ბს-1256-1242(კ-11) 22 თებერვალი, 2012 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – სს “...ა”
მოწინააღმდეგე მახარე (მოპასუხეები) _ სსიპ შემოსავლების სამსახური; ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტი “დასავლეთ პორტალი”, პორტალი “ბათუმის პორტი”; ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
21.02.11წ. შპს “...მ” სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამხახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის 07.12.10წ. ¹604/2595/10, ¹604/2596/10; 13.12.10წ. ¹604/2707/10 და 16.12.10წ. ¹604/2866/10 საბაჟო შეტყობინებების, 15.11.10წ. ¹044678, ¹044679; 25.11.10წ. ¹044695, 13.12.10წ. ¹044734 საბაჟო სამართალდარღვევების ოქმების, შპს “...ის” 21.12.10წ. საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 31.12.10წ. ¹2769 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 31.01.11წ. ¹03/1423 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; დაკისრებული პასუხისმგებლობისაგან კორპორაციის გათავისუფლება, ასევე გაწეული პროცესის ხარჯების მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 06.04.11წ. გადაწყვეტილებით შპს “...ის” სარჩელი არ დაკამყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 22.06.11წ. განჩინებით შპს “...ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 06.04.11წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...მ” და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატის 22.06.11წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარეჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამრთლოს 22.09.11წ. განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს “...ის” საკასაციო საჩივარი.
27.09.11წ. შპს “...მ” განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა შპს “...ის” საპროცესო უფლებამონაცვლედ სს “...ის” ჩაბმა საქმეში, რადგან 05.09.11წ. განხორციელდა კორპორაციის რეორგანიზაცია, რის შედეგადაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.09.11წ. განჩინებით სს “...ის” შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შპს “...ის” საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს “...ა”.
საქართველოს უზენაესი სასამრთლოს 22.11.11წ. განჩინებით სს “...ის” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
15.02.12წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარემ – სსიპ შემოსავლების სამსახურმა წარმოადგინა შემოსავლების სამსახურის 06.02.12წ. ¹1417 ბრძანება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის 31.12.10წ. ¹2769 ბრძანება და ბათუმის რეგიონალური ცენტრის ¹604/2595/10, ¹604/2596/10, ¹604/2707/10 და ¹604/2866/10 საბაჟო შეტყობინებები და მომსახურების დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სს “...ის” სარჩელზე დაუშვებლობის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
საქმის მასალების თანახმად, ...ის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის 15.11.10წ. ¹044678, ¹044679; 25.11.10წ. ¹044695; 13.12.10წ. ¹044734 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების, 07.12.10წ. ¹604/2595/10, ¹604/2596/10; 13.12.10წ. ¹604/2707/10; 16.12.10წ. ¹604/2866/10 საბაჟო შეტყობინებების, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შემოსავლების სამსახურის 31.12.10წ. ¹2769 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 31.01.11წ. ¹03/1423 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით დაკისრებული ჯარიმის _ 4000 ლარისაგან გათავისუფლება. მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებდა იმ გარემოებაზე, რომ სს “...ის” მხრიდან ადგილი არ ჰქონია საბაჟო კოდექსის 250.2 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს – ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ტვირთის – ნედლი ნავთობის ღირებულების შესახებ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემების მითითებას, ანუ ნავთობტერმინალში შემოტანილი ტვირთი არ ყოფილა დეკლარირებულთან შედარებით ნაკლები ოდენობის. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საბაჟო დეკლარაციაში მონაცემების შეტანა მოხდა საერთაშორისო გამოთვლების სტანდარტების “გოსტების” შესაბამისად ნედლეულის მასის განსაზღვრის შედეგად. საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა არ გაიზიარეს მოსარჩელის არგუმენტები გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობასთან დაკავშირებით, მიიჩნიეს, რომ 13.03.1992წ. ხელმოწერილი “სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის განხორციელების შესახებ” საერთაშორისო შეთანხმების დებულებები, რომლებიც ეხება ე.წ. “გოსტის” სტანდარტებს, ზოგადი ხასიათისაა, საჭიროებენ დაზუსტებას შიდასახელმწიფოებრივი აქტების მეშვეობით, ხოლო შიდასახელმწიფოებრივი აქტები არ იყო მიღებული.
საკასაციო სასამართლოში კასატორმა – სს “...მ” წარმოადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის 29.06.11წ. ¹3376 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობის გაზომვის მეთოდების დასაშვები ცდომილების ნორმები. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ნორმები ითვალისწინებდა ნედლი ნავთობის აზომვის დროს სტატიკური მეთოდის გამოყენებას, რომელიც ისევე როგორც “გოსტები”, დასაშვებად მიიჩნევდა ამგვარი გაზომვის შედეგად ცდომილებას +/_0,5%. მოწინააღმდეგე მხარემ _ სსიპ შემოსავლების სამსახურმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა შემოსავლების სამსახურის 06.02.12წ. ¹1417 ბრძანება, რომლითაც დაკმაყოფილდა სს “...ის” ადმინისტრაციული საჩივარი, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 31.12.10წ. ¹2769 ბრძანება და ბათუმის რეგიონალური ცენტრის ¹604/2595/10, ¹604/2596/10, ¹604/2707/10 და ¹604/2866/10 საბაჟო შეტყობინებები. აღნიშნული ბრძანების თანახმად, “შემოსავლების სამსახურის 29.06.11წ. ¹3376 ბრძანებით დამტკიცებული “ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობის გაზომვის მეთოდების დასაშვები ცდომილების ნორმების” მოქმედების პირობებში სს “...ს” საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებოდა, ვინაიდან ნავთობის ნეტო მასის გაზომვისას გამოვლენილი ნაკლებობა აღნიშნული ბრძანებით დაშვებული ცდომილების ფარგლებშია”.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამ კოდექსის 22-ე_25-ე მუხლების საფუძველზე წყვეტს სარჩელის დასაშვებობის საკითხს. თუ დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა საეჭვოა ან მოსამართლე მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, სასამართლო სარჩელის მიღებიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს განმწესრიგებელ სხდომას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელი ძირითადი თავისებურება არის ის, რომ სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე_179-ე მუხლების მოთხოვნებს, ისე სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნას, რაც სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას იმსჯელოს სარჩელის დასაბუთებულობაზე (მატერიალური დასაშვებობა). სარჩელის დასაშვებობის საკითხს სასამართლო ამოწმებს სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე, მაგრამ საქმის განმხილველი მოსამართლე არ არის შეზღუდული განმწესრიგებელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით და იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვის შემდეგ ეტაპზე გამოვლინდა სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლები, სასამართლო უფლებამოსილია განჩინებით შეწყვიტოს საქმის წარმოება. სარჩელის დასაშვებობის შემოწმება ხდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე_25-ე მუხლების შესაბამისად. შეცილებითი სარჩელის შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამდენად, სარჩელის დასაშვებად ცნობის სავალდებულო პირობა არის მხარის კანონიერი ინტერესის არსებობა.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და აღნიშნული აქტებით საბაჟო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება, ანუ სარჩელის მიზანი იყო დაკისრებული ჯარიმის მოხსნა. სადავო აქტების გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში გადაამოწმა რა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მართლზომიერება, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად გამოაცხადა ძალადაკარგულად, ანუ სადავო აქტებმა შეწყვიტეს მოქმედება, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ სს “...ის” მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამდენად, მხარეებს შორის წარმოშობილი იურიდიული კონფლიქტი მოგვარებულია. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამომცემმა ორგანომ დავა გადაწყვიტა იმ გზით, რომ კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ მიიჩნია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მათი ძალადაკარგულად გამოცხადების გზით, რითაც ფაქტობრივად აღდგენილ იქნა ის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა სადავო აქტების გამოცემამდე და ფაქტობრივად მიღწეულ იქნა შედეგი, რომლის დადგომასაც მიზნად ისახავდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა.
აღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262.6 მუხლის შესაბამისად სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, რამდენადაც სარჩელის, როგორც მატერიალური უფლების რეალიზაციის პროცესუალური საშუალების დაშვების წინაპირობას წარმოადგენს დაინტერესებული მხარის დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, გასაჩივრებული აქტის გაუქმების მიმართ კანონიერი ინტერესის არსებობა, მოდავე მხარეებს შორის სამართლებრივი კონფლიქტის გადაუჭრელობა. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების შედეგად მხარეთა შორის სადავო საკითხი გადაწყვეტილია, რის გამოც აღარ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის მიმართ მხარის კანონიერი ინტერესი და შესაბამისად, საქმის განსახილველად დაშვების პროცესუალური წინაპირობა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ძალაშია და არ გაუქმებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 31.01.11წ. ¹03/1423 გადაწყვეტილება, რომლითაც ძალაში დარჩა სსიპ შემოსავლების სამსახურის შემოსავლების სამსახურის უფროსის 31.12.10წ. ¹2769 ბრძანება. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში როდესაც გაუქმებულია აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძვლები საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 31.01.11წ. გადაწყვეტილებას იურიდიული ძალა არ გააჩნია და შესაბამისად, მას სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვება.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს “...ს” (საიდენტიფიკაციო კოდი ...) ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.3 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შპს “...ის” მიერ 21.07.2011წ. ¹957 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის ნახევარი 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 9.3, 262, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს “...ის” სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 06.04.11წ. გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.11წ. განჩინება;
3. სს “...ს” (საიდენტიფიკაციო კოდი ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შპს “...ის” მიერ 21.07.2011წ. ¹957 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ნახევარი 150 ლარი;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. ქადაგიძე