) განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მან შეამოწმა კავშირგაბმულობის ქობულეთის ოფისში არსებული ჟურნალები და დაადგინა, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის განჩინება არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებიათ. თ. მ-მა განცხადებას დაურთო მისი და მისი ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის განჩინებით თ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის ¹ბ-1611-3(ბ-11) განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე დასაშვებად იქნა ცნობილი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, თ. მ-ის განცხადებას, შეამოწმა განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის განჩინება მას კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ივლისის განჩინების შემცველი გზავნილი თ. მ-ს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე _ ქ. ქობულეთში, ... სანაპირო ¹...-ში და ჩაბარდა 2011 წლის 8 აგვისტოს, რასაც ადასტურებს მოცემულ საქმეში არსებული შეტყობინება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია განმცხადებელი უარყოფს ხარვეზის შესახებ განჩინების მისთვის ან მისი ოჯახის წევრისათვის ჩაბარების ფაქტს, თუმცა მის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება (საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ სხვა შეტყობინება დედნის სახით ან საფოსტო შეტყობინებაზე კასატორის (მისი ოჯახის წევრის) ნაცვლად სხვა პირის ხელმოწერის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც გამორიცხავდა საქმის მასალებში დედნის სახით არსებულ შეტყობინებას თ. მ-ისათვის საფოსტო გზავნილის 2011 წლის 8 აგვისტოს ჩაბარების შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის ¹ბ-1611-3(ბ-11) განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის ¹ბ-1611-3(ბ-11) განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე