გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-1-კ-01 6 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ბ. მეტრეველი
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე, ნ. კლარჯეიშვილი
ზეპირის მოსმენის გარეშე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის სასამართლოს 2000 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელე მ. ქ-არმა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ქ. ბათუმში ... მდებარე მისი საკუთარი სახლმფლობელობის ქვეშ არსებული ნახევარსარდაფის ქ. ბათუმის მერიიის ბალანსიდან ამორიცხვისა და მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა აღნიშნული სარჩელი და 2000 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით უარი უთხრა მოსარჩელეს სარჩელზე უსაფუძვლობის გამო.
მოქალაქე ქ-არმა 2000 წლის 10 ოქტომბერს სააპელაციო საჩივრით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების და სადავო სარდაფის მისთვის საკუთრების უფლებით მიკუთვნების მოთხოვნით. მოქალაქე მ. ქ-არი ხსენებულ მოთხოვნაში ეყრდნობოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლს და განმარტავდა, რომ მისი კუთვნილი ბინა, მდებარე ... ქ. ბათუმში, რომელიც მან პრივატიზაციის გზით შეისყიდა ქ. ბათუმის მერიისაგან, წარმოადგენს ერთსართულიან საცხოვრებელ სახლს და შედგება ლიტ. «ა” 1, 2, 21 და 4 ოთახებისაგან მისი საცხოვრებელი სახლის ქვეშ მდებარე სადავო სარდაფი _ ლიტ. «ა” ¹ 7, 8, 9 კი, როგორც ბინის არსებითი შემადგენელი ნაწილი მას ეკუთვნის.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ საქმის მასალების, მხარეთა განმარტებებისა და ადგილის დათვალიერების საფუძველზე მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ... მდებარე ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ლიტ. «ა” ¹ 1, 2, 21 და 4 ოთახების ქვეშ განლაგებული ნახევარსარდაფი წარმოადგენს მოსარჩელე ქ-არის ბინის განუყოფელ ნაწილს და მისი ცალკე გამოყოფა შეუძლებელია, ვინაიდან იგი მოსარჩელის ბინის ქვეშ მდებარეობს და მისგან გამოყოფილია მხოლოდ ხის იატაკით, გარდა ამისა, მ. ქ-არის ბინა სარდაფს შიდა კიბით უკავშირდება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მ. ქ-არის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილებულიყო. მას საკუთრების უფლებით უნდა გადასცემოდა მისი საცხოვრებელი ბინის ლიტ. «ა” ¹ 1, 2, 21 და 4 საცხოვრებელი ფართობის ქვეშ მოთავსებული ლიტ. «ა” ¹ 7, 8, 9 ნახევარსარდაფი და ის უნდა ამორიცხულიყო მერიის კომუნალური ფონდის ბალანსიდან.
სააპელაციო სასამართლომ განიხილა საქმე და 2000 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მ. ქ-არის სააპელაციო საჩივარი, რითაც გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება და მ. ქ-არს მისცა ქ. ბათუმში, ... საცხოვრებელი ფართის ლიტ. «ა” ¹ 1, 2, 21 და 4 ოთახების ქვეშ განლაგებული ლიტ. «ა” ¹ 7, 8, და 9 ნახევარსარდაფი როგორც მისი ბინის არსებითი შემადგენელი ნაწილი საკუთრების უფლებით.
ქ. ბათუმის მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება, რითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
ქ. ბათუმის მერია საკასაციო საჩივარში მიუთითებს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის არასწორ განმარტებაზე და აღნიშნავს, რომ სასამართლომ სადავო სარდაფები განიხილა მშენებლობის თავლსაზრისით და არა მისი სამეურნეო დანიშნულების მიხედვით. ქ. ბათუმის მერიის მტკიცებით, მართალია, შენობა საძირკველის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ეს როდი ნიშნავს სარდაფმა და სახლმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვერ შეასრულონ თავიანთი დანიშნულება.
ქ. ბათუმის მერია განმარტავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა გარემოება, რომლის მიხედვითაც მთელი სახლის მესაკუთრე იყო ქ. ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომი და მისი პრეროგატივა იყო, თუ სახლის რომელ ნაწილს გაყიდდა და რომელს დაიტოვებდა საკუთრებაში. მერია მიუთითებს, აგრეთვე, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულების არასწორად გაფორმების შემთხვევაში, რამაც მ. ქ-არისათვის ნივთის (ბინის) განუყოფელი შემადგენელი ნაწილის არმიყიდვა გამოიწვია, სასამართლოს უნდა განეხილა პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების საკითხი. ქ. ბათუმის მერია მიიჩნევს, რომ სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1978 წლის 31 მაისის ¹ 415 გადაწყვეტილებით მ. ქ-არს სადავო ნახევარსარდაფი მხოლოდ საერთო სარგებლობის უფლებით გადაეცა.
მ. ქ-არი თავის შეპასუხებაში ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარს არ ცნობს და მიუთითებს, რომ სადავო ფართი მ. ქ-არის სარგებლობაშია იქიდან მობინადრეთა გაყვანისა და ამ ფართის საცხოვრებელი ფონდიდან ჩამოწერის მომენტიდან. მ. ქ-არი აგრეთვე განმარტავს, რომ პრივატიზაციისას სარდაფები საპრივატიზაციო ხელშეკრულებაში არ შეჰქონდათ.
მ. ქ-არი ზემოხსენებულ შეპასუხებაში ითხოვს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო ვერ გაიზიარებს ქ. ბათუმის მერიის მოსაზრებას, რომ მ. ქ-არის მიერ 1990 წლის 30 აგვისტოს პრივატიზაციის ხელშეკრულებით შესყიდული სახლის ნაწილის მხოლოდ დამხმარე ფართი შეიძლება იყოს მისი ბინის შემადგენელი ნაწილი და არა მის ქვემოთ არსებული ნახვარსარდაფები, რადგანაც ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1978 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ... მდებარე ა-იანისა და კ-იანის სარდაფის ტიპის ყოფილი ბინები ჩამოწერილ იქნა საცხოვრებელი ფართიდან და გადაეცა ამავე საცხოვრებელ სახლში მობინადრეებს საერთო სარგებლობის სათავსებად გამოსაყენებლად. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 11 აგვისტოს ¹ 825 დადგენილებით დამტკიცებული, საქართველოს რესპუბლიკაში პრივატიზებულ საბინაო ფონდის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ჩატარების ორგანიზაციისა და გაწეული დანახარჯების დაფარვის შესახებ დროებითი დებულების მე-5 პუნქტის თანახმად კი, მოქალაქეებს საკუთრებაში გადაეცათ აგრეთვე მათ მიერ სამეურნეო დანიშნულებით მათზე განკუთვნილი სარდაფები, სხვენები, ფარდულები, ტერასები და შემოქმედებითი სახელოსნოები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება არსებითად სწორია, ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 11 აგვისტოს ¹ 825 დადგენილებით დამტკიცებული ზემოხსენებული დროებითი დებულების მე-5 მუხლის შესაბამისად მ. ქ-არი უფლებამოსილია მოახდინოს იმ სადავო სარდაფის უფასო პრივატიზაცია, რომლებიც საქმის მასალებზე დაყრდნობით სწორად მის სარგებლობაში იმყოფებოდა.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე და 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად იქნეს დატოვებული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 27 ნოემბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.