გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-1-გ-01 26 თებერვალი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
განიხილა ინდივიდუალური მეწარმე «ნ. წ-ძის» სააპელაციო საჩივრის განსჯადობის საკითხი ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 04.01.2000 წ. გადაწყვეტილებაზე, საქმეზე ლ. კ-ძის, მ. მ-ელის და ნ. მ-ძის სარჩელისა გამო ნ. წ-ძის მიმართ არასაცხოვრებელი ფართის თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 04.01.2000 წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეების ნ. კ-ძის, მ. მ-ელის და ნ. მ-ძის სარჩელი, ისინი ცნობილნი იქნენ ქ. თბილისში ... მდებარე ორსართულიანი არასაცხოვრებელი ფართის თანამესაკუთრეებად.
მოპასუხე ი.მ. ,,ნ. წ-ძემ» რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით თბილისის საოლქო სასამართლოში და მოითხოვა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 30.03 2000წ სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა რ. პ-მ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა საქმეში მესამე პირებად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს ჩაბმის შესახებ. პალატამ მოისმინა რა მხარეთა მოსაზრებები, ადგილზე თათბირით საქმე განსახილველად გადასცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, საქმესთან ერთად პალატას გადასაწყვეტად გადაეცა აგრეთვე დასმული შუამდგომლობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმნისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში და 03.08.2000 წ. განჩინებით დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მესამე პირებად ჩაბმის შესახებ.
ადმნისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 25.12.2000 წ. განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელათა წარმომადგენლის გ. ბ-ძის შუამდგომლობა, დავა სასამართლოთა შორის განსჯადობის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო რა საქმის მასალებს, თვლის, რომ საქმე ი.მ. «ნ. წ-ძის» სააპელაციო საჩივრის გამო განსჯადობის წესის მიხედვით უნდა განიხილოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველი დავის გადაწყვეტა შეუძლებელია სადავო ობიექტის პრივატიზების კანონიერების განხილვის გარეშე. მოსარჩელეების _ ლ. კ-ძის, მ. მ-ელის, ნ. მ-ძის მოთხოვნა ქ. თბილისში ... მდებარე ორსართულიანი მაღაზიის არასაცხოვრებელი ფართის თანამესაკუთრეებად ცნობის შესახებ თავისთავად გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელ მოწმობებში ცვლილებების შეტანას. ობიექტის პრივატიზაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები გამომდინარეობენ ადმინისტრაციული გარიგებიდან, ამასთანავე საქმეში მესამე პირებად ჩაბმულნი არიან ადმინისტრაციული ორგანოები: საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო და თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო. ამდენად, სადავო ურთიერთობები განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართლის სფეროს და განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქმე ი.მ. «ნ. წ-ძის» სააპელაციო საჩივრის გამო განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.