ბს-1330-1315(კ-11) 9 თებერვალი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – შპს “...”
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1) ქ. თბილისის მერია; 2) ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 16 თებერვალს შპს “...მ” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1998 წლის 26 ნოემბრის ¹209 განკარგულებით შპს “...ს” ხელმძღვანელობას 5 წლის ვადით ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹2-ში, რკინიგზის გადასასვლელი ხიდის მიმდებარე მოედანზე მსუბუქი კონსტრუქციებით დამზადებული მოდური სავაჭრო ცენტრის მოსაწყობად 92.4 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა. ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით მიწის მართვის დეპარტამენტს “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹2-ში, რკინიგზის გადასასვლელი ხიდის მიმდებარე მოედანზე ქ. თბილისის არქიტექტურის 1998 წლის 10 აპრილის ¹145-ე ბრძანებით დამტკიცებული პროექტის მიხედვით აშენებული შენობა-ნაგებობის (სავაჭრო ცენტრის) მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის შპს ,,...ს” სახელზე რეგისტრაციაში გატარება დაევალა. “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 23 ოქტომბრის ¹21.16.1202 დადგენილების, ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1998 წლის 26 ნოემბრის ¹209 განკარგულების, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებისა და ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ 2004 წლის 3 თებერვალს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹2-ში, რკინიგზის გადასასვლელი ხიდის მიმდებარე მოედანზე მდებარე 140 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 82.5 კვ.მ. შენობა-ნაგებობა საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შპს “...ს” სახელზე.
მოსარჩელის მითითებით, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მიერ 2007 წლის 15 იანვარს მიღებულ იქნა ბრძანება გლდანი-ნაძალადევის რაიონში გადასასვლელი ხიდის მიმდებარე მოედანზე, ...ის ქ. ¹2-ში უკანონო დროებითი ნაგებობის დემონტაჟის შესახებ. აღნიშნული ბრძანებით, მითითებულ მისამართზე მდებარე ნაგებობა ცნობილ იქნა უკანონოდ იმ საფუძვლით, რომ ამ მიწის ნაკვეთზე ნაგებობის განთავსების ვადა 2002 წლის 23 ოქტომბერს ამოიწურა. შპს “...ს” სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ, 2007 წლის 17 იანვარს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შპს “...ს” საკუთრებაში არსებული სავაჭრო პავილიონის დემონტაჟი მოახდინა.
მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისათვის უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანის _ 140.250 ლარის, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის _ 1000 ლარისა და საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 4308 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
2007 წლის 18 ივნისს შპს “...მ” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 15 იანვრის ¹3-ო ბრძანებისა და მისგან წარმოშობილი იურიდიული შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 აგვისტოს საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ¹3/2011-07 (შპს “...ს” სარჩელი, მოპასუხის _ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გაუერთიანდა ადმინისტრაციულ საქმეს ¹3/753-07 (შპს “...ს” სარჩელი, მოპასუხის _ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, უკანონო ქმედებით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ივნისის განჩინებით საქმეზე დაინიშნა სასამართლო ექსპერტიზა; ექსპერტიზის დამთავრებამდე შეჩერდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 აპრილის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეზე თანამოპასუხედ მიეთითა ქ. თბილისის მერია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით შპს “...ს” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის 2007 წლის 15 იანვრის ბრძანება გლდანი-ნაძალადევის რაიონში გადასასვლელი ხიდის მიმდებარე მოედანზე, ...ის ქ. ¹2-ში უკანონო დროებითი ნაგებობის დემონტაჟის შესახებ; მოპასუხეებს _ ქ. თბილისის მერიასა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს შპს “...ს” სასარგებლოდ მიყენებული მატერიალური ზიანის სახით _ 825 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება დაეკისრათ; მოპასუხეებს _ ქ. თბილისის მერიასა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს შპს “...ს” სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 42.075 აშშ დოლარისა (ექვივალენტი ლარში) და 100 ლარის ანაზღაურება დაეკისრათ; ქ. თბილისის მერიასა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს შპს “...ს” სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის _ 1000 ლარის ანაზღაურება დაეკისრათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...მ”, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა. აპელანტებმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებითY შპს “...ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება მოპასუხეებისათვის შპს “...ს” სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის 1000 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ქ. თბილისის მერიასა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს შპს “...ს” სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის _ 55 ლარის ანაზღაურება დაეკისრათ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებაზე და განმარტა, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებდა მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ მხარეს ადვოკატების ხარჯების ანაზღაურება არ შეეძლო, მისი შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს უფლება ჰქონდა მოეწვია ადვოკატი სახელმწიფო ხარჯზე იმ შემთხვევაში, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილი იყო. აღნიშნულ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებდა ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 53-ე მუხლის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებდა მეორე მხარეს, მაგრამ ეს ხარჯები არ უნდა ყოფილიყო დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტზე მეტი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში იგულისხმებოდა მოგებული დავის საგნის ღირებულების არა უმეტეს 4 პროცენტის დაკისრება და არა ზოგადად, სარჩელში მითითებული დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტის დაკისრება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს “...ს” სარჩელი დაკმაყოფილდა 825 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურების ნაწილში, მოპასუხეებს შპს “...ს” მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის _ 825 აშშ დოლარის 4 პროცენტის ექვივალენტის ლარის ოდენობით ანაზღაურება უნდა დაკისრებოდათ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...მ”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაზე უარის თქმისა და მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია ის ფაქტი, რომ შპს “...ს” თავდაპირველად ორი სარჩელი ჰქონდა წარდგენილი, რომლებიც მოგვიანებით ერთ საქმედ გაერთიანდა. პირველი სარჩელით შპს “...” ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის 2007 წლის 15 იანვრის ბრძანების ბათილად ცნობას, ხოლო მეორე სარჩელით მოპასუხეების მიერ აღნიშნული ბრძანების საფუძველზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა, ხოლო მეორე _ ნაწილობრივ. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მოპასუხეთათვის მხოლოდ 825 აშშ დოლარის 4%-ის დაკისრების თაობაზე იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს “...ს” საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 იანვრის განჩინებით შპს “...ს” საკასაციო საჩივარი მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება შპს “...ს” სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; შპს “...ს” საკასაციო საჩივარი ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა ჩაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, განსახილველად დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, ამავე ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “...ს” საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ვინაიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 იანვრის განჩინებით შპს “...ს” საკასაციო საჩივარი მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ხოლო საკასაციო საჩივარი ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს მხოლოდ მოპასუხეთათვის მოსარჩელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის _ 1000 ლარის დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2 000 ლარამდე ოდენობით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, მოპასუხეებისათვის შპს “...ს” სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,...ს” სასარჩელო მოთხოვნას ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 15 იანვრის ¹3-ო ბრძანების ბათილად ცნობა და აღნიშნული ბრძანების საფუძველზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენდა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს არაქონებრივი დავიდან წარმოშობილი ქონებრივი დავა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით შპს “...ს” სასარჩელო მოთხოვნა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის 2007 წლის 15 იანვრის ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, 825 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურების ნაწილში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადებაზე, რომლის თანახმად, არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას 2 000 ლარამდე ოდენობით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს არაქონებრივი დავიდან გამომდინარე ქონებრივი დავა და შპს ,,...ს” სასარჩელი მოთხოვნა არაქონებრივ დავაზე (ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის 2007 წლის 15 იანვრის ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე) დაკმაყოფილდა სრულად, ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების საკითხზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების მოთხოვნაც.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ 2007 წლის 9 თებერვლის ¹1 სალარო შემოსავლის ორდერზე, რომლის თანახმად, შპს ,,...ს” დირექტორს გ. კ-ს სპს ,,ს-ე, სო-ე, ძ-ე იურიდული ფირმა ... კომპანიისათვის” გადახდილი აქვს ადვოკატის მომსახურების საფასური _ 1000 ლარის ოდენობით (ტ. I, ს.ფ. 57).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯის ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულების და განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მოპასუხეებს _ ქ. თბილისის მერიასა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს შპს ,,...ს” სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ, ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის _ 300 ლარის ანაზღაურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “...ს” საკასაციო საჩივარი დაშვებულ _ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისათვის შპს “...ს” სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის _ 55 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “...ს” სარჩელი, მოპასუხეთათვის მის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის _ 1000 ლარის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ქ. თბილისის მერიასა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს შპს ,,...ს” სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ, ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის _ 300 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე და 53-ე მუხლებით, 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს “...ს” საკასაციო საჩივარი დაშვებულ _ ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისათვის შპს “...ს” სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის _ 55 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ,,...ს” სარჩელი, მოპასუხეებისათვის ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის _ 1000 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. მოპასუხეებს _ ქ. თბილისის მერიასა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს შპს “...ს” სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის _ 300 ლარის ანაზღაურება დაეკისროთ;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.