გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3/ად-4გ 27 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. კლარჯეიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს შორის განსჯადობის შესახებ დავა და გამოარკვია, რომ 2001 წლის 20 თებერვალს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა საწარმოო გაერთიანება «თ.” შრომითი კოლექტივის საინიციატივო ჯგუფის წევრმა მ. ჩ-შვილმა და მიუთითა, რომ 2001 წლის 5 იანვარს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ არსებითად განიხილა ს/გ «თ.” შრომითი კოლექტივის საინიციატივო ჯგუფის წევრთა სარჩელი მოპასუხეების: სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს, საქართველოს პრეზიდენტის, სს «მ.”, სს «ს.”, ი. ხ-ძის, შპს «თ. დ.”, აგრეთვე, მე-3 პირის _ საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ და სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საინიციატივო ჯგუფის წევრის მ. ჩ-შვილის განცხადებით, ს/გ «თ.” ქონება უპატრონო მდგომარეობაშია და ნადგურდება, რისთვისაც აღნიშნული ქონების აღწერასა და დალუქვას მოითხოვს.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 თებერვლის განჩინებით მ. ჩ-შვილის განცხადება საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს გადაეგზავნა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2001 წლის 6 მარტის განჩინებით მიიჩნია, რომ აღნიშნული განცხადება საოლქო სასამართლოს განსჯადი არ არის და სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა და მიაჩნია, რომ ს/გ «თ.” შრომითი კოლექტივის საინიციატივო ჯგუფის წევრის მ. ჩ-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში განხილვის სტადიაშია სს «ს.” და ი. ხ-ძის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, რომლითაც ს/გ «თ.” შრომითი კოლექტივის საინიციატივო ჯგუფის წევრების _ ს. მ-ძისა და მ. ჩ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 193-ე, 372-ე და 399-ე მუხლების შესაბამისად მ. ჩ-შვილის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ვინაიდან აღნიშნულ სარჩელს, რომლის უზრუნველსაყოფადაც შეტანილია მ. ჩ-შვილის განცხადება, საკასაციო წესით იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საწარმოო გაერთიანება «თ.” შრომითი კოლექტივის საინიციატივო ჯგუფის წევრის მ. ჩ-შვილის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განსახილველად დაექვემდებაროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.