გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ/ად107-კ 9 ოქტომბერი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე,
ნ. კლარჯეიშვილი
კასატორის, ქობულეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლის თ. კ-ის, მოწინააღმდეგე მხარის, შ.პ.ს. „ბ-ის“ დირექტორის ს. ი-ის წარმომადგენლის ლ. შ-ის მონაწილეობით განიხილა აჭარის ა.რ. ქობულეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის 16.05.2000 წ. გადაწყვეტილებაზე. სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
შ.პ.ს. „ბ-ის“ დირექტორმა ს. ი-მა განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონის გამგეობას, რომლითაც მოითხოვა სუპერმარკეტის და საკონდიტრო საამქროს მშენებლობის ნებართვის გაცემა. ქ. ქობულეთის საკრებულოს გამგეობის 26.07.97 წ. ¹18 დადგენილებით ს. ი-ს ნება მიეცა სუპერმარკეტის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე. გამოყოფილმა კომისიამ 29.07.98 წ. შედგენილი აქტით ობიექტის მშენებლობისათვის შეარჩია 0,06 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ......-ისა და .....-ის ქუჩებს შორის. ქობულეთის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის 31.07.98 წ. ¹103 განკარგულებით დამტკიცდა 29.07.98 წ. ადგილის შერჩევის აქტი და შ.პ.ს. „ბ-ს“ სავაჭრო ობიექტის მშენებლობისათვის .....-ისა და ......-ის ქუჩებს შორის გამოეყო 0.06 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ქობულეთის რაიონის გამგეობის 13.08.98 წ. ¹16/588 წერილით მშენებლობა შეჩერებულ იქნა, ხოლო 26.08.98 წ. ¹83 დადგენილებით „ქობულეთის რაიონის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობის აღკვეთის ღონისძიებათა შესახებ“ გაუქმდა მიწის შერჩევის აქტი, ქ. ქობულეთის საკრებულოს გამგეობის 26.07.97 წ. ¹18 დადგენილება პროექტირების ნებართვის გაცემაზე, ქობულეთის რაიონის გამგეობის 31.07.98 წ. ¹103 განკარგულება. აჭარის ა.რ. ურბანიზაციის და მშენებლობის სამინისტროს წინაშე დაისვა საკითხი შ.პ.ს. „ბ-ზე“ გაცემული მშენებლობის ნებართვის გაუქმების თაობაზე.
ქობულეთის რაიონის გამგეობის აღნიშნული აქტის გაუქმების მოთხოვნით ს. ი-მა 01.09.99 წ. სასარჩელო განცხადებეით მიმართა ქობულეთის რაიონის სასამართლოს. 17.03.2000 წ. გადაწყვეტილებით ს. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს 16.05.2000 წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს. ი-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, ქობულეთის რაიონის სასამართლოს 17.03.2000 წ. გადაწყვეტილებასთან ერთად გაუქმდა ქობულეთის რაიონის გამგეობის 26.08.98 წ. ¹83 დადგენილება, მოსარჩელეს მიეცა ნება გაეგრძელებინა მშენებლობა ადრე მიღებული მშენებლობის ნებართვის დოკუმენტების საფუძველზე. სააპელაციო პალატამ ს. ი-ის განცხადების, ქ. ქობულეთის საკრებულოს გამგეობის 26.07.98 წ. ¹18 დადგენილების, ქობულეთის რაიონის გამგეობის 31.07.98 წ. ¹103 დადგენილების საფუძველზე მიიჩნია, რომ ნაკვეთის გამოყოფა უნდა მომხდარიყო საეზოვე მიწის ნაკვეთის გარეთ, ვინაიდან ს. ი-ის ეზო ...... გამზირზე არ გადის, ხოლო გამოყოფილი მიწის ფართობი აღემატება ეზოს ფართობს. გამოყოფილი ნაკვეთის საზღვრები დაზუსტებული იყო, რის დასადასტურებლად პალატა უთითებს მრავალწლიანი ფიჭვის ხის მოჭრის ნებართვის გაცემაზე. სააპელაციო პალატის აზრით, ს. ი-მა მშენებლობის ნებართვა მიიღო დადგენილი წესების დაცვით, მშენებლობა დაიწყო სრულყოფილი დოკუმენტაციის შედგენის და სათანადო ნებართვის მიღების შემდეგ, რის გამო უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული 26.08.98 წ. ¹83 დადგენილება. პალატამ მიუთითა, რომ დოკუმენტაციის ხარვეზიანობა ქმნიდა მისი სრულყოფის და არა მშენებლობის ნებართვის აქტის გაუქმების პირობას, ვინაიდან არასრულყოფილი დოკუმენტების გაცემა ს. ი-ის ბრალით არ მომხდარა, იგი არ იყო მოწვეული ქობულეთის რაიონის გამგეობის მიერ საკითხის განხილვისას.
აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს 16.05.2000 წ. გადაწყვეტილებაზე ქობულეთის რაიონის გამგეობის მიერ შეტანილ იქნა საკასაციო საჩივარი. კასატორი ითხოვს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 16.05.2000 წ. გადაწყვეტილების გაუქმებას და უთითებს, რომ ს. ი-მა განცხადებით მოითხოვა მშენებლობის ნებართვა ...... ¹64-ში ...... გამზირის მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ურბანიზაციის და მშენებლობის სამინისტროს არქმშენინსპექციის 03.07.98 წ. მშენებლობის დაწყების ¹2 ნებართვა ასევე გაცემულია აღნიშნულ მისამართზე. სუპერმარკეტის მშენებლობა დაიწყო სულ სხვა ტერიტორიაზე. კასატორი უთითებს, რომ დადგენილი წესის დარღვევით მიწის შერჩევის აქტი გაცემულ იქნა მშენებლობის დაწყების ნებართვის შემდეგ, აქტში არ არის მითითებული .....-ისა და ......-ის ქუჩებს შორის არსებული 2354 მ2 თავისუფალი მიწის ნაკვეთიდან, რომელი 600 მ2 გამოიყო სამშენებლოდ, აქტს არ ერთვის ნაკვეთის აღწერილობა, არ არის განსაზღვრული მისი საზღვრები.
კასატორის აზრით, შერჩევის აქტის შედგენამდე ს. ი-ის მიერ მი-წათსარგებლობის გადასახადის გადახდით დაირღვა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის და საქართველოს ურბანიზაციის და მშენებლობის მინისტრის 05.03.98 წ. ¹12 ბრძანებით დამტკიცებული „მშენებლობის დაწყების ნებართვის გაცემის წესის“ 2.1. პუნქტი. საკასაციო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სადავო აქტი მიღებულია საჩივრის განხილვის დროისათვის მოქმედი „საქართველოს რესპუბლიკის რაიონის (ქალაქის) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შესახებ“ დროებითი დებულების მოთხოვნათა შესაბამისად.
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ კომისიის მიერ შედგენილ მიწის ნაკვეთის შერჩევის აქტში მითითება იმის შესახებ, რომ შერჩეულ იქნა ტერიტორია ......-ისა და ......-ის ქუჩებს შორის, ს.ი-ის განცხადებასთან, სხვადასხვა უწ-ყებების მიერ გაცემული ნებართვებთან ერთად, იძლევა საკმაო საფუძველს გამოყოფილი ნაკვეთის საზღვრების დადგენისათვის. გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენას ადასტურებს აგრეთვე კომისიის 27.07.98 წ. აქტი, რაიონის გამგეობის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის განყოფილების დასკვნა იმის შესახებ, რომ ნაკვეთი დათვალიერებულ იქნა და ს. ი-ს მიეცა მშენებლობის ადგილას მდებარე მრავალწლიანი ფიჭვის ხის მოჭრის უფლება. ის ფაქტი, რომ სუპერმარკე-ტის მშენებლობა დაწყებულია კომისიის მიერ შერჩეულ ადგილას, დასტურდება აგრეთვე სააპელაციო პალატის მთლიანი შემადგენლობის მიერ ადგილის დათვალიერებით, 16.05.2000 წ. გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო პალატისათვის. უმართებულოა აგრეთვე კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ 08.07.97 წ. განცხადებით ს. ი-ი ითხოვდა სუპერმარკეტის აშენებას მის კუთვნილ საკარმიდამო ნაკვეთში. ქობულეთის რაიონის გამგეობაში შეტანილი განცხადებით განმცხადებელი უთითებდა, რომ განზრახული ჰქონდა სუპერმარკეტის მშენებლობა ქ. ქობულეთში, ..... ¹64-ში არსებული მისი საკარმიდამო ეზოს მიმდებარედ დ. ....... მხრიდან, რომელიც დაკავებული იყო ამორტიზირებული და ფუნქციადაკარგული მცირე ზომის ჯიხურებით. საკუთარ ეზოში ობიექტის მშენებლობისათვის საჭირო არ იქნებოდა ადგილობრივი მმართვე-ლობის ორგანოებისადმი მიმართვა, მიწათსარგებლობის გადასახადის გადახდა.
პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შერჩევის აქტის შედგენამდე და მიწის გამოყოფამდე ს. ი-ის მიერ მიწის სარგებლობაში გადაცემისათვის 2073.60 ლარის გადახდით დაირღვა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2,მე-3 მე-4 პუნქტები და საქართველს ურბანიზაციის და მშენებლობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მშენებლობის დაწყების ნებართვის გაცეის წესის“ 2.1. პუნქტი. არასასოფლო-სამეურენეო დანიშნულების მიწის ფართობის გამოყოფისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე ს. ი-ის მიერ მიწის ერთჯერადი გადასახადის გადახდის დროისათვის 28.10.98 წ. კანონი «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” არ მოქმედებდა, ხოლო საქართველოს ურბანიზაციის და მშენებლობის მინისტრის 05.03.98 წ. ბრძანებით დამტკიცებული „მშენებლობის დაწყების ნებართვის გაცემის წესი“ აღნიშნულ საკითხებს არ არეგულირებს. კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა აგრეთვე მშენებლობის წარმოებაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თანხმობას. რაიონის გამგეობა სადავო აქტის მიღების დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 16.09.95 წ. ¹362 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შესახებ“ დროებითი დებულების 22-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილი იყო შეეჩერებინა იმ ობიექტების მშენებლობა, რომელთა ეკოლოგიური უსაფრთხოებაც არ იყო უზრუნველყოფილი. მშენებლობის შეჩერების უფლებამოსილება, „არქიტექტორულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ 14.11.97 წ. კანონის თანახმად, შეადგენს არქმშენინსპექციის ფუნქციას. ვინაიდან მშენებლობა დაიწყო საჭირო დოკუმენტაციის შედგენისა და სათანადო ნებართვების მიღების შემდეგ, რაც საბოლოოდ დადასტურდა ქობულეთის რაიონის გამგეობის 31.07.98 წ. ¹103 განკარგულებით, საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს მას უკანონოდ.
პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენლის მიერ გამოთქმული იქნა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მშენებლობის შეჩერება განპირობებული იყო დოკუმენტაციის არასრულყოფილებით და ნაკლოვანების აღმოფხვრის შემდეგ შე-საძლებელია მშენებლობის საკითხის დადებითი გადაწყვეტა. ამასთანავე პალატა თვლის, რომ დოკუმენტაციის არასრულყოფილება იძლეოდა მისი სრულყოფის და არა მშენებლობის წარმოებისათვის საჭირო აღმჭურველი აქტების გაუქმების საფუძველს, მით უფრო, რომ აღნიშნული აქტების საფუძველზე ს. ი-მა შეასრულა გარკვეეული იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები (გადაიხადა მიწის ნაკვეთის ერთჯერადი გადასახადი, ობიექტის ასაშანებლად დადო ხელშეკრულება შპს „ნ-სთან“ და სხვ.). პალატა უმართებულოდ მიიჩნევს აგრეთვე საკითხის გადაწყვეტას დაინტერესებული მხარის მოწვევის, საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობის მიცემის გარეშე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მშენებლობის დაწყების ნებართვა წარმოადგენს მშენებლობის პროექტის განხორციელების და არა მშენებლობის ადგილის განსაზღვრის სამართლებრივ საფუძველს. რაც შეეხება მშენებლობის დაწყების ნებართვის გაცემის წესის დარღვევას „არქიტექტორულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი წარმოადგენს არქიტექტორულ-სამშენებლო საქმიანო-ბაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევის წინაპირობას, რომლისთვისაც აღნიშნული კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმები, როგორც დამკვეთისათვის, ასევე ადგილობრივი არქმშენინსპექციისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქობულეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არის დაუსაბუთებელი და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქობულეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკაყოფილდეს. ძალაში დარჩეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 16.05.2000 წ. გადაწყვეტილება.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.