კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-160-158 (კ-2კს-12) 17 თებერვალი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციული საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. მ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.12.11 წ. (სხდომის ოქმში შესწორების შეტანის თაობაზე) განჩინების ნაწილში.
საკასაციო პალატამ გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.10.11 წ. გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მ. მ-ს უარი ეთქვა დროებით შეჩერებული, იძულებით გადაადგილებული პირის _ დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ქმედების განხორციელების დავალებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.12.11 წ. განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.10.11 წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.12.11 წ. განჩინებით მ. მ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.12.11 წ. სხდომის ოქმში შესწორების შეტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით განიმარტა, რომ აღნიშნული განჩინება შეიძლება გასაჩივრებულიყო საქმეზე გამოტანილ სააპელაციო სასამართლოს განჩინებასთან ერთად სსსკ-ის 404-ე მუხლით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.12.11 წ. განჩინებაზე მ. მ-მ 04.01.12 წ. წარმოადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც ითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა კერძო საჩივრის და გასაჩივრებული განჩინების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.12.11 წ. (სხდომის ოქმში შესწორების შეტანის თაობაზე) განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე, მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება, კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირაა გათვალისწინებული საპროცესო კანონმდებლობით. მ. მ-ე კერძო საჩივრით ითხოვს სხდომის ოქმში შესწორების შეტანის თაობაზე განჩინების გაუქმებას და სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, სხდომის ოქმზე ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი შენიშვნები ოქმთან დაკავშირებით. ამდენად, სხდომის ოქმზე შესწორებების შეტანა შესაძლებელია მოცემულ ოქმთან დაკავშირებით შენიშვნების შეტანის გზით, შენიშვნებს საქმის განმხილველი მოსამართლე განიხილავს მათი შეტანიდან 5 დღის ვადაში, რომელსაც გამოაქვს განჩინება შენიშვნების შესახებ. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეს განემარტა შესაძლებლობა სადავოდ გაეხადა აღნიშნული განჩინება საქმეზე საბოლოო განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრით.
ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სხდომის ოქმთან დაკავშირებით შენიშვნებზე მიღებული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გამორიცხავს კერძო საჩივრის დაშვების შესაძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 417-ე, 420-ე, 291-ე მუხლებით, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “პ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ-ის კერძო საჩივარი (04.01.12 წ.) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.12.11 წ. (სხდომის ოქმში შესწორების შეტანის თაობაზე) განჩინების ნაწილში დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.