Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3/ად132 10 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ი. ტაბუცაძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: _ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

«თბილისში ებრაელთა სასაფლაოს ხელყოფის ფაქტის შესახებ” საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 5 თებერვლის ¹ 34 განკარგულებით დაგმობილ იქნა ქ. თბილისში, 1994 წლის 30 იანვარს მომხდარი ბარბაროსული აქტი და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს დაევალა განეხილა და ხელი შეეწყო საქართველოს ებრაელთა მატერიალური კულტურის ძეგლთა დაცვისა და მოვლა-პატრონობის პროგრამის განხორციელებისათვის.

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 5 თებერვლის ¹ 34 განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1994 წლის 14 აპრილის ¹ 274გ განკარგულების პირველი პუნქტის თანახმად საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს დაევალა 1994 წლის განმავლობაში ებრაული საზოგადოებრივი და რელიგიური ორგანიზაციების ფართო მონაწილეობით გამოევლინა და აღერიცხა რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ებრაელთა ძველი სასაფლაოები, სალოცავები, საზოგადოებრივი ნაგებობები და კულტურის სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები, განესაზღვრა მათი სტატუსი და არსებული წესით წარედგინა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისათვის დასამტკიცებლად.

პრემიერ-მინისტრის განკარგულების მე-2 პუნქტის თანახმად საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო–საწარმოო სამმართველოს, მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაევალათ: ა) უზრუნველეყოთ რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ებრაელთა ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღრიცხვა-ფიქსაცია, პასპორტიზაცია, დაცვითი ზონების დადგენა, კონსერვაცია _ რესტავრაცია და მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება; ბ) განეხილათ და ოპერატიულად გადაეწყვიტათ ებრაელთა სალოცავი შენობების თავდაპირველი, კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნებისა და მათი პირვანდელი დანიშნულებით ამოქმედებისა და ებრაული საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებო და საზოგადოებრივი მუშაობისათვის იმ შენობების გამოყოფის საკითხი, რომლებიც ადრე ებრაულ საზოგადოებებს ეკუთვნოდათ და მჭიდროდ არიან დაკავშირებული მათ ისტორიასა და კულტურასთან.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1994 წლის 14 აპრილის ¹ 274 გ განკარგულების მე-2 პუნქტის შესრულების მიზნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 22 ივნისის ¹ 12.64.530 დადგენილების 1-ლი პუნქტის თანახმად დაკმაყოფილდა თბილისის ებრაელთა რელიგიური საზოგადოების თხოვნა და პირვანდელი დანიშნულებით (ებრაული თემის სამლოცველო) ამოქმედების მიზნით გადაეცა საკუთრების უფლებით ქ. თბილისში ...ის ქ. ¹ 10, ყოფილი ...ის შენობა.

მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად ცნობად იქნა მიღებული, რომ თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 1994 წლის 10 ნოემბრის ¹ 09.08.60 გადაწყვეტილების საფუძველზე ძალადაკარგულად ჩაითვალა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 28 მაისის ¹ 636 განკარგულება დასახელებული შენობის ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ასოციაციისათვის იჯარით გადაცემის შესახებ.

დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად გაუქმებულად ჩაითვალა თეატრ-სტუდია «მ-სა» და «... ინსტიტუტს» შორის გაფორმებული ხელშეკრულება აღნიშნული შენობის იჯარით გადაცემის შესახებ, ხოლო მე-4 პუნქტით თბილისის ებრაელთა რელიგიურ საზოგადოებას უნდა უზრუნველეყო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაფორმება სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტში.

1995 წლის 2 აგვისტოს სახელმწიფო ახალგაზრდულ დრამატულ თეატრ-სტუდია «მ-ის» (შემდგომში «მ. თ-ის») დირექტორმა კ. გ-ძემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის მიმართ სარჩელი აღძრა საქართველოს რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოში და «....ის ქ. ¹ 10 შენობის თბილისის ებრაელთა რელიგიური საზოგადოებისათვის გადაცემის შესახებ» ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 22 ივნისის ¹ 12.64.530 დადგენილების გაუქმება მოითხოვა. სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: 1. ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹ 10-ში მდებარე შენობა «მ. თ-ის» ბალანსზე ირიცხება, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტს თეატრის წერილობითი თანხმობის გარეშე უფლება არ ჰქონდა შენობა თბილისის ებრაელთა რელიგიური საზოგადოებისათვის გადაეცა; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტი, სადავო დადგენილების მე-3 პუნქტით გასცდა თავის უფლებამოსილებას, რადგან «მ. თ-სა” და «... ინსტიტუტს» შორის 1994 წლის 18 ოქტომბერს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების კომპეტენცია მას არ გააჩნდა.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1995 წლის 5 სექტემბრის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა თბილისის ებრაელთა რელიგიური საზოგადოება, რომელმაც 1995 წლის 27 ნოემბერს შემხვედრი სარჩელი აღძრა მოპასუხის «მ.თ-ისა» და თანამოპასუხის «... ინსტიტუტის მიმართ» და ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹ 10-ში მდებარე შენობიდან მათი გამოსახლება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 22 ივნისის ¹ 12.64.530 დადგენილებით ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹ 10-ში მდებარე ყოფილი სინაგოგის შენობა პირვანდელი დანიშნულებით (ებრაული თემის სამლოცველო) ამოქმედების მიზნით დაუბრუნდა შენობის კანონიერ მესაკუთრეს _ თბილისის ებრაელთა რელიგიურ საზოგადოებას, რომელსაც იგი 1930-იან წლებში უკანონოდ ჩამოერთვა. ამავე დადგენილებით გაუქმებულად ჩაითვალა «მ.თ-სა» და «... ინსტიტუტს» შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულება. ამასთან, შენობა ტექინვენტარიზაციის ბიუროში აღრიცხულია თბილისის ებრაელთა რელიგიური საზოგადოების ბალანსზე.

საქართველოს რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოს 1995 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით «მ.თ-ს» უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო თბილისის ებრაელთა რელიგიური საზოგადოების შემხვედრი სარჩელი დაკმაყოფილდა და «მ.თ-ი» და «...» ინსტიტუტი გამოსახლებულ იქნენ სადავო შენობიდან.

«მ.თ-ის» საზედამხედველო საჩივრის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს საზედამხედველო კოლეგიის 1996 წლის 3 აპრილის განჩინებით შეჩერებული იქნა საქმის წარმოება და საქმის მასალები დასკვნისათვის, იყო თუ არა სადავო შენობაში როდესმე განთავსებული თბილისის ებრაელთა თემის სამლოცველო ანუ სინაგოგა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას გადაეგზავნა.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის 1996 წლის 4 ოქტომბრის დასკვნისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 1997 წლის 3 აპრილის ¹ 4-11/5312 წერილის საფუძველზე, უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს საზედამხედველო კოლეგიამ 1997 წლის 7 მაისის განჩინებით განაახლა საქმის საზედამხედველო წარმოება, ხოლო იმავე წლის 18 აპრილის დადგენილებით ძალაში დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ქალაქ თბილისის მერის 1997 წლის 8 ივლისის ¹ 69 განკარგულებით, გაუქმდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 22 ივნისის ¹ 12.64.530 დადგენილება «...ის ქ. 10 შენობის თბილისის ებრაელთა რელიგიური საზოგადოებისათვის გადაცემის შესახებ».

1997 წლის 8 ივლისსავე «ჯ. ბ-ის სახელობის თბილისის ...» ინსტიტუტის რექტორმა ბექა ბ-ემ განცხადებით მიმართა ... აღნიშნულ საქმეზე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვა მოითხოვა.

ამავე პერიოდში საქართველოს უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოს საზედამხედველო საჩივრით ერთობლივად მიმართეს «... ინსტიტუტის» რექტორმა ბ. ბ-ემ, ევროპისა და ამერიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ი. ტაბაღუამ და «... თეატრის» დირექტორმა მ. თ-ემ, ასევე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ი. გ-მა. საზედამხედველო საჩივრის საფუძვლად «... თეატრის» წარმომადგენლები სხვა გარემოებებთან ერთად იმ გარემოებაზეც მიუთითებდნენ, რომ, ამჟამად, სადავო შენობაში «... ინსტიტუტთან» ერთად განთავსებულია «.. თეატრი, რის გამოც საქმე თავიდან უნდა იქნეს განხილული».

საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პროტესტი აღნიშნულ საქმეზე საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდიუმის 1997 წლის 14 ნოემბრის დადგენილებით დაკმაყოფილდა, გაუქმდა უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1995 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს საზედამხედველო კოლეგიის 1997 წლის 18 აპრილის დადგენილება.

1997 წლის 12 სექტემბერს თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოებამ ქ. თბილისის მერიის მიმართ სარჩელი აღძრა უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოში და ქ. თბილისის მერის 1997 წლის 8 ივლისის ¹ 69 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს ფუნქციონირების შეწყვეტასთან დაკავშირებით ორივე საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განსახილველად ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს გადაეცა, რომელმაც 1998 წლის 26 მარტის განჩინებით აღნიშნული საქმეები ერთ წარმოებად გააერთიანა და საქმეში მესამე პირებად «ჯ. ბ-ის სახელობის თბილისის ... ინსტიტუტი” და «... თეატრი» ჩააბა, თუმცა ამაზე განჩინება არ მიუღია.

ამავე პერიოდში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1998 წლის 31 მარტის განჩინებით მოქალაქეების: ბ. და თ. ბ-ეების, მ. თ-ის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1994 წლის 14 აპრილის ¹ 274 გ განკარგულების მე-2 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად და საქმეზე სამართალწარმოება შეწყდა იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული აქტი არანორმატიული ხასიათისაა და ამიტომ იგი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი არ არის.

ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღნიშნული საქმე (¹ 2/399) არაერთხელ იქნა განხილული, ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა და ბოლოს ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების სარჩელი დაკმაყოფილდა და გაუქმდა ქ. თბილისის მერის 1997 წლის 8 ივლისის ¹ 69 განკარგულება. დადგენილად იქნა ცნობილი, რომ სადავო შენობა წარმოადგენდა ებრაელთა საკულტო ნაგებობას, სინაგოგას, ამასთან, ქ. თბილისის მერიასა და ქალაქის მუნიციპალიტეტს მოპასუხე მუნიციპალიტეტის თეატრ-სტუდია «მ-სათვის» შესაფერისი სხვა შენობის გამოყოფა დაევალა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ აუდიტორული დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, მესამე პირებს – «... ინსტიტუტს” და «... თეატრს”, სადავო შენობის მშენებლობისათვის გაწეული ხარჯები ანაზღაურებოდათ.

მესამე პირის - «... თეატრის» სააპელაციო საჩივარი, რომლითაც თეატრის დირექტორი მ. თ-ე ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა, განსახილველად ქალაქ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას გადაეცა. სააპელაციო პალატამ 1999 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით კიდევ ერთი კომისიური ექსპერტიზა დანიშნა და სადავო შენობის ადგილობრივი დათვალიერება ჩაატარა. სააპელაციო სასამართლომ მთავარ სხდომაზე საქმის ზეპირი მოსმენისას მხარეთა მოთხოვნები კიდევ ერთხელ დააზუსტა:

«მ.თ-მა» სარჩელით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 22 ივნისის ¹ 12.64.530 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოებამ შეგებებული სარჩელით «... თეატრისა» და «ჯ. ბ-ის სახელობის თბილისის ... ინსტიტუტის» ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹ 10-ში მდებარე შენობიდან, კერძოდ, შენობის დარბაზიდან გამოსახლება მოითხოვა, ხოლო სარჩელით ქ. თბილისის მერის 1997 წლის 8 ივლისის ¹ 69 განკარგულების ბათილად ცნობა და ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹ 10-ში მდებარე შენობაზე, კერძოდ, შენობის დარბაზზე მათი საკუთრების უფლების დადგენა მოითხოვა.

მესამე პირმა «... თეატრმა» სააპელაციო საჩივრით ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 24 თებერვლის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, «მ.თ-ის» სარჩელის დაკმაყოფილება და თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების შეგებებული სარჩელისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

მოპასუხემ, ქ. თბილისის მერიამ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს, ხოლო თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების სარჩელი ქ. თბილისის მერის 1997 წლის 8 ივლისის ¹ 69 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

მესამე პირმა «ჯ. ბ-ის სახელობის ... ინსტიტუტმა» მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და «მ.თ-ის» სარჩელის დაკმაყოფილება, თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების შეგებებული სარჩელისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით მესამე პირის, «... თეატრის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. «მ.თ-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 22 ივნისის ¹ 12.64.530 დადგენილება, მისგან გამომდინარე იურიდიული შედეგებით. თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების შეგებებული სარჩელი მესამე პირების «... თეატრის» და «ჯ. ბ-ის სახელობის ... ინსტიტუტის» ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹ 10-ში მდებარე შენობიდან გამოსახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის მერის 1997 წლის 8 ივლისის ¹ 69 განკარგულება, ხოლო თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების სარჩელი ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹ 10-ში მდებარე შენობაზე მათი საკუთრების უფლების დადგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 1995 წლის 22 ივნისის ¹ 12.64.530 დადგენილება გამოიცა საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1994 წლის 14 აპრილის ¹ 274 განკარგულების მე-2 პუნქტის შესრულების მიზნით, ეს უკანასკნელი კი სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 5 თებერვლის ¹ 34 განკარგულების შესასრულებლად. ამასთან, სასამართლოს აზრით, პრემიერ-მინისტრის ¹ 274 განკარგულება გასცდა და აშკარად აღემატებოდა სახელმწიფო მეთაურის ¹ 34 განკარგულების შესრულების მიზანს, ვინაიდან სახელმწიფო მეთაურის განკარგულება არავითარ მითითებას ჩამორთმეული ნაგებობების დაბრუნების თაობაზე არ შეიცავდა. სასამართლომ ეჭვი გამოთქვა, ჰქონდა კი პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება დაევალებინა მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისათვის, გადაეწყვიტათ ებრაელთათვის ჩამორთმეული სალოცავების და კულტურის ძეგლების კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნების საკითხი, მაშინ,M როცა არა თუ 1994 წელს, დღესაც კი არ არის გადაწყვეტილი საქართველოში 20-იან წლებში რეპრესიების მსხვერპლთა კუთვნილი შენობების მესაკუთრეთათვის დაბრუნების საკითხი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პრემიერ-მინისტრის განკარგულების 1-ლი პუნქტი საერთოდ არ შესრულებულა, აგრეთვე, არ შესრულებულა განკარგულების მე-2 პუნქტის «ა» ქვეპუნქტი – არ მომხდარა ებრაელთა ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღრიცხვა-ფიქსაცია, პასპორტიზაცია, ისე იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის სადავო დადგენილება ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹ 10-ში მდებარე შენობის თბილისის ებრაელთა რელიგიური საზოგადოებისათვის გადაცემის შესახებ. დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად გაუქმებულად ჩაითვალა თეატრ-სტუდია «მ-სა» და «... ინსტიტუტს» შორის გაფორმებული ხელშეკრულება ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹ 10-ში მდებარე შენობის იჯარით გადაცემის შესახებ, მაშინ, როცა, სააპელაციო სასამართლოს აზრით, «იჯარის შესახებ 1994 წლის 25 მაისის კანონის მე-4 მუხლის თანახმად: «იჯარით ქონების გამცემი (მეიჯარე) შეიძლება იყოს მესაკუთრე ან მისგან უფლებამოსილი პირი, იჯარით ქონების ამღები (მოიჯარე) შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, ფიზიკურ პირთა ჯგუფი ან იურიდიული პირი». «მ.თ-ს» კულტურის სამინისტრომ 1993 წლის 20 მაისის ¹ 02/474-2 წერილით დაუდასტურა იჯარის ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება, ხოლო ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად: «იჯარის პერიოდში მეიჯარესა და მოიჯარეს შორის ხელშეკრულების შესრულების, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე წამოჭრილ სადავო საკითხებს განიხილავს და წყვეტს სასამართლო». აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 20 სექტემბრის ¹ 555-1-ს დადგენილებით დამტკიცებული «სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის წესის თაობაზე» დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, «თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, სადავო საკითხებს წყვეტს ან ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით საიჯარო ხელშეკრულებას აუქმებს სასამართლო».

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მუნიციპალიტეტის კაბინეტმა ორ იურიდიულ პირს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების გაუქმებით სასამართლო ფუნქციის განხორციელება იტვირთა და გასცდა სახელმწიფო მეთაურის 1992 წლის 19 დეკემბრის ¹ 9 ბრძანებულებით დამტკიცებული დროებითი დებულების «საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის – ქ. თბილისის მმართველობის ორგანოების უფლებამოსილებათა შესახებ» მოთხოვნებს, უკანონოდ გადაამეტა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს (დებულების მე-3 მუხლი).

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 22 ივნისის ¹ 12.64.530 დადგენილება, რის საფუძველზეც უარი უთხრა თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოებას შეგებებული სარჩელის, სადავო შენობიდან მესამე პირების: «ჯ. ბ-ის სახელობის ... ინსტიტუტის» და «... თეატრის» გამოსახლების დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების სარჩელი, ძალადაკარგულად გამოაცხადა ქ. თბილისის მერის 1997 წლის 8 ივლისის ¹ 69 განკარგულება და უარი უთხრა საზოგადოებას ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹ 10-ში მდებარე შენობის დარბაზზე საკუთრების უფლების დადგენაზე შემდეგი მოტივებით:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა «საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის – ქ. თბილისის მმართველობის ორგანოების უფლებამოსილებათა შესახებ» სახელმწიფო მეთაურის 1992 წლის 10 დეკემბრის ¹ 9 ბრძანებულებით დამტკიცებული დროებითი დებულების მე-2 და მე-3 მუხლებით და მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს, არ ჰქონდა უფლებამოსილება თავისი განკარგულებით გაეუქმებინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 22 ივნისის ¹ 530 დადგენილება, ვინაიდან აღნიშნული დადგენილებით განკარგული იქნა მუნიციპალური საკუთრების ქონება, რაც მხოლოდ მუნიციპალიტეტის კაბინეტის უფლებამოსილებების სფეროს და კომპეტენციას განეკუთვნება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების მოსაზრება, რომ სადავო შენობა 1923 წლამდე წარმოადგენდა ებრაელთა საკულტო ნაგებობას – სინაგოგას და საქმის მასალების გაანალიზების, ექსპერტთა დასკვნების გაცნობისა და სადავო შენობის ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგენილად ჩათვალა, რომ მოძიებული და გამოვლენილი საარქივო მასალებით არ დასტურდება სადავო შენობის, კერძოდ, დარბაზის ნაწილის საკულტო ნაგებობად აგებისა და ფუნქციონირების ფაქტი, ამასთან, სასამართლოს აზრით, ვინაიდან თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოებისათვის სადავო შენობაზე საკუთრების უფლების მიმნიჭებელი აქტი, თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 22 ივნისის ¹ 12.64.530 დადგენილება 1997 წლის 9 ოქტომბრიდან გაუქმებულია, მიიჩნია, რომ თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების მოთხოვნას ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹ 10-ში მდებარე შენობის დარბაზზე საკუთრების უფლების დადგენის შესახებ საფუძველი აღარ გააჩნია.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებაზე, თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების მიერ შეტანილ იქნა საკასაციო საჩივარი, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, საქმე განიხილა ცალმხრივად და ტენდენციურად, გამოიკვლია და შეაფასა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებანი და გამოიტანა უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც არა მხოლოდ პროცესუალური ნორმების დარღვევას, არამედ ობიექტური და ფაქტობრივი მასალების უგულებელყოფასა და არაჯეროვან შეფასებას ეფუძნება.

კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ იგნორირება გაუკეთა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებასთან შექმნილი კომისიის 1995 წლის 10 აპრილის დასკვნას, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ დ. მუსხელიშვილი, თ. ბერიძე, გ. ნ-ი, თ. ს-ძე, ა. სონღულაშვილი, ო. ტ-ლი და ნ. ჯ-ძე. აღნიშნული დასკვნის თანახმად, «მიმდინარე საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში ებრაელთა სალოცავი შენობა, მდებარე ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹ 10-ში (ამჟამად, ...ის ქ. ¹ 10-ში) გადაკეთებულ იქნა ... კულტურის სახლად». კასატორის აზრით, ვერც ერთმა შემდგომ მიღებულმა დასკვნამ ვერ უარყო, რომ სადავო შენობა ... კულტურის სახლს წარმოადგენდა, უფრო ზუსტად, 1928 წელს სადავო შენობა (სინაგოგა გადაკეთდა ღარიბ ებრაელთა დამხმარე კომიტეტად - «ღარიბკომად», ხოლო 1932 წელს – ებრაელთა კულტურის სახლად, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა ლ. ბ-ს სახელი. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ გაზეთები: «ა. კ.» (1933 წ.) და «კ.» (1934 წ.), ასევე, 1938 წელს ქართველი ებრაელი ახალგაზრდების მიერ სტალინისადმი მიწერილი წერილი, სადაც აღნიშნულია: «ებრაელთა სალოცავი შენობა 1932 წელს გადაკეთებულ იქნა ლ. ბ-ს სახლად» (უიცსა ფ. 600, აღწ ¹ 1, საქმე ¹ 5647, ფურცელი 8). კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა ამ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, მაშინ, როდესაც იდენტიფიკაციას «სინაგოგა» _ «ბ-ს კლუბი» სწორედ აღნიშნული დოკუმენტები ადასტურებდა. სასამართლომ, ასევე, უგულებელყო ამ უბანში მცხოვრებ მოქალაქეთა ჩვენებები, რომელთა უმრავლესობა მიუთითებდა, რომ ლ. ბ-ს სახელობის ებრაელთა კულტურის სახლი ადრე ებრაელთა სალოცავს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ, კასატორის აზრით, არ გამოიკვლია და არ შეაფასა 1923 წლის 10 მაისით დათარიღებული საარქივო დოკუმენტი, რომლის თანახმადაც «1923 წლის 13 იანვრის ქ. თბილისის მილიციის უფროსის განკარგულებით დაილუქა I ებრაული სამლოცველო სახლი, მდებარე ...ის ქ. ¹ 10, როგორც «სამხედრო ტიპის სინაგოგა» რუსი ებრაელებისა».

კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 5 მარტის ¹ 268 დადგენილება, რომლის თანახმადაც «მ.თ-ს» არ ჰქონდა უფლებამისილება სადავო შენობაზე «...» ინსტიტუტთან” საიჯარო ხელშეკრულება გაეფორმებინა ქონების მართვის კომიტეტის უშუალო მონაწილეობის გარეშე, მითუმეტეს კულტურის სამინისტროს გვერდის ავლით.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას შეგებებული საკასაციო საჩივრით მიმართა «... თეატრმა» და ქალაქ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების შეგებებული სარჩელი და იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების სარჩელი. ამასთან, «... თეატრის» აზრით, განუხილველი უნდა დარჩეს თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების სარჩელი შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოება არ წარმოადგენს სამართალსუბიექტს. იგი არ არის ფიზიკური პირი, არ არის იურიდიული პირი და არც ის არაიურიდიული პირია, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობა იცნობს. ამდენად, მას არ გააჩნია უფლებაუნარიანობა და შესაბამისად ქმედუნარიანობაც. აქედან გამომდინარე, სსსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად, იგი ვერ იქნება სამართალწარმოების მონაწილე მხარე, რამეთუ ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მხარე შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, არაიურიდიული პირი – ორგანიზაცია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება იყოს მხარე, რაც მოცემულ შემთხვევაში არა გვაქვს.

კასატორი, «... თეატრი» თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მიერ დარღვეულ იქნა სსსკ-ის 79-ე მუხლის მოთხოვნები, რაც სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ისეთ საპროცესო დარღვევას განეკუთვნება, რომელმაც თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების სარჩელთან დაკავშირებით (როგორც დაკმაყოფილებულ, ასევე დაუკმაყოფილებელ ნაწილში) არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების სარჩელი სსსკ-ის 275-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო «... თეატრის» შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹ 10-ში მდებარე სადავო შენობა საქართველოს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროს 1988 წლის 23 ივნისის ¹ 339 ბრძანებისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს 1988 წლის 29 ივნისის ¹ 061988 ბრძანების საფუძველზე თბილისის ცენტრალური საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლის საექსპლოატაციო სამმართველოსაგან 1988 წლის 28 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით ფლობისა და სარგებლობის უფლებით საქართველოს კულტურის სამინისტროს სახელმწიფო ახალგაზრდულ დრამატულ თეატრ-სტუდია «მ.თ-ს» გადაეცა. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 13 მაისის ¹ 364 დადგენილებით განისაზღვრა, რომ 1993 წლის 1 ივლისიდან «მ.თ-ის» დაფინანსება ქ. თბილისის ბიუჯეტიდან განხორციელდებოდა, რასაც საფუძვლად «საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის – ქ. თბილისის მმართველობითი ორგანოების უფლებამოსილებათა შესახებ» საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, სახელმწიფოს მეთაურის 1992 წლის 19 დეკემბრის ¹ 9 ბრძანებულება დაედო. ბრძანებულების მე-8 და მე-9 პუნქტების თანახმად დაწესდა, რომ სახელმწიფო ქონების დეცენტრალიზებისა და ქ. თბილისის თვითმმართველობის ეკონომიკური ბაზის გაფართოების მიზნით 1993 წლის 11 იანვრიდან 1 ივნისამდე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის განკარგულების საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალურ საკუთრებაში, დამტკიცებული ნუსხის მიხედვით, ობიექტების გადაცემა მომხდარიყო. ამდენად, ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹ 10-ში მდებარე სადავო შენობა 1993 წლის 1 ივლისიდან ქ. თბილისის მუნიციპალურ საკუთრებას წარმოადგენდა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 22 ივნისის ¹ 12.64.530 დადგენილების 1-ლი, მე-2 და მე-4 პუნქტები უკანონოა და თვლის, რომ ვინაიდან «საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის – ქ. თბილისის მმართველობითი ორგანოების უფლებამოსილებათა შესახებ» საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, სახელმწიფოს მეთაურის 1992 წლის 19 დეკემბრის ¹ 9 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტი «ქმნის პირობებს რელიგიური ორგანიზაციების ფუნქციონირებისათვის». . . , «მართავს და განკარგავს მუნიციპალურ ქონებას», ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის სადავო დადგენილების 1-ლი, მე-2 და მე-4 პუნქტები უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომპეტენციის ფარგლებშია მიღებული.

საკასაციო პალატა, ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ, რადგან საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1994 წლის 14 აპრილის ¹274გ განკარგულება თავისი შინაარსით გასცდა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 5 თებერვლის ¹ 34 განკარგულებას, ამიტომ იგი უკანონოა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ჯერ ერთი, ამ საფუძვლით ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის უკანონოდ ცნობის საფუძვლებს მოქმედი ადმინისტრაციული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს; მეორეც, მას შემდეგ, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1998 წლის 31 მარტის განჩინებით პრემიერ-მინისტრის 1994 წლის 14 აპრილის ¹ 274გ განკარგულება არ იქნა მიჩნეული ნორმატიულ აქტად, ამ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის საფუძველზე არც ერთ მხარეს საერთო სასამართლოების წინაშე არ დაუყენებია და ამდენად, ვერც სასამართლო იმსჯელებდა ამ აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. ამასთან, საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დღეისათვის საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1994 წლის 14 აპრილის ¹ 274 გ განკარგულება კიდეც რომ იყოს ძალადაკარგულად გამოცხადებული, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების თანახმად, იგი არ გამოიწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას, რადგან ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ნიშნავს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას, რაც მოცემულ შემთხვევაში არავის მოუთხოვია.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის სადავო დადგენილების მე-3 პუნქტის შესახებ და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა «იჯარის შესახებ» 1994 წლის 25 მაისის კანონის მე-4 და მე-15 მუხლები, «სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის წესის თაობაზე», საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 20 სექტემბრის ¹ 555-1-ს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლი და სწორად მიიჩნია, რომ მუნიციპალიტეტის კაბინეტი, ორ იურიდიულ პირს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების გაუქმებით, გასცდა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს და უკანონოდ გააუქმა «მ.თ-სა» და «ჯ. ბ-ის სახელობის თბილისის ... ინსტიტუტს» შორის ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹ 10-ში მდებარე შენობაზე 1994 წლის 18 ოქტომბერს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება». საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული 1994 წლის 18 ოქტომბრის საიჯარო ხელშეკრულება ეფუძნებოდა 1992 წლის 9 ოქტომბრის საიჯარო ხელშეკრულებას, რომლითაც «... ინსტიტუტი», ქ. თბილისის მერიას დაქვემდებარებულ ორგანიზაციასთან («არქდიზაინსერვისთან») შეთანხმებული პროექტის თანახმად, მიზნად ისახავდა შენობის კაპიტალურ რემონტს და ვალდებულებას კისრულობდა ყოველწლიურად გადაეხადა «მ.თ-ისათვის» 3000 აშშ დოლარი. საიჯარო ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება «მ.თ-ს» საქართველოს კულტურის სამინისტრომ ჯერ კიდევ მაშინ დაუდასტურა (1993 წლის 20 მაისი, წერილი ¹ 02/474-2), სანამ «მ.თ-ი» ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს გადაეცემოდა, რომლის გადაცემის შემდეგ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს საიჯარო ხელშეკრულება სადავოდ არ გაუხდია, უფრო მეტიც, მასთან დაქვემდებარებული ორგანიზაციის დასკვნების საფუძველზე, წლების განმავლობაში სადავო შენობის აღდგენითი სამუშაოები ხორციელდებოდა.

რაც შეეხება თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების მოსაზრებას საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 5 მარტის დადგენილების თაობაზე, საკასაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან აღნიშნული დადგენილება ეხება სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემას გამოსყიდვის უფლებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

მესამე პირების, «ჯ. ბ-ის სახელობის ... ინსტიტუტის» და «... თეატრის» წარმომადგენლები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 22 ივნისის ¹ 12.64.530 დადგენილების ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითებდნენ, რომ მათი აზრით, ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹ 10-ში მდებარე სადავო შენობა ისტორიულად ებრაელ თემს არასოდეს ეკუთვნოდა და მათ მიერ მოპოვებული საარქივო მასალებით არ დგინდებოდა ამ შენობის ებრაელთა საკულტო ნაგებობად-სინაგოგად არც აშენების და არც ფუნქციონირების ფაქტი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტს იგი თბილისის ებრაელთა რელიგიური საზოგადოებისათვის არ უნდა გადაეცა.

ამ ფაქტების დასადგენად, ჯერ საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოსა და შემდეგ საერთო სასამართლოების მიერ არაერთი ექსპერტიზა ჩატარდა. ექსპერტთა აზრი არასოდეს ყოფილა ერთმნიშვნელოვანი. ექსპერტთა ერთი ნაწილის აზრით, შენობა არ წარმოადგენდა საკულტო ნაგებობას. არსებობს საპირისპირო აზრიც, რომ «მიმდინარე საუკუნის (XX ს.) 30-იანი წლების დასაწყისში ებრაელთა სალოცავის შენობა (მდებარე პირველი მაისის ქ. ¹ 10-ში, ამჟამად, ...ის ქ. ¹ 10) გადაკეთებულ იქნა ... კულტურის სახლად». ერთმნიშვნელოვანი არ იყო არც სასამართლოს გადაწყვეტილებები. საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოსა და ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ იქნა, რომ სადავო შენობა წარმოადგენდა ებრაელთა საკულტო ნაგებობას – სინაგოგას, ხოლო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დღეისათვის მოძიებული და გამოვლენილი საარქივო მასალებით, არ დასტურდება ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹ 10-ში მდებარე შენობის, კერძოდ, სადავო დარბაზის საკულტო ნაგებობად აგებისა და ფუქციონირების ფაქტი.

საკასაციო სასამართლოს აზრით, სადავო შენობა აშენდა თუ არა საკულტო ნაგებობად, არ შეიძლება იყოს და არც წარმოადგენს სასამართლოს დავის საგანს. სასამართლოს განხილვის საგანია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 22 ივნისის ¹ 12.64.530 დადგენილებისა და ქ. თბილისის მერის 1997 წლის 8 ივლისის ¹ 69 განკარგულების კანონიერების დადგენა. საკასაციო სასამართლო, ამასთან, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საკასაციო პალატა განიხილავს თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების საკასაციო საჩივრისა და ... თეატრის შეგებებული საკასაციო საჩივრის ფარგლებში და ამდენად, სასამართლო უნდა შეეხოს საკითხს, ჰქონდა თუ არა ფაქტობრივი საფუძველი ებრაელთა რელიგიური საზოგადოების თხოვნას სადავო შენობის დაბრუნების თაობაზე.

საქმეში არსებული ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებების, დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების განხილვის შემდეგ საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹ 10-ში 1930-იანი წლებიდან «... კულტურის სახლი ფუნქციონირებდა». საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ გვერდი აუარა იმ დოკუმენტების შეფასებას, რომლებიც «ბ-ს კლუბისა» და «ებრაელთა სამლოცველოს» იდენტიფიკაციას ადასტურებდნენ. კერძოდ, საქმეშია გაზეთები: «ა. კ.» (1933 წ.), «კ.» (1934 წ.), 1938 წლის ქართველ ებრაელთა ახალგაზრდების წერილი სტალინისადმი, სადაც აღნიშნულია, რომ «. . . ებრაელთა სალოცავი შენობა 1932 წელს გადაკეთებულ იქნა ამხ. ლ. ბ-ს სახლად”, ამ უბნის მაცხოვრებელთა ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიცც მიუთითებენ: «... ამ შენობის თავდაპირველი ნაწილი ქ. თბილისში, ...ის ქუჩის პერპენდიკულარულ ქუჩაზე გამოდის, რომელიც ახლა ანტონ კათალიკოსის (ყოფილი ...ის) სახელს ატარებს. მეოცე საუკუნის 30-იან წლებში შენობა რეკონსტრუირებულ იქნა და მას მიუშენდა ...ის ქუჩაზე გამავალი ნაწილი, არქიტექტორების: გ. ცეცხლაძისა და კ. ყ-ის პროექტით». საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ 1923 წლის 10 მაისით დათარიღებული საარქივო დოკუმენტი, რომელშიც საუბარია ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹ 10-ში მდებარე ებრაელთა 1-ელ სამლოცველო სახლზე, ეხება არა სადავო შენობას, არამედ ...ის ქ. ¹3-ში მდებარე დღევანდელ ებრაელთა მუზეუმის შენობას და თვლის, რომ ...ის ქ. ¹ 10 არ შეიძლება მდებარეობდეს ქუჩის მარჯვენა მხარეს, რადგან, როგორც წესი, ქუჩის მარჯვენა მხარე ყოველთვის კენტია. საგულისხმოა ისიც, რომ «ჯ. ბ-ის სახელობის თბილისის ... ინსტიტუტსა» და «კ-ას» შორის 1994 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში «ინსტიტუტი უფლებას აძლევს თეატრს ისარგებლოს შესავლელით ანტონ კათალიკოსის ქუჩის მხრიდან, საიდანაც თეატრის დარბაზის მისამართი იქნება – ...ის (ყოფილი ...ის) ქ. ¹ 10». ამდენად, 1923 წლის 10 მაისით დათარიღებული საარქივო დოკუმენტის მიხედვით ებრაელთა 1-ლი სამლოცველო სახლისა და სადავო შენობის დარბაზში 1994 წელს განთავსებული «კ-ის» მისამართი, რომლის სამართალმემკვიდრედაც «... თეატრი» მიიჩნევს თავს, ერთი და იგივეა. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული საარქივო მასალების, საგაზეთო პუბლიკაციების, მოწმეთა ჩვენებების, დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრატენზიის საფუძველზე თვლის, რომ ებრაელთა რელიგიური საზოგადოების თხოვნას სადავო შენობის დარბაზის დაბრუნების თაობაზე ფაქტობრივი საფუძველი გააჩნდა.

ამდენად, საკასაციო პალატის აზრით «მ.თ-ის» სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 22 ივნისის ¹ 12.64.530 დადგენილება იმ ნაწილში, რომელიც ეხება ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹ 10-ში მდებარე შენობის ყოფილი სამლოცველო დარბაზის, თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოებისათვის გადაცემას, ხოლო მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილება იმ ნაწილში, რომელიც ეხება შენობის დანარჩენი ნაწილის თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოებისათვის გადაცემას, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მისგან გამომდინარე იურიდიული შედეგებით (დადგენილების 1-ლი პუნქტი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის, 62-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 22 ივნისის ¹ 12.64.530 დადგენილება «მ.თ-სა» და «ჯ. ბ-ის სახელობის თბილისის ... ინსტიტუტს შორის» გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების ნაწილში (დადგენილების მე-3 პუნქტი).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის განხილვისას, რომელიც თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების შეგებებულ სარჩელსა და სარჩელს ეხება, საკასაციო პალატამ უნდა იმსჯელოს «... თეატრის» შეგებებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობაზე.

საკასაციო პალატა იზიარებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსაზრებას, რომ რელიგიური ორგანიზაციების შესახებ კანონის მიღებამდე საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების შექმნის საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლითა და «საქართველოს სს რესპუბლიკაში რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე» საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 16 მარტის ბრძანებულებით, რომელიც დღემდე არ არის ძალადაკარგულად გამოცხადებული.

საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების მოსაზრებას, რომ თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების სარჩელის განუხილველად დატოვება იმ მოტივით, რომ იგი არ წარმოადგენს სამართალსუბიექტს, რომ იგი არც ფიზიკური და არც იურიდიული პირია, რის გამოც მას არ გააჩნია უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მოქმედ კანონმდებლობას, სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებს და თვლის, რომ მართალია კანონით დღემდე არ არის განსაზღვრული რელიგიურ ორგანიზაციათა სამართლებრივი სტატუსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის გამოცხადებულია კანონგარეშედ და, რომ ასეთ ორგანიზაციებს (მორწმუნე პირების გაერთიანებებს) არა აქვთ თავიანთი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიები და არ იღებენ გარკვეულ მოვალეობებს სახელმწიფოსა და სხვა იურიდიული პირების წინაშე. პირთა ასეთ გაერთიანებას აკლია ერთ-ერთი ნიშანი - რეგისტრაცია, რის გამოც მას არა აქვს იურიდიული პირის სტატუსი, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აღიარებს არარეგისტრირებულ კავშირს, რომელიც არ არის იურიდიული პირი, მაგრამ უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში და დაიცვას თავისი უფლებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო, ამასთან, მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის სადავო დადგენილებით, ადმინისტრაციული აქტით, თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოებას წარმოეშვა უფლებები და მოვალეობები, რომელიც მას საპროცესო უფლებაუნარიანობით აღჭურავს. თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების პროცესში მონაწილეობა განპირობებული იყო არა მათი დამოუკიდებელი სარჩელით, არამედ მათი კონსტიტუციური უფლებების დაცვით, რაც გამოიხატა საქმეში მათი მოპასუხის სახით ჩაბმით. მოპასუხე კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლის შესაბამისად უფლებამოსილია წარადგინოს შეგებებული სარჩელი.

ამდენად, საკასაციო პალატის აზრით «... თეატრის» შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ქ. თბილისის მერის 1997 წლის 8 ივლისის ¹ 69 განკარგულების შეფასების თაობაზე, რომლითაც გაუქმდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 22 ივნისის ¹ 12.64.530 დადგენილება და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა «საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის – ქ. თბილისის მმართველობის ორგანოების უფლებამოსილებათა შესახებ» სახელმწიფო მეთაურის 1992 წლის 19 დეკემბრის ¹ 9 ბრძანებულებით დამტკიცებული დროებითი დებულება და სწორად დაასაბუთა, რომ თბილისის მერს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს, არ ჰქონდა უფლებამოსილება თავისი განკარგულებით გაეუქმებინა კოლეგიური ორგანოს -– მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 22 ივნისის ¹ 12.64.530 დადგენილება.

ამასთან, საკასაციო პალატა არ იზიარებს და სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო პალატამ ქ. თბილისის მერის 1997 წლის 8 ივლისის ¹ 69 განკარგულება ძალადაკარგულად გამოაცხადა და ბათილად არ ცნო, მაშინ, როცა თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოება სარჩელით ამ აქტის ბათილად ცნობას მოითხოვდა. საგულისხმოა ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს მტკიცებით, ქ. თბილისის მერის სადავო აქტი არაუფლებამოსილი პირის მიერ იქნა გამოცემული და ამდენად, იგი გამოცემისთანავე უკანონო იყო, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს ქ. თბილისის მერის 1997 წლის 8 ივლისის ¹ 69 განკარგულება ბათილად უნდა ეცნო. ამდენად, სააპელაციო პალატამ ამ ნაწილში გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის «ა» ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, «ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა გამოცხადდეს, თუ გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ». ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, «ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადება ნიშნავს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას», რის საფუძველზეც, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბათილია ქ. თბილისის მერის 1997 წლის 8 ივლისის ¹ 69 განკარგულების დასამტკიცებლად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის მიერ 1997 წლის 9 ოქტომბერს მიღებული ¹ 20.12.1169 დადგენილებაც, ვინაიდან, ბათილად გამოცხადებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასამტკიცებლად გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც ბათილია.

ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერის 1997 წლის 8 ივლისის ¹ 69 განკარგულება თანამდევი იურიდიული შედეგებით და თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოებას დაუდგინდეს საკუთრების უფლება, წილობრივი თანასაკუთრების ფორმით, ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹ 10-ში მდებარე შენობის დარბაზზე, რომლის ფართი წარმოდგენილი გეგმა-ნახაზის მიხედვით შეადგენს 338,40 კვ. მეტრს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების საკასაციო საჩივარს «ჯ. ბ-ის სახელობის თბილისის ... ინსტიტუტის» გამოსახლების მოთხოვნის ნაწილში და მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში, ა-ის ქ. ¹ 10-ში მდებარე შენობიდან «ჯ. ბ-ის სახელობის თბილისის ... ინსტიტუტის» გამოსახლების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. სასამართლოს მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 22 ივნისის ¹ 12.64.530 დადგენილების მე-3 პუნქტის ბათილად გამოცხადებით «მ.თ-სა» და «ჯ. ბ-ის სახელობის თბილისის ... ინსტიტუტს» შორის 1994 წლის 18 ოქტომბერს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება კანონიერად იქნა მიჩნეული და მისი მოქმედება აღდგა, ამასთან, აღნიშნული საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება სხვა საფუძვლით, პროცესში მონაწილე მხარეებს არ მოუთხოვიათ და სასამართლოს აღნიშნული საკითხი არ განუხილავს. ამდენად, დღეისათვის ... ინსტიტუტს საიჯარო ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებები და მოვალობები უნარჩუნდება. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ქ. თბილისში, ა-ის ქ. ¹ 10-ში მდებარე შენობის დარბაზს დღეისათვის ფლობს არა «ჯ. ბ-ის სახელობის თბილისის ... ინსტიტუტი», არამედ «... თეატრი». საკასაციო სასამართლოს აზრით, საქმეში არსებული მასალებით «... თეატრს» ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹ 10-ში მდებარე შენობის არც სარგებლობისა და არც საკუთრების უფლებით მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია. «... თეატრი» ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს დადგენილებით რეგისტრირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად 1997 წლის 8 აგვისტოს (რეგ. ¹ 5/4-1370) და მისი იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ...ის გამზირი ¹ 76, დირექტორი მ. თ-ე. სასამართლოს რეგისტრაციის დადგენილებაში არ არის მითითებული, რომ შპს «... თეატრი» «კ-ის» (დირექტორი ნ. თ-ე) სამართალმემკვიდრეა. ამდენად, შპს «... თეატრს» არანაირი იურიდიული დოკუმენტი ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹ 10-ში მდებარე შენობაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლების დასადგენად არ გააჩნია. რაც შეეხება, «ჯ. ბ-ის სახელობის თბილისის ... ინსტიტუტსა» და «კამერულ თეატრ-სტუდიას» შორის (რომლის სამართალმემკვირედაც მიიჩნევს თავს «... თეატრი) 1994 წლის 6 ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლითაც თეატრს უფლება მიეცა რეპეტიციები და სპექტაკლები ჩაეტარებინა შენობის დარბაზში, ...ის ქ. ¹ 10-ში, საკასაციო სასამართლო, სადავო შენობაზე «... თეატრის» სარგებლობის ან საკუთრების უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად ვერ მიიჩნევს, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულება «ჯ. ბ-ის სახელობის თბილისის ... ინსტიტუტის» მიერ მეიჯარის - «მ.თ-ისა» და მესაკუთრის - მუნიციპალიტეტის კაბინეტის თანხმობის გარეშეა დადებული, რისი უფლებამოსილებაც ინსტიტუტს არ გააჩნდა და ამდენად, აღნიშნული ხელშეკრულება თეატრისათვის უფლებებსა და მოვალეობებს ვერ წარმოშობს.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹ 10-ში მდებარე შენობის დარბაზიდან გამოსახლდეს «... თეატრი».

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლით, 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 243-ე, 247-ე, 249-ე, 372-ე, 389-ე და 399-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

«... თეატრის» შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. «მ.თ-ის» სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:

ა) უცვლელად დარჩეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 22 ივნისის ¹ 12.64.530 დადგენილება იმ ნაწილში, რომელიც ეხება ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹ 10-ში მდებარე შენობის დარბაზის თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოებისათვის გადაცემას, ხოლო მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილება იმ ნაწილში, რომელიც ეხება შენობის დანარჩენი ნაწილის თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოებისათვის გადაცემას, ბათილად იქნეს ცნობილი მისგან გამომდინარე იურიდიული შედეგებით (დადგენილების 1-ლი პუნქტი).

ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 22 ივნისის ¹ 12.64.530 დადგენილება «მ.თ-სა» და «ჯ. ბ-ის სახელობის თბილისის «... ინსტიტუტს შორის» გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების ნაწილში (დადგენილების მე-3 პუნქტი).

4. თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს და ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹ 10-ში მდებარე შენობის დარბაზიდან გამოსახლდეს შპს «... თეატრი».

5. თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:

ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერის 1997 წლის 8 ივლისის ¹ 69 განკარგულება თანმდევი იურიდიული შედეგებით.

ბ) თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოებას ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹ 10-ში მდებარე შენობის დარბაზზე დაუდგინდეს საკუთრების უფლება.

6. სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით გადახდეს «... თეატრს», ხოლო 10 ლარის ოდენობით – თბილისის მორწმუნე ქართველ ებრაელთა საზოგადოებას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.