Facebook Twitter
ბს-108-107(გ-12) 13 თებერვალი, 2012 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა სს ,,...ის’’ სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ს.ს ,,...მა’’ (დირექტორი დ. ვ-ე) 2011 წლის 21 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ სს ,,...ისათვის’’ სატრანსპორტო საშუალებების გაფორმებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს გაუფორმოს სს ,,...ს’’ სარჩელში მითითებული სატრანსპორტო საშუალებები.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის განჩინებით სს ,,...ის’’ სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში და დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით სს ,,...ის’’ სარჩელი მოპასუხე სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით განსახილველად გადაეგზავნა განსჯად - თბილისის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მოსამართლე ლ. ქ-ი) მიერ 2011 წლის 03 ოქტომბერს მიღებული იქნა განჩინება სს ,,...ის’’ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე. ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განსაზღვრავს აღნიშნული კანონით გათვალისწინებულ საქმეთა განსჯადობას. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილი მიუთითებს განსჯად სასამართლოებს, ესენია: თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად კი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში მოვალის ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, გარდა სააპელაციო სასამართლოში და საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე დავებისა, განსახილველად გადაეცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ სასამართლოებს. შესაბამისად, აღნიშნულიდან გამომდინარე წინამდებარე საქმე განსჯადობით უნდა განიხილოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სს ,,...ის’’ სარჩელი მოპასუხე სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგი მოტივაციით:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით განმარტებულ ,,ნებისმიერ დავაში’’ იგულისხმება მხოლოდ ნებისმიერი კერძო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავა მოვალის ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება განხილული იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის შესაბამისად და არა ნებისმიერი სამართლებრივი საფუძვლიდან წარმოშობილი (სისხლის ან ადმინისტრაციული) საქმე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი ეხება სამოქალაქო სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმეების აღწერას და განმარტავს, თუ რა სამოქალაქო დავებს განიხილავს სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ადმინისტარციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართ და მხარე ითხოვს სააგენტოს მიერ სს ,,...ი’’-სათვის სატრანსპორტო საშუალებების გაფორმებაზე ურის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და სატრანსპორტო საშუალებების სს ,,...ის’’ სახელზე რეგისტრაციას, რის გამოც საქმის განხილვა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ამდენად, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია არაუფლებამოსილია განიხილოს აღნიშნული დავა და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე წამოიწყო დავა განსჯადობის თაობაზე და წინამდებარე საქმე 2012 წლის 16 იანვრის განჩინებით განსჯადობის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
განახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიმართ და სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სააგენტოს მიერ სს ,,...ისათვის’’ სატრანსპორტო საშუალებების გაფორმებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე აღნიშნული მოძრავი ნივთების მოსასრჩელის სახელზე რეგისტრაციის დავალდებულება, თუმცა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული საქმეებისათვის დგინდება სპეციალური განსჯადობა. შესაბამისად ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზნებისა და სპეციალური განსჯადობის სპეციფიკის გათვალისწინებით აღნიშნული საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ უნდა იქნეს განხილული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,...ის’’ სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2011 წლის 12 აპრილს სს ,,...სა’’ და ს. კ-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც სს,,...მა’’ გაასხვისა სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შსს სსიპ მომსახურების სააგენტოში ს. კ-ე გადაფორმდა 2011 წლის 13 აპრილს (ს.ფ 11-30; ს.ფ 44). სს ,,...სა’’ და ს. კ-ს შორის 2011 წლის 15 აპრილს გაფორმებული შეთანხმებებით შეწყდა 2011 წლის 12 აპრილის ხელშეკრულებები, თუმცა ს. კ-ს არ შუესრულებია შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და სს ,,...ზე’’ არ გადაუფორმებია სატრანსპორტო საშუალებები (ს.ფ 31-40); 2011 წლის 19 სექტემბერს სს ,,...მა’’ განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების უკან გადმოფორმების მიზნით (ს.ფ. 45-46); სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს 2011 წლის 19 სექტემბრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სს ,,...ის’’ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით (ს.ფ 47-51); სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს 2011 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს ,,...ის’’ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა 2011 წლის 19 სექტემბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ს.ფ 52-59); თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე სს “...ის’’ მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების წარმოება. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული დავა რუსთავის საქალაქო სასამართლოში იხილებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და მისი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გადაგზავნა მოხდა მხოლოდ “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე იმ მოტივით, რომ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარეობს სს “...ის’’ გაკოტრების წარმოება და აღნიშნულ შემთხვევებზე სპეციალურ განსჯადობას ითვალისწინებს კანონი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, არარეგისტრირებული კავშირისა ამხანაგობის გადახდისუუნარობის საკითხს არეგულირებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონი.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ, მართალია, “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, გარდა სააპელაციო სასამართლოში და საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე დავებისა, განსახილველად გადაეცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ სასამართლოებს, ხოლო იმავე მუხლის მე-6 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ დავებს განიხილავენ და გადაწყვეტილებას გამოიტანენ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სასამართლოები, მაგრამ მითითებული _ სპეციალური განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა არ უნდა მოხდეს ამ ნორმის მხოლოდ სიტყვასიტყვითი განმარტების საფუძველზე და მასზე მსჯელობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სამართალწარმოებისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა იმპერატიული დებულებებიც.
საკასაციო სასამართლო, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საკასაციო სასამართლო “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ რაიონული (საქალაქო) სასამართლო არის პირველი ინსტანციის სასამართლო, რომელიც მის განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განიხილავს ერთპიროვნულად ან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი (სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები) განსაზღვრავს, ადმინისტრაციული დავის საგანს და მითითებულის კონკრეტულ ჩამონათვალს იძლევა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს _ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც თავის მხრივ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში /მუხლი 26/, კერძოდ, დავის განხილვის და გადაწყვეტის აუცილებლობაში უფლებამოსილი სასამართლოს მიერ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტის მიხედვით, მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს, თუ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის. სამოქალაქო სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმეების რეგლამენტაციას კი მოიცავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი, რომელიც განმარტავს, თუ რა დავებს განიხილავს სამოქალაქო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის მე-3 თავი განსჯადობის საკითხს ეხება და ზოგადად სამოქალაქო სასამართლოს ქვემდებარე საქმეების საერთო, განსაკუთრებული, ნივთობრივი თუ სხვა პრინციპით საქმეთა გადანაწილებას ითვალისწინებს სასამართლო სისტემის შიგნით.
Aზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ვერ მოხდება, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია არაუფლებამოსილია განიხილოს სხვა სასამართლოს დაქვემდებარებული საქმე და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი ნორმა არ უნდა იქნეს გაგებული პირდაპირი მნიშვნელობით და მისი იმგვარი განმარტება, რომელიც კონსტიტუციურ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს (კანონიერი და უფლებამოსილი სასამართლოს უფლება) ეწინააღმდეგება, არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის იმპერატიულ დებულებებს. ამ ნორმის განმარტებაც უნდა მოხდეს იმგვარად, რომ მისი არსი შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მართლმსაჯულების განხორციელების ზოგად პრინციპებს. “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სპეციალური განსჯადობა განსაზღვრავს ამგვარ დავებზე ტერიტორიულად განსჯად სასამართლოს _ თბილისის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებს, თუმცა კანონის აღნიშნული სპეციალური დათქმა არ გულისხმობს, რომ ტერიტორიულად განსჯადი სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს საგნობრივად არაგანსჯადი, კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმე, ს.ს ,,...ის’’ სარჩელისა გამო, მოპასუხის - სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე სს “...ის’’ სარჩელის გამო, მოპასუხის _ სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.