Facebook Twitter

ბს-1437-1419(კ-11) 28 თებერვალი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

მხარეთა დასწრების გარეშე განიხილა კასატორის _ გ. ს-ის შუამდგომლობა სსსკ-ის 272-ე მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ს-მა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების - ქუთაისის რეგიონალური ცენტრის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიმართ და მოითხოვა ქუთაისის რეგიონალური ცენტრის 2002 წლის 26 აპრილის ¹03/1045 და 2008 წლის 6 მარტის ¹021-474 შეტყობინებების საგადასახადო გირავნობა (იპოთეკის) წარმოშობის შესახებ, 2010 წლის 11 თებერვლის ცალმხრივი ,,შედარების აქტისა” და ,,საგადასახადო მოთხოვნის” ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-12; ტ1).

მოპასუხეებმა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 114-122; 136-143).

ქუთაისის საქალქო სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცის) 2002 წლის 26 აპრილის ¹03/1045 და 2008 წლის 6 მარტის ¹021-474 შეტყობინებების საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოეშობის შესახებ, 2006 წლის 1 დეკემბრის ¹128 შეტყობინების ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, ასევე 2010 წლის ცალმხრივი შედარების აქტის ბათილად ცნობა და მათი მოქმედების შეწყვეტა ძალაში შესვლის დღიდან, ასევე მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 10 მაისის ¹620/2/10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 221-227; 257-258; ტ.1).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (იხ. ს.ფ. 221-227; ტ.1).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 95-102; ტ.2).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესითY გაასაჩივრა გ. ს-მა და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 110-123; ტ.2).

სააპელაციო შესაგებლით სსიპ შემოსავლების სამსახურმა სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 141-151; ტ.2).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ივნისის განჩინებით გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 109-179; ტ.2)

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-მა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 188-201; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინებით გ. ს-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 228-229; ტ.2).

სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოსაზრებით მოითხოვა გ. ს-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. ).

საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 17 იანვრის განჩინებით გ. ს-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23.4 მუხლის ,,გ” ქვეპუნტის შესაბამისად მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

საკასაციო სასამართლოში კასატორმა წამოადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა საკასაციო საჩივარზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოუხსნა დარიცხული ჯარიმა-საურავები (იხ ს.ფ. ).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, გაეცნო კასატორის _ გ. ს-ის შუამდგომლობას საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო მასზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

კონკრეტულ შემთხვევაში პროცესის მონაწილე მხარემ _ კასატორმა გ. ს-მა - ფიზიკურმა პირმა საკასაციო საჩივარზე უარის თქმით გამოხატა ნება თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რაც მოტივირებულ იქნა იმ გარემოებით, რომ

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოუხსნა დარიცხული ჯარიმა-საურავი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ გამოხატული ნება სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე ფიზიკური პირის ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან წარმოდგენილია განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ საკასაციო სასამართლო იყენებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სსსკ-ის 272-ე, 401-ე მუხლებით და წყვეტს წარმოებას საკასაციო საჩივარზე მასზე უარის თქმის გამო.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ფიზიკური პირის მიერ პროცესუალური ნების ამგვარი გამოხატვა სრულ შესაბამისობაშია საპროცესო კანონმდებლობით აღიარებულ მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპთან, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე არ არის უფლებამოსილი მხარეთა ნების გამოხატვა დააბრკოლოს სამოსამართლო ჩარევის თვალსაზრისით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ გ. ს-ს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს მხოლოდ 153 ლარი და საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 4 ნოემბრის განჩინებით დარჩენილი ბაჟის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შესაბამისად გ. ს-ს გადახდილად უნდა ჩაეთვალოს 153 ლარი და სახელმწიფო ბაჟი განახევრებასა და დაბრუნებას არ ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 208-ე, 272-ე მუხლის “გ” პუნქტით, 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კასატორის _ გ. ს-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.