ბს-1079-1068(კ-11) 01 თებერვალი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლNი:
08.02.2000წ. მ. მ-მა, გ. ჯ-მა, მ. გ-მ და სხვებმა სარჩელი აღძრეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების – ქ. თბილისის მერიის, არქიტექტურის საქალაქო სამსახურის, არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის, მშენებლობის მინისტრის მიმართ და მოითხოვეს ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹28-ში უკანონო მშენებლობის შეჩერება და ზიანის ანაზღაურება.
რაიონული სასამართლოს 20.07.2000წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “...ის 28”.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 06.11.2000წ. გადაწყვეტილებით მ. მ-ის, გ. ჯ-ისა და სხვათა სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. მ-მა, გ. ჯ-მა და სხვებმა, რომლებმაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, საცხოვრებელი სახლის მე-6 და მე-7 სართულების მოშლა, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 14.11.2002წ. გადაწყვეტილებით მ. მ-ის, გ. ჯ-ისა და სხვათა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. მ-მა, გ. ჯ-მა და სხვებმა. საკასაციო სასამართლოს 02.02.2007წ. განჩინებით მ. მ-ის, გ. ჯ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს 17.12.2007წ. საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹28-ში მდებარე მრავალსართულიანი სახლის მე-6 და მე-7 სართულის მაცხოვრებლები: რ. ჯ-ი, ზ. კ-ე და ნ. მ-ე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მ. ს-ის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება მისი მეუღლე – ვ. კ-ე.
სააპელაციო სასამართლოს 04.06.2008წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა. საკასაციო სასამართლოს 21.01.2009წ. განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საკასაციო საჩივარი.
საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინებით გ. ი-სა და გ. ჯ-ის სარჩელი დარჩა განუხილველად, ხოლო ნ. შ-ძის, ი. თ-ისა და დ. კ-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო მათ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების აქტის ბათილად ცნობა.
საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინებით მოსარჩელე ი. მურვანიძე შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით – ა. თ-ით.
საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.09.2009წ. განჩინებით მ. მ-ის, ი. მ-ისა და სხვათა სარჩელზე მე-6 და მე-7 სართულების დემონტაჟისა და ექსპლუატაციაში მიღების აქტის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო, ხოლო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-მა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრა მ. მ-ის, ა. თ-ის, ვ. კ-ის, ზ. კ-ს, მ. ბ-სა და ც. ხ-ს მიერ.
სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებით ამხანაგობა “...ის 28-ის” ნაცვლად საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ქ. თბილისში, ...ის 28-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეები.
მ. ბ-ისა და ც. ხ-ს სააპელაციო საჩივრები დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს 13.04.2011წ. განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. გ-ა.
სააპელაციო სასამართლოს 02.05.2011წ. განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ვ. კ-ის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
სააპელაციო სასამართლოს 03.05.2011წ. განჩინებით მ. მ-ის, ა. თ-ისა და ზ. კ-ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 30.09.2009წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. მ-მა, ზ. კ-მ და ა. თ-მ, რომლებმაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს. კასატორებმა მიუთითეს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი იქნებოდა დაკონკრეტებული საკასაციო საჩივარი, თუმცა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი უზენაეს სასამართლოში კასატორებს არ წარმოუდგენიათ.
საკასაციო სასამართლოს 05.12.2011წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი ა. თ-ისა და ზ. კ-ს ნაწილში დარჩა განუხილველად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მ. მ-ის ნაწილში საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. მ-ის ნაწილში საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არცერთი საფუძველი, რის გამოც მ. მ-ის ნაწილში საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ-ის ნაწილში საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.05.2011წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.