1050აპ. ქ. თბილისი
21 დეკემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ. ტ-სა და მსჯავრდებულ ვ. ჭ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 მარტის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის განაჩენით ვ. ჭ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა გაუპატიურება, ე.ი. სქესობრივი კავშირი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 7 სექტემბერს, დაახლოებით 16 საათზე, მთვრალი ვ. ჭ-ძე მივიდა თავის სახლში, სადაც იმ დროს იმყოფებოდა თავისი დეიდაშვილი ა. კ-ნი, რომელსაც ვ. ჭ-ემ დაუწყო ჩხუბი, თუ რატომ ხვდებოდა უცხო ბიჭებს და რატომ ეწეოდა ამორალურ ცხოვრებას, რის შემდეგაც შესთავაზა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება, რაზეც ამ უკანასკნელმა კატეგორიული უარი განუცხადა. ამის გამო ვ. ჭ-ემ განიზრახა მისი გაუპატიურება ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რა მიზნითაც დახურა სახლის ფანჯრები, ჩაკეტა კარი და ფიზიკური ძალის გამოყენებით ა. კ-ნი დააწვინა საწოლზე გულაღმა, წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით სახეში ხელი გაარტყა და, მიუხედავად ა. კ-ის ყვირილისა და წინააღმდეგობისა, ჩაუწია შარვალი და ტრუსი, ამავე დროს ცალი ხელით თვითონაც ჩაიწია შარვალი და ტრუსი, დაზარალებულს დააწვა ზემოდან და ძალადობით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი, ამავე დროს ემუქრებოდა, რომ, თუ არ გაჩერდებოდა, ორალური გზით დაამყარებდა სქესობრივ კავშირს. მოქმედებდა რა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ვ. ჭ-ემ ა. კ-ნი წამოაყენა ფეხზე, გადახარა საწოლზე და განმეორებით, ძალადობით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ იგი დასვა დივანზე, ააწევინა ფეხები და სასქესო ორგანოზე ენით დაუწყო კონტაქტი, თან ა. კ-ნს არ აძლევდა საშუალებას, მისგან თავი დაეღწია. ვ. ჭ-ემ ვერ შეძლო ჟინის დაკმაყოფილება, რადგანაც ამ დროს ეზოში შევიდა დედამისი ნ. ჭ-ძე და ბებია, რის გამოც მან თავი დაანება ა. კ-ნს, რომელმაც სახლის უკანა კარით გააღწია გარეთ და გამოცხადდა პოლიციაში.
აღნიშნული ქმედებისათვის ვ. ჭ-ეს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 აპრილის განაჩენით დანიშნული 3 წლით პირობითი სასჯელი და სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შეკრების წესით, ვ. ჭ-ეს საბოლოოდ მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 7 სექტემბრიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ხაშურის რაიონული პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა რ. ს-ამ და მსჯავრდებულმა ვ. ჭ-ემ.
პროკურორმა რ. ს-ამ სააპელაციო საჩივრით ითხოვა განაჩენის გაუქმება სასჯელის ნაწილში და ვ. ჭ-სათვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის _ 5000 ლარის დაკისრება.
მსჯავრდებულმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამართლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
კასატორი _ პროკურორი ვ. ტ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი ვ. ჭ-სათვის სასჯელის დანიშვნის ნაწილში უკანონო, ლმობიერი და დაუსაბუთებელია, ამიტომ უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო გამოძიების პროცესში მთლიანად დადასტურდა ვ. ჭ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა; მიუხედავად პროკურორის მოთხოვნისა, სასამართლოს არ უმსჯელია დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნის შესახებ ისე, რომ არ დაუდგენია მსჯავრდებულის ქონებრივი მდგომარეობა; სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ვ. ჭ-ემ ჩაიდინა განზრახი მძიმე დანაშაული პირობითი მსჯავრის დროს და დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც არ ემსახურება სასჯელის მიზნებს და აშკარად ასუსტებს დამნაშავეთა კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორი ვ. ტ-ძე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას ვ. ჭ-სათვის სასჯელის დანიშვნის ნაწილში და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად.
მსჯავრდებული ვ. ჭ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მას არ ჩაუდენია აღნიშნული დანაშაული; სასამართლომ ისე დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი, რომ საქმეში არ არსებობს სავალდებულო ექსპერტიზის დასკვნები; ფაქტობრივად განაჩენი დაადგინეს მხოლოდ ე.წ. „დაზარალებულის» ჩვენებებზე დაყრდნობით, რომელსაც იმ დღეს ეჩხუბა მისი ამორალური ქცევის გამო; მსჯავრდებულს არ ჰყავდა ადვოკატი, ამიტომ ვერ შეძლო თავისი სიმართლის დამტკიცება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს განაჩენის გაუქმებას, გამართლებასა და სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას, ასევე _ საქმის მასალების გადაგზავნას პროკურატურაში ცრუ დასმენისათვის დაზარალებულის პასუხისგებაში მისაცემად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებული ვ. ჭ-ძე მიუთითებს, რომ საქმეში არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნები და განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას.
პალატა აღნიშნავს, რომ საქმის წინასწარი გამოძიებისას ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა, რომლის დასკვნები საქმეშია, მაგრამ არცერთი მათგანი ვ. ჭ-ეს გასაცნობად არ წარდგენია. ამ უკანასკნელს, თავისივე სურვილით, არც ადვოკატი ჰყავდა.
საქმეში არ მოიპოვება სსსკ-ის 4161-ე მუხლით გათვალისწინებული შეტყობინება გამოძიების დამთავრებისა და საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გაგზავნის თაობაზე. შესაბამისად, ბრალდებულს არ მიეცა შესაძლებლობა, გასცნობოდა საქმის მასალებს, კერძოდ, საკუთარი ან სახელმწიფოს ხარჯით გადაეღო ქსეროასლები.
სსსკ-ის 563-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი გასაუქმებელია ყველა შემთხვევაში, თუ ბრალდებული ან მისი დამცველი საქმის ყველა მასალის გაცნობის უფლებით არ იქნენ უზრუნველყოფილი.
გარდა ამისა, გასაჩივრებული განაჩენი ეყრდნობა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ¹--/-- დასკვნას, რომელიც სასამართლოში არ გამოკვლეულა.
აღსანიშნავია, რომ ვ. ჭ-სათვის სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი, რომლის ნაწილი მსჯავრდებულს მოხდილი ჰქონდა და ამის შესახებ ნათლადაა მითითებული (ს.ფ. 82).
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის აღნიშნული არსებითი დარღვევების გამო საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს პროკურორისა და მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრებში მითითებულ მოტივებზე.
ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას, რომელმაც უნდა გაითვალისწინოს განჩინებაში აღნიშნული გარემოებები, აღმოფხვრას საქმის განხილვისას დაშვებული, საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, 563-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 570-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 მარტის განაჩენი ვ. ჭ-ის მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.