ბს-1748-1717 (3კ-11) 29 თებერვალი, 2012წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ქ. თბილისის მერიის, ო. პ-სა და რ. ჩ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. პ-მ და რ. ჩ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მიმართ, რომლითაც მოპასუხეებისათვის 1991-1992 წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.04.10 წ. საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო 1991-1992 წ.წ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამების შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.05.10 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიას სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელეებისათვის 35 699 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ქ. თბილისის მერიამ გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.09.10 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.05.10 წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ქ. თბილისის მერიამ გაასაჩივრეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.07.11 წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.09.10 წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.11.11 წ. საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირის _ 1991-1992 წ.წ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამების შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა 1991-1992 წ.წ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის საკითხების შემსწავლელი კომისია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.11 წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.05.10 წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. რ. ჩ-ისა და ო. პ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიას სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელეთათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება ქ. თბილისის მერიის მიერ ზარალის ოდენობის ხელახალი გადაანგარიშების საფუძველზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.11 წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ქ. თბილისის მერიამ, რომელთაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ასევე რ. ჩ-მა და ო. პ-მ, რომელთაც ქ. თბილისის მერიის მიერ ზარალის გადაანგარიშების ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლა და მოპასუხეთათვის 35 699 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ქ. თბილისის მერიის, ო. პ-სა და რ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი. ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ქ. თბილისის მერიის, ო. პ-სა და რ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ქ. თბილისის მერიის, ო. პ-სა და რ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.11 წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.