3გ/ად138კ-01 26 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: საკრებულოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 18 მაისს რ. ლ-ძემ მოპასუხე ვანის რაიონის სოფ. ... საკრებულოს მიმართ სარჩელი აღძრა ვანის რაიონულ სასამართლოში და ვანის რაიონის სოფ. ... საკრებულოს 2000 წლის 20 მარტის ¹7 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ადმინსტრაციული აქტი ეწინააღმდეგება ვანის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებას, რომლის აღსასრულებლადაც ეს ადმინისტრაციული აქტი იქნა მიღებული. კერძოდ, სოფ. ... საკრებულოს ¹7 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი გადაეცა მამის დ. ლ-ძის გაუქმებული კომლიდან, რომელიც 1 ჰა-ს შეადგენს და რომელსაც ზედმეტად ფლობს მოსარჩელის ძმა კ. ლ-ძე. ამავე გადაწყვეტილებით, სოფ. ... საკრებულომ კ. ლ-ძეს იჯარის ხელშეკრულებით გაუფორმა 1 ჰა-დან დარჩენილი 0,85 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო ქ. ჩ-ძეს იჯარის ხელშეკრულებით გაუფორმა 0,11 ჰა მიწის ნაკვეთი.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სოფ. ... საკრებულოს ¹7 გადაწყვეტილებით სწორად არ იქნა აღსრულებული ვანის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ გადაწყვეტილების თანახმად სადავო 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი მოსარჩელეს ქ. ჩ-ძის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან უნდა გადაცემოდა, მითუმეტეს, რომ ვანის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერაც ასე იქნა გაგებული აღნიშნული გადაწყვეტილება.
სარჩელი არ ცნო მოპასუხე ვანის რაიონის სოფ. ... საკრებულოს წარმომადგენელმა, რომელმაც მიუთითა, რომ სოფ. ... საკრებულოს 2000 წლის 20 მარტის ¹7 გადაწყვეტილება მიღებულია კანონის შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ და არ ეწინააღმდეგება ვანის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც რ. ლ-ძეს 0,15ჰა მიწის ნაკვეთი მამაპაპისეული მიწის ნაკვეთიდან უნდა გამოყოფოდა. არსად სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი რ. ლ-ძეს ქ. ჩ-ძის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან უნდა გამოყოფოდა, მითუმეტეს, რომ ასეთი მოთხოვნა მოსარჩელეს არ ჰქონია და არც ქ. ჩ-ძე ყოფილა მოპასუხედ ჩაბმული საქმეში.
მოპასუხის განმარტებით, ვანის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 30 აპრილს არ განუხილავს და არც შეეძლო განეხილა ქ. ჩ-ძის საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის ან მისი მიწის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის საკითხი, ვინაიდან ასეთი სასარჩელო მოთხოვნა სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი. უფრო მეტიც, ქ. ჩ-ძის ოჯახს სადავო მიწის ნაკვეთი საკუთრებაში აქვს 1992 წლიდან და მისი წართმევის უფლება ვანის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს კანონის შესაბამისად არ გააჩნდა.
საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა ქ. ჩ-ძემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ვანის რაიონის სოფ. ... 2000 წლის 20 მარტის ¹7 გადაწყვეტილება არ ეწინაღმდეგება ვანის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებას, ვინაიდან სასამართლოს არ დაუდგენია, რომ რ. ლ-ძეს 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი ქ. ჩ-ძის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან უნდა გადასცემოდა. ქ. ჩ-ძის განმარტებით, სოფ. ... საკრებულოს გადაწყვეტილება კანონიერია, რადგან მიღებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და მიწის კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ვანის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს გადაწყვეტილება მიღებულია ტენდენციურად, დაინტერესებული პირების მიერ და უფლებამოსილების გადამეტებით, რადგან მიწის საკითხების გადაწყვეტა სოფლის საკრებულოს კომპეტენციია და მხოლოდ ვანის რაიონის სოფ. ... საკრებულოსთან ერთად შეეძლო მას სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მოეხდინა რ. ლ-ძის 0,15ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფა.
ვანის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით რ. ლ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ვანის რაიონის სოფ. ... საკრებულოს 2000 წლის 20 მარტის ¹7 გადაწყვეტილება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: მოპასუხემ – სოფ. ... საკრებულოს გამგებელმა ა. ზ-ძემ და მესამე პირმა ქ. ჩ-ძემ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 19 ივნისის განჩინებით ა. ზ-ძისა და ქ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილების გამოტანისას სოფ. ... საკრებულო გასცდა ვანის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 30 აპრილის გადაწვეტილებას, რითაც საკრებულომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, მე-8 მუხლები.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა მესამე პირმა ქ. ჩ-ძემ.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ქ. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 19 ივნისის განჩინება, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება და რ. ლ-ძის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად შეაფასა ვანის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და დადგენილად თვლის, რომ ვანის რაიონის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ. ლ-ძის სარჩელი არა ქ. ჩ-ძის, არამედ მოპასუხე ვანის რაიონის სოფ. ... საკრებულოს მიმართ რ. ლ-ძის მამაპაპისეული მიწის ნაკვეთიდან 0,15 ჰა-ს გამოყოფის შესახებ. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოცემული სარჩელი არ ყოფილა აღძრული ქ. ჩ-ძის მიმართ, ვინაიდან იგი არც მოპასუხედ და არც მესამე პირად არ მონაწილეობდა საქმეში. მართალია, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ რ. ლ-ძის მამაპაპისეულ ნაკვეთს ფლობდნენ მისი ძმა კ. ლ-ძე და ქ. ჩ-ძე, მაგრამ, ამასთან სასამართლოს არ გადაუწყვეტია თუ რომელი მათგანის მიწის ნაკვეთიდან უნდა მომხდარიყო რ. ლ-ძისათვის 0,15 ჰა-ს გამოყოფა. აღნიშნულის გადაწყვეტა დაევალა ვანის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და ვანის რაიონის სოფ. ... საკრებულოს ერთობლივად. სასამართლოს, ასევე, არ დაუდგენია, თუ რამდენად კანონიერად ფლობდა ქ. ჩ-ძე აღნიშნულ მიწის ნაკვეთს, წარმოადგენდა თუ არა იგი მის საკუთრებას და შესაბამისად, სასამართლოს არ გადაუწყვეტია, რომ სოფლის საკრებულოს რ. ლ-ძისათვის 0,15 ჰა-ს გამოყოფა სწორედ ქ. ჩ-ძის მიწის ნაკვეთიდან უნდა მოეხდინა. მამაპაპისეული მიწის თუ რომელი ნაკვეთიდან უნდა გამოყოფოდა რ. ლ-ძეს სადავო 0,15 ჰა, კ. ლ-ძის თუ ქ. ჩ-ძის მფლობელობაში მყოფი მიწის ნაკვეთიდან, უნდა გადაეწყვიტა ვანის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და ვანის რაიონის სოფ. ... საკრებულოს ერთობლივად, მიწის კანონმდებლობის შესაბამისად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ ვანის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების შეფასებისას არ გაიზიარა ვანის რაიონის სოფ. ... საკრებლოსა და ქ. ჩ-ძის მოსაზრებები და გაიზიარა რ. ლ-ძის მოსაზრებები, რომლებიც აღნიშნული გადაწყვეტილების შინაარსიდან არ გამომდინარეობდნენ, რის გამოც გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და მე-8 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლი.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიიჩნევს, რომ ვანის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს, 2000 წლის 21 თებერვალს, ვანის რაიონის სოფ. ... საკრებულოს გარეშე არ შეეძლო გადაეწყვიტა რ. ლ-ძისათვის 0,15 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხი, ვინაიდან «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად, სოფლის საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოს (გამგეობის) უფლებამოსილებას განეკუთვნება «ადგილობრივი ორგანოებისადმი დაქვემდებარებული ქონებით სარგებლობა და განკარგვა». ამასთან, აღნიშნულ საკითხზე ვანის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს არ მიუღია ადმინისტრაციული აქტი და არ გადაუწყვეტია, რა საზღვრებში უნდა გადასცემოდა რ. ლ-ძეს 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის – ვანის რაიონის სოფ. ... 2000 წლის 20 მარტის ¹7 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე იმ მოტივით, რომ იგი ეწინააღმდეგება ვანის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებას, საფუძველს მოკლებულია. ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის,M რომ არ არსებობს ამ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის სხვა კანონიერი საფუძვლებიც, კერძოდ, აღნიშნული აქტი მიღებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მოქმედი მიწის კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ქ. ჩ-ძეზე გადაცემული მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტი კანონიერ ძალაშია და არცერთ სასამართლოს იგი ბათილად არ უცვნია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 19 ივნისის განჩინება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. რ. ლ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. სახელმწიფო ბაჟი 40 ლარის ოდენობით გადახდეს რ. ლ-ძეს.
5. სასამართლოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.