გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3გ/ად-2-01 22 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. კლარჯეიშვილი (თავმჯდომარე),
ვ. მგელაძე,
ზ. მინდაძე
დავის საგანი:
1. საქართველოს ცსკ 2001 წლის 18 ივნისის ¹10/2001 განკარგულების გაუქმება;
2. საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა და დემოკრატიული აღორძინების კავშირის რეგიონალური ორგანიზაციების მიერ ოზურგეთის ¹60 საოლქო საარჩევნო კომისიის საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრების უფლებამოსილების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
¹60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში 2001 წლის 9 მაისს დემოკრატიული აღორძინების კავშირის ოზურგეთის რაიონულმა ორგანიზაციამ წარადგინა საუბნო საარჩევნო კომისიებში მათი პარტიიდან დასანიშნი კანდიდატურების სია 2001 წლის 10 მაისს ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ანალოგიური სია წარდგენილ იქნა საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის მიერ 2001 წლის 24 მაისს ¹60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით (ოქმი ¹6) საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრებად დაინიშნენ საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა და დემოკრატიული აღორძინების კავშირის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატები, რაც გაასაჩივრა დეპუტატობის კანდიდატ მ. გ-შვილის რწმუნებულმა საოლქო საარჩევნო კომისიაში კ. ბ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის I პუნქტისა და საქართველოს ცსკ 1999 წლის 17 აგვისტოს ¹36/1999 დადგენილების I პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევის გამო.
საქართველოს ცსკ 2001 წლის 18 ივნისის ¹10/2001 განკარგულებით უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა რწმუნებულ კ. ბ-ძის საჩივარი და ძალაში დარჩა ¹60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 2001 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა და დემოკრატიული აღორძინების კავშირის მიერ ¹60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრთა დანიშვნის თაობაზე.
საქართველოს ცსკ 2001 წლის 18 ივნისის ¹10/2001 განკარგულება იგივე მოტივით საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა პარლამენტის წევრობის კანდიდატ მ. გ-შვილის ნდობით აღჭურვილმა პირმა მ. მ-ძემ, თანახმად «საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ» ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და მოითხოვა განკარგულების გაუქმება და საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა და დემოკრატიული აღორძინების კავშირის რეგიონალური ორგანიზაციების მიერ ოზურგეთის ¹60 საოლქო საარჩევნო კომისიის საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრების უფლებამოსილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
1. საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა და დემოკრატიული აღორძინების კავშირმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნაზე რეგიონალური ორგანიზაციის სატიტულო ფურცლების წარდგენითა და თავიანთი ბეჭდებით ამ დანიშვნის დამოწმებით დაარღვია «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ» ორგანული კანონის 21-ე მუხლის I პუნქტი, რომლითაც პარტიას უფლება აქვს შექმნას სტრუქტურული ქვედანაყოფები იურიდიული პირის უფლების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე მოქალაქეთა კავშირისა და დემოკრატიული აღორძინების კავშირის რეგიონალურ ორგანიზაციებს არ შეიძლება ჰქონოდათ სატიტულო ფურცელი და საკუთარი ბეჭედი;
2. საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა და დემოკრატიული აღორძინების კავშირის რეგიონალურმა ორგანიზაციებმა საოლქო საარჩევნო კომისიაში წარადგინეს საუბნო საარჩევნო კომისიაში დასანიშნი კანდიდატურების სია, რაც დარღვევაა, ვინაიდან «საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ» ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით, ამგვარი წარდგინება გათვალისწინებული არ არის და პარტიები პირდაპირ ნიშნავენ საუბნო საარჩევნო კომისიაში თავიანთ წევრებს».
3. საქართველოს ცსკ 1999 წლის 17 აგვისტოს ¹ 36/1999 დადგენილების «პარტიების (საარჩევნო ბლოკების) მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნის თაობაზე მიღებული დოკუმენტების განხილვის წესის შესახებ» ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე I პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად: «ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი დანიშვნები თუ დანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ არის შესრულებული პარტიის სატიტულო ფურცელზე, ხოლო სატიტულო ფურცლის გარეშე წარმოდგენილ დანიშვნას არა აქვს დასმული პარტიის ბეჭედი», რაც საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა და დემოკრატიული აღორძინების კავშირის მიერ, ასევე, არ იქნა გათვალისწინებული, ვინაიდან საუბნო საარჩევნო კომისიებში დასანიშნი კანდიდატების წარდგინება შესრულებულია კავშირის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის სატიტულო ფურცელზე და დამოწმებულია ამავე რაიონული ორგანიზაციის ბეჭდით, ნაცვლად კავშირის სატიტულო ფურცლისა და ბეჭდისა.
უზენაეს სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს მოსარჩელემ საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა და დემოკრატიული აღორძინების კავშირის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ წევრთა უფლებამოსილების გაუქმება მოითხოვა სარჩელში მითითებული II-III საფუძვლით, ხოლო I საფუძველი თვითონვე მოხსნა.
მოპასუხე – საქართველოს ცსკ-სა და მესამე პირის – საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საქმეში მესამე პირად მოწვეული დემოკრატიული აღორძინების კავშირის წარმომადგენელი, მიუხედავად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გამოძახებისა, პროცესზე არ გამოცხადდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა და მესამე პირის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის დასაბუთება – საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატ მ. გ-შვილის ნდობით აღჭურვილი პირის მ. მ-ძის სარჩელს საქართველოს ცსკ 2001 წლის 18 ივნისის ¹10/2001 განკარგულების გაუქმებისა და საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა და დემოკრატიული აღორძინების კავშირის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ წევრთა უფლებამოსილების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მესამე პირების მიერ «საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ» ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების წარდგენა-დანიშვნაზე მოსარჩელის არგუმენტს სასამართლო ვერ გაიზიარებს და ეთანხმება მოპასუხის მოსაზრებას სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე. ზემოაღნიშნული მუხლით დადგენილია: საუბნო-საარჩევნო კომისიის თითო წევრს, ამ მუხლის I პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ნიშნავს ის 7 პარტია, რომელსაც საქართველოს პარლამენტში თავისი 5 წევრი მაინც ჰყავს. ვინაიდან ამავე ორგანული კანონის 24-ე მუხლის I ნაწილის «ა» პუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიის კომპეტენციაა კონსტიტუციისა და ამ კანონის შესრულებაზე კონტროლი და საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მათი ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველყოფა, საოლქო საარჩევნო კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ამოწმებს პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენა-დანიშვნაზე განცხადების შესაბამისობას ორგანული კანონის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილთან, ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კანდიდატების თანხმობის არსებობას და კანდიდატების დანიშვნისას. პარტიების მიერ ორგანული კანონის მე-18 მუხლის I ნაწილის მოთხოვნების დაცვას. «საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ» ორგანული კანონის რომელიმე ზემოაღნიშნული ნორმის დარღვევით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შემთხვევაში, ამგვარი დანიშვნა კანონიერად არ ჩაითვლება და შესაბამისად არც დანიშნული წევრი აღიჭურვება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილებით. ვინაიდან პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წერთა დანიშვნის კანონიერება, ორგანული კანონის 24-ე მუხლის I პუნქტის «ა» ქვეპუნქტის თანახმად მოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, ამიტომ ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის წევრის დანიშვნა თავისი სამართლებრივი არსით ფაქტობრივად წარმოადგენს საუბნო საარჩევნო კომისიებში დასანიშნი კანდიდატების საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენას და პარტიების მიერ წარდგენილი ეს კანდიდატები საუბნო საარჩევნო კომისიაში დანიშნულად ჩაითვლებიან და კომისიის წევრის უფლებამოსილებით აღიჭურვებიან საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ამ წარდგენა-დანიშვნის კანონიერების შემოწმების შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა და დემოკრატიული აღორძინების კავშირმა ¹60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დასანიშნი კანდიდატურების წარდგენა სწორად განახორციელა «საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ» ორგანული კანონის შესაბამისად, წარმომადგენელ მ. მ-ძის სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. სასამართლო, ასევე, ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა და დემოკრატიული აღორძინების კავშირის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშვნების შესახებ ინფორმაციის არასათანადოდ მიწოდების თაობაზე. «პარტიების (საარჩევნო ბლოკების) მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნის თაობაზე მიღებული დოკუმენტების განხილვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცსკ 1999 წლის ¹36/1999 დადგენილების I პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად: «ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი დანიშვნები თუ დანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ არის შესრულებული პარტიის სატიტულო ფურცელზე, ხოლო სატიტულო ფურცლის გარეშე წარდგენილ დანიშვნას არა აქვს დასმული პარტიის ბეჭედი». სასამართლო კოლეგია არ ეთანხმება მოსარჩელის პოზიციას და იზიარებს მესამე პირის – საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წარმომადგენლის მოსაზრებას რაიონული ორგანიზაციების მიერ ამ მოთხოვნების დაცვით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის შესახებ, ვინაიდან «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ» საქართველოს კანონის I მუხლის მიხედვით, პარტია არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ერთიან ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელსაც 21-ე მუხლის I პუნქტით უფლება აქვს შექმნას სტრუქტურული ქვედანაყოფი – ფილიალი, წარმომადგენლობა, რომელიც არ არის იურიდიული პირი. პარტია – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება თავისი სტრუქტურული ქვედანყოფებით დაფუძნებულია ერთიანობის პრინციპზე, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, იგი წარმოადგენს ერთიან სამართალსუბიექტს, წესდებით გათვალისწინებული საერთო მიზნების მისაღწევად მოქმედებს ერთიანი სახელით და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ზ» ქვეპუნქტის თანახმად, თავად პარტიას და მის ფილიალებს (წარმომადგენლობებს) შეიძლება ჰქონდეთ ტიტულოვანი ქაღალდი და ბეჭედი, პარტიის ერთიანი ემბლემისა და სიმბოლიკის გამოსახულებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა და დემოკრატიული აღორძინების კავშირის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ტიტულოვან ქაღალდზე გაფორმებული და ამავე ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული დანიშვნა, სასამართლოს აზრით, შეესაბამება ცსკ ¹36/1999 დადგენილების მოთხოვნებს, რადგან ერთიანი კავშირის სიმბოლიკით გამოსახულ ტიტულოვან ქაღალდზე ოზურგეთის რაიონულმა ორგანიზაციებმა დანიშვნა განახორციელეს საქართველოს მოქალაქეთა ერთიანი კავშირისა და დემოკრატიული აღორძინების ერთიანი კავშირის სახელით და ამ დანიშვნით გამოხატულია კავშირის ერთიანი ნება, რასაც ადასტურებს საქმეში მესამე პირად მოწვეული საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წარმომადგენლის რ. კ-იანის განმარტება, რომ გასაჩივრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა კავშირს სადავოდ არ გაუხდია საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის მიერ ერთიანი კავშირის სახელით განხორციელებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნა-წარდგენა, ვინაიდან არ თვლის, რომ ამ დანიშვნით ერთიანი კავშირის უფლებებია რითიმე შელახული, ეთანხმება რაიონულ ორგანიზაციას და ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, ხოლო საქმეში, ასევე, სავალდებულო მოწვევით მესამე პირად ჩართულ დემოკრატიული აღორძინების კავშირს განსახილველი სარჩელისადმი სამართლებრივი ინტერესი არ გამოუხატავს, მისი წარმომადგენელი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა და ამდენად, ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად თავისი რეგიონალური ორგანიზაციის – დემოკრატიული აღორძინების კავშირს ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ დანიშვნა-წარდეგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243, 248-ე, 249-ე მუხლებით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. პარლამენტის წევრობის კანდიდატ მ. გ-შვილის ნდობით აღჭურვილი პირის მ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს საქართველოს ცსკ 2001 წლის 18 ივნისის ¹10/2001 განკარგულება.
3. მ. მ-ძეს უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეთა კავშირისა და დემოკრატიული აღორძინების კავშირის რეგიონალური ორგანიზაციების მიერ ოზურგეთის ¹60 საოლქო საარჩევნო კომისიის საოლქო საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრების უფლებამოსილების გაუქმებაზე.
4. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.