ბს-107-106 (გ-12) 16 თებერვალი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელეები _ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეები და პროფკავშირის სხვა წევრები
მოპასუხე _ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებმა – ნ. მ-მა, ლ. ბ-მა, ხ. ა-მ, დ. ე-მა, ი. დ-მა, ნ. ლ-მ, ე. ჩ-მა და გ. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიმართ.
მოსარჩელეების განმარტებით, 2010 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ყრილობაზე სპმთპ-ს (საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი) პრეზიდენტი არჩეულ იქნა პროცედურული დარღვევით.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 2010 წლის 30 ოქტომბერს მოწვეულ იქნა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების მე-6 რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა. ყრილობაზე რეგისტრაცია გაიარა 203 დელეგატმა, ყრილობას ესწრებოდა 178 დელეგატი 203 ხმით, 25 მინდობილობა იყო წარმოდგენილი. ყრილობის დღის წესრიგის მეორე საკითხის - სპმთპ-ის პრეზიდენტის კენჭის ყრის დროს პროტესტის ნიშნად ყრილობა 124 დელეგატმა დატოვა. ყრილობის დელეგატებმა მანდატები თან გაიყოლეს, რათა დარბაზში დარჩენილ დელეგატებს მანდატები არ გამოეყენებინათ. მას შემდეგ რაც დელეგატებმა ყრილობა დატოვეს, ყრილობა უფლებამოსილი არ იყო გაეგრძელებინა სხდომა. მოსარჩელეების მოსაზრებით, ყრილობაზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება ბათილია, რადგან დარბაზში დარჩენილ დელაგატთა ხმათა რაოდენობა არ იყო საკმარისი. 2010 წლის 30 ოქტომბრის მე-6 რიგგარეშე საარჩევნო ყრილობას 203 (178 დელეგატი, 25 მინდობილობა) დელეგატი ესწრებოდა, კანდიდატს უნდა მიეღო არანაკლებ 102 ხმა, ხოლო 124 დელეგატის მიერ დარბაზის დატოვების შემდგომ დარბაზში მხოლოდ 79 დელეგატი დარჩა.
მოსარჩელეების განმარტებით, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წესდების მე-5 მუხლის 5.7 პუნქტის შესაბამისად, ყრილობა უფლებამოსილია თუ მას ესწრება დელეგატთა საერთო რაოდენობის 2/3. ხოლო ამავე მუხლის 5.8 პუნქტის თანახმად, ყრილობა გადაწყვეტილებას იღებს ყრილობაზე დამსწრე დელეგატთა უბრალო უმრავლესობით.
მოსარჩელეების მითითებით, 2010 წლის 30 ოქტომბერს ყრილობის დატოვების შემდგომ მოწვეულ იქნა სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრთა საგანგებო სხდომა. სხდომაზე საბჭოს წევრების მიერ განხილულ იქნა ყრილობის ლეგიტიმურობის საკითხი და მიღებულ იქნა დღის წესრიგი. ამავე სხდომაზე გადაწყვეტილი იქნა ყრილობის არჩევნების შედეგების პროცედურული დარღვევების გასაჩივრების საკითხი.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 2010 წლის 30 ოქტომბრის საგანგებო სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრთა საგანგებო სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რიგგარეშე მე-6 ყრილობის საარჩევნო-საპროცედურო კომისიისათვის მიემართათ საჩივრით, სადაც ითხოვდნენ 2010 წლის 30 ოქტომბრის სპმთპ-ის პრეზიდენტის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას (საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საარჩევნო დებულების მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი). საპროცედურო კომისიამ არ განიხილა საჩივარი და უარი თქვა მის განხილვაზე იმ მოტივით, რომ საჩივრის ავტორები ითხოვდნენ არჩევნების შემაჯამებელ ოქმს, რომლის გამოთხოვისა და გასაჩივრების უფლებაც მათ არ ჰქონდათ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის 2010 წლის 30 ოქტომბრის რიგგარეშე მე-6 საარჩევნო ყრილობის მე-2, მე-3 და მე-4 დღის წესრიგის შედეგებისა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საარჩევნო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარის 2010 წლის 10 ნოემბრის წერილის ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ამასთან, 2011 წლის 21 მარტს პროფკავშირის სხვა წევრებმაც - მ. ბ-მა და სხვებმა - სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიმართ, რომელთაც ასევე საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის 2010 წლის 30 ოქტომბრის რიგგარეშე მე-6 საარჩევნო ყრილობის მე-2, მე-3 და მე-4 დღის წესრიგის შედეგებისა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საარჩევნო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარის 2010 წლის 10 ნოემბრის წერილის ბათილად ცნობა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 მარტის განჩინებით მ. ბ-ისა და სხვათა სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული და მისი განხილვა დადგინდა ძირითად სარჩელთან ერთად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ივნისის განჩინებით სამოქალაქო საქმე ¹2/12172-10 ნ. მ-ის, ლ. ბ-ის, ხ. ა-ისა და სხვათა სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების მიმართ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის 2010 წლის 30 ოქტომბრის რიგგარეშე მე-6 საარჩევნო ყრილობის მე-2, მე-3 და მე-4 დღის წესრიგის შედეგებისა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საარჩევნო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარის 2010 წლის 10 ნოემბრის წერილის ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლზე და მიიჩნია, რომ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საარჩევნო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარის 2010 წლის 10 ნოემბრის წერილი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენდა, რის გამოც სარჩელი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა ყოფილიყო განხილული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 იანვრის განჩინებით სარჩელი მოპასუხე საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის, პრეზიდენტის მაია კობახიძის მიმართ, საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესახებ სასამართლოთა შორის დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობები, ვინაიდან, განსახილველი დავის სუბიექტები არ წარმოადგენენ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელ პირებს. ამასთან, სასამართლოს მითითებით, ცალსახაა, რომ დავა კერძო სამართლებრივი ხასიათისაა, ვინაიდან, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის 2010 წლის 30 ოქტომბრის რიგგარეშე მე-6 საარჩევნო ყრილობის მე-2, მე-3 და მე-4 დღის წესრიგის შედეგების შესაბამისობა უნდა განხორციელდეს მისივე წესდებასა და საარჩევნო დებულებასთან, ხოლო გასაჩივრებული საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საარჩევნო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარის 2010 წლის 10 ნოემბრის წერილი (რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პრეზიდენტის 2010 წლის 30 ოქტომბრის რიგგარეშე არჩევნების ბათილად ცნობის თაობაზე საჩივრის განხილვაზე), ვერ ჩაითვლება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, ვინაიდან, გამოცემული არ არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რაც თავისთავად გამორიცხავს მისი მხრიდან აღნიშნული ხასიათის აქტის გამოცემის შესაძლებლობას და მითითებული გაერთიანების წესდებითა და შესაბამისი შიდაორგანიზაციული აქტების საფუძველზე მიღებული კერძო ხასიათის მატერიალურ-სამართლებრივი დოკუმენტია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული დავა სცილდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროს, რის გამოც სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწაყვეტად საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოს უნდა გადმოგზავნოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი კი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის 2010 წლის 30 ოქტომბრის რიგგარეშე მე-6 საარჩევნო ყრილობის მე-2, მე-3 და მე-4 დღის წესრიგის შედეგებისა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საარჩევნო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარის 2010 წლის 10 ნოემბრის წერილის ბათილად ცნობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. ამასთან, დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, რომ სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილეობდეს ადმინისტრაციული ორგანო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პილიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების დაკისრების საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ კანონი ან კანონქვემდებარე აქტი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროფესიული კავშირი არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქმიანობის მიხედვით – საერთო საწარმოო, პროფესიული ინტერესებით დაკავშირებულ პირთა (მუშაკთა) ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება (ორგანიზაცია), რომლის მიზანია თავისი წევრების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა. ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, პროფესიული კავშირები, პროფესიული კავშირების გაერთიანებები (ასოციაციები) დამოუკიდებელნი არიან სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, დამსაქმებელთა, დამსაქმებელთა გაერთიანებების (კავშირების, ასოციაციების), პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციებისაგან, არ არიან მათ წინაშე ანგარიშვალდებულნი და არ ექვემდებარებიან მათ კონტროლს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამდენად, აღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ განსახილველი დავის სუბიექტები არ წარმოადგენენ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელ პირებს. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო საკითხის შეფასებისას არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სადავო სამართალურთიერთობის არსს, შინაარსსა და დავის საგანს, ანუ იმ გარემოებას, თუ სამართლის რომელი დარგის ნორმებზეა დაფუძნებული მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად კანონიერად ჩატარდა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის არჩევნები და რამდენად კანონიერად მოხდა მისი არჩევა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ყრილობის ჩატარების წესი და პროცედურები რეგულირდება საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წესდებით, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საარჩევნო დებულებით. ამასთან, “პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის მიზნებსა და ამოცანებს, წევრად მიღებისა და გასვლის წესს, წევრთა უფლება-მოვალეობებს, სტრუქტურას, უმაღლესი და ხელმძღვანელი ორგანოების კომპეტენციასა და უფლებამოსილების ვადებს, შემოსავლისა და ქონების შექმნის წყაროებსა და გამოყენების წესს, წესდებაში ცვლილებების შეტანის პირობებს, საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლებს, სახელწოდებას, ადგილსამყოფელსა და სამოქმედო ტერიტორიას, აგრეთვე მათთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს განსაზღვრავს მათი წესდებები კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წესდების მე-5 მუხლით რეგულირდება სპმთპ-ის ყრილობის უფლება-მოვალეობები, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სპმთპ-ის მართვის უმაღლესი ორგანოა სპმთპ-ის ყრილობა, ხოლო ამავე მუხლის 5.5 პუნქტის თანახმად, ყრილობის კომპეტენციას განეკუთვნება ა) სპმთპ-ის წესდების დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, სპმთპ-ის პრეზიდენტის არჩევა. ხოლო საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ყრილობის რეგლამენტის პირველი პუნქტის თანახმად, წინამდებარე რეგლამენტი წარმოადგენს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ყრილობის მუშაობის წესების განმსაზღვრელ აქტს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის საგანია საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის 2010 წლის 30 ოქტომბრის რიგგარეშე მე-6 საარჩევნო ყრილობის მე-2, მე-3 და მე-4 დღის წესრიგის შედეგების შესაბამისობა მისივე წესდებასა და საარჩევნო დებულებასთან. აღნიშნული საკითხების შესწავლა კი არა ადმინისტრაციული კანონმდებლობის, არამედ მატერიალური სამოქალაქო კანონმდებლობის _ ,,პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წესდებისა და მისი საარჩევნო დებულებების საფუძველზე უნდა მომხდარიყო. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობას სადავო საკითხთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელი თავისი არსით კერძო სამართლებრივი ხასიათისაა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საარჩევნო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარის 2010 წლის 10 ნოემბრის წერილი არ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან, არ შეიცავს აღნიშნული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით რეგლამენტირებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, კერძოდ, იგი გამოცემულია არა ადმინისტრაციული კანონმდებლობის, არამედ კერძო სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე და ასევე, სახეზე არ გვაქვს ადმინისტრაციული ორგანო. ამასთან, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი წარმოადგენს კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელიც თავისი საქმიანობისა და უფლებამოსილებათა განხორციელების ფარგლებში ხელმძღვანელობს წესდებისა და სამოქალაქო მატერიალური კანონმდებლობის შესაბამისად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მოთხოვნის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, რის გამოც მოცემული საქმე არ განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სამართალურთიერთობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებისა და პროფკავშირის სხვა წევრების სარჩელი, მოპასუხის _ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიმართ, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის 2010 წლის 30 ოქტომბრის რიგგარეშე მე-6 საარჩევნო ყრილობის მე-2, მე-3 და მე-4 დღის წესრიგის შედეგებისა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საარჩევნო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარის 2010 წლის 10 ნოემბრის წერილის ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.