ბს-98-98 (უს-12) 6 თებერვალი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. გ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 17 მარტს ა. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ქ. მარნეულში, ...ის ქ. ¹1-ში მდებარე 60 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის განჩინებით მოცემულ საქმეზე სარჩელის დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ა. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ა. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის განჩინება და საქმე სარჩელის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 თებერვლის განჩინებით ა. გ-ის სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ა. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით ა. გ-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი.
2011 წლის 1 ივნისს ა. გ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. განმცხადებელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
2011 წლის 28 ივნისის სასამართლო სხდომაზე განმცხადებელმა დააზუსტა მოთხოვნა. განმცხადებელმა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის განჩინებით ა. გ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე (დასაშვებობის სტადიიდან) განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ა. გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ა. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, სადავო მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება მოითხოვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი ასევე წარადგინა აზერბაიჯანელთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლის საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის ,,...ის” თავმჯდომარემ ქ.-მ-იმ. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, სადავო მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინებით აზერბაიჯანელთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლის საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის ,,...ის” თავმჯდომარის ქ.-მ-ის კერძო საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი; განჩინებით აზერბაიჯანელთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლის საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის ,,...ის” თავმჯდომარის ქ.-მ-ის განცხადება სადავო მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადების შესახებ ცნობილ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა აზერბაიჯანელთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლის საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის ,,...ის” თავმჯდომარემ ქ.-მ-იმ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ა. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ა. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განჩინება და განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ა. გ-მა. საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის განჩინებით ა. გ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანს იმ საფრთხის თავიდან აცილება წარმოადგენდა, რომელიც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შედეგად საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის ან გაძნელების თვალსაზრისით შეიძლება შექმნილიყო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 192-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, მასში არ იყო მითითებული ის გარემოებები, რომელთა გამო სარჩელის უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ან დაბრკოლდებოდა მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ა. გ-ის საჩივრის დაკმაყოფილებისა და სადავო ქონებაზე ყადაღის დადების საფუძველი.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს განხილვის საგანი იყო არა ა. გ-ის სარჩელი, არამედ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის (ა. გ-ის) მოთხოვნას _ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სადავო უძრავ ქონებაზე (ქ. მარნეულში, ...ის ქ. ¹1-ში მდებარე 60 კვ.მ მიწის ნაკვეთზე) ყადაღის დადება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონიძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, ასევე, განცხადება უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ამდენად, აღნიშნული მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანს წარმოადგენს იმ საფრთხის თავიდან აცილება, რომელიც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შედეგად შეიძლება შეიქმნას საქმეზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის ან გაძნელების თვალსაზრისით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში, მხარემ უნდა წარმოადგინოს იმ ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ, ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირმა, შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ა. გ-ი ვერ ასაბუთებს თუ რაში მდგომარეობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. ამასთან, მის მიერ არ წარმოდგენილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლით განსაზღვრული უზრუნველყოფის გარანტია, რაც ასევე გამორიცხავს მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს სასამართლო დავის დასრულებამდე გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის ან გაძნელების საფრთხის თავიდან აცილების საფუძვლით. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა (სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებაზე უარის თქმა) გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის ა. გ-ის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. გ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე-193-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. გ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის და 2012 წლის 3 იანვრის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.