საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1740-1709(კ-11) 17 თებერვალი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ლ. ჭ-ის წარმომადგენლის – ნ. შ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2011 წლის 13 დეკემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1740-1709(კ-11) ლ. ჭ-ის წარმომადგენლის – ნ. შ-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 დეკემბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ლ. ჭ-ის წარმომადგენლის – ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტისა და 396.2 მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, კასატორი საკასაციო საჩივარში არ უთითებდა, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზს), არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე /იხ.ს.ფ. ტ. II; 136-137/.
2012 წლის 11 იანვარს საკასაციო სასამართლოს მომართა ლ. ჭ-ის წარმომადგენელმა – ნ. შ-მ და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება 10 დღით იმ მოტივით, რომ მარწმუნებელმა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად უნდა გააფორმოს სასესხო ხელშეკრულება სს ,,... ბანკთან”, რისთვისაც ესაჭიროება დრო (იხ. ტ. II; ს.ფ. 146).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის განჩინებით ლ. ჭ-ის წარმომადგენლის – ნ. შ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გაუგრძელდა საპროცესო ვადა კიდევ 10 დღით, რათა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟი და დასაბუთებული საკასაციო საჩივარი (იხ. ტ. II; ს.ფ. 158-159).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ლ. ჭ-ის წარმომადგენლის – ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორს საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 23 დეკემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების მიზნით საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 16 იანვრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა დამატებით 10 დღით, რათა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და დასაბუთებული საკასაციო საჩივარი. აღნიშნული განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ლ. ჭ-სა და მის წარმომადგენელს – ნ. შ-ს გაეგზავნათ 2012 წლის 17 იანვარს. საქმეში წარმოდგენილი, საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად ლ. ჭ-ს საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 16 იანვრის განჩინება ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ჩაჰბარდა 2012 წლის 22 იანვარს, ხოლო მის წარმომადგენელს – 2012 წლის 18 იანვარს /იხ. ტ. II; ს.ფ. 166; 169/, შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2012 წლის 30 იანვარს, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კასატორს ხარვეზი არ შეუვსია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ჭ-ის წარმომადგენლის – ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 390-ე, 396-ე, 447-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ჭ-ის წარმომადგენლის – ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;2. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.