Facebook Twitter

ბს-1056-1047(კ-11) 08 თებერვალი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. მ-ისა და ე. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.11წ. განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ნ. მ-ისა და ე. ს-ის სარჩელის გამო, მოპასუხეების – ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, არქიტექტურის სამსახურის მიმართ, მესამე პირის _ ქ. თბილისის მერიის მონაწილეობით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

24.06.08წ. ე. ს-მა და ნ. მ-მა სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის – ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, რომლებმაც მოითხოვეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

18.02.10წ. საქალაქო სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით მიმართეს ე. ს-მა და ნ. მ-მა, მოპასუხეების – ზედამხედველობის სამსახურისა და არქიტექტურის სამსახურის მიმართ, რომლებმაც მოითხოვეს არქიტექტურის სამსახურის დავალდებულება შენობა-ნაგებობის აღდგენა-აშენება- განახლების შესახებ ნებართვის დაუყოვნებლივ გაცემის შესახებ ამავე სამსახურის მიერ მომზადებული მაკეტის შესაბამისად, ასევე მოპასუხეების დავალდებულება ზიანის ანაზღაურების შესახებ და ურბანული დაგეგმარების სამსახურის წერილის არარად აღიარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.10წ. გადაწყვეტილებით ე. ს-ისა და ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 04.09.07წ. ¹4682 წერილი მისი გამოცემის დღიდან, ხოლო სარჩელი აქტის გამოცემის დავალდებულებისა და ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. მ-მა და ე. ს-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.11წ. განჩინებით ნ. მ-ისა და ე. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 30.11.10წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. მ-მა და ე. ს-მა, რომლებმაც მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ისა და ე. ს-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. მ-ისა და ე. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, კასატორს – ე. ს-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1000 ლარის) 70%, _ 700 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. მ-ისა და ე. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2011წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ე. ს-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1000 ლარის) 70%, _ 700 ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.