გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-2კ-01 4 აპრილი 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: 1. ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 1999 წლის 26 თებერვლის ¹ 03.20.08 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
2. ქ. თბილისის «ა.” ინსპექციის 1999 წლის 26 მარტის მშენებლობის დაწყების ¹ 128 ნებართვის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 1999 წლის 16 თებერვლის ¹ 3.20.8 გადაწყვეტილებით, არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის თანხმობის საფუძველზე, ტექნიკურად შესაძლებლად ჩაითვალა ქ. თბილისში, ... მცხოვრებ მ. ხ-შვილის საცხოვრებელი სახლის შიგა რეკონსტრუქცია ჰოლის მიშენებით, პროექტის შედგენით და არქიტექურის დეპარტამენტთან შეთანხმებით. 1999 წლის 26 მარტს ქ. თბილისის მთავარი არქიტექტურის მიერ გაიცა ბრძანება ¹ 181, რომლითაც დამტკიცდა აღნიშნული საცხოვრებელი სახლის შიგა რეკონსტრუქციისა და მიშენების პროექტი, ხოლო ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის სახელმწიფო არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექციის მიერ 1999 წელს გაიცა მშენებლობის დაწყების ნებართვა ¹ 128, რის საფუძველზეც მ. ხ-შვილმა ნაწილობრივ განახორციელა ქ. თბილისში, ... მდებარე კუთვნილი საცხოვრებელი სახლის შიდა რეკონსტრუქცია ჰოლის მიშენებით.
1999 წლის 10 ივნისს მოსარჩელეებმა, ქ. თბილისში, ... მცხოვრებმა მეზობლებმა: თ. უ-ოვმა, დ. ც-ძემ და გ. მ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 1999 წლის 26 თებერვლის ¹ 3.20.8 გადაწყვეტილებისა და «ა.” ინსპექციის 1999 წლის 26 მარტს გაცემული ¹ 128 ნებართვის გაუქმება მოითხოვეს. საქმეში მოპასუხედ ჩაბმულ იქნა მ. ხ-შვილი. სარჩელის საფუძვლად თ. უ-ოვი, დ. ც-ძე და გ. მ-შვილი იმ გარემოებაზე მიუთითებდნენ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-ე, 211-ე, 212-ე და 219-ე მუხლების თანახმად დაუშვებელია საერთო სარგებლობის ეზოში ფიზიკურ პირზე სამშენებლო საქმიანობის საწარმოებლად ნებართვის გაცემა საცხოვრებელი სახლის მობინადრეთა წინასწარი თანხმობის გარეშე.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაზიარებულ იქნა ექსპერტის დასკვნა, რომელმაც მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე მ. ხ-შვილის სახელზე რიცხულ ეზოში ცალკე მდგომ ლიტერ «ვ”-ზე 4.65 კვ.მ ფართის ჰოლის მიშენებით არ შეიზღუდება ლიტერ «ა”-ში მცხოვრებ მოსარჩელეთა კუთვნილი საცხოვრებელი ბინებისათვის ტექნიკური ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რის საფუძველზეც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
თ. უ-ოვმა, დ. ც-ძემ და გ. მ-შვილმა სააპელაციო საჩივრით მიმართეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. საოლქო სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა მ. ხ-შვილმაც, რომელმაც ჰოლის დანგრევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება და მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ უკანონოდ მოწყობილი ავტოსადგომის აღება მოითხოვა.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 2 დეკემბრის განჩინებით საქმეში მოპასუხეებად ჩაბმულ იქნენ ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა და ქ. თბილისის მერიის სახელმწიფო არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექცია («ა.” ინსპექცია). სააპელაციო სასამართლომ 2000 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით აპელანტების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და «ა.” ინსპექციის” 1999 წლის 26 მარტის მშენებლობის დაწყების ¹ 128 ნებართვა გააუქმა. აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ხ-შვილის საკასაციო საჩივრის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარამეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 21 ივლისის განჩინებით გაუქმდა და საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას გადაეცა, რომელმაც 2000 წლის 17 ოქტომბრის განჩინების საქმეში მესამე პირებად ქ. თბილისში, ... მდებარე ლიტერ «ა” საცხოვრებელი სახლის დანარჩენი მობინადრეები: ა. ჩ-შვილი, ხ. შ-ოვა. ი. ე-იანი, ნ. ნ-შვილი, ი. პ-შვილი, ა. კ-იხი, ი. ა-ძე და ს. ა-ოვა ჩააბა.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 1999 წლის 26 თებრვლის ¹ 3.20.8 გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მერიის «ა.” ინსპექციის 1999 წლის 26 მარტის მშენებლობის დაწყების ნებართვა ¹ 128. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილით იხელმძღვანლა და მიუთითა, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე ე.წ. «იტალიური ეზო” წარმოადგენს მობინადრეთა საერთო საკუთრებას, რის გამოც მოპასუხის _ მ. ხ-შვილის მიერ მშენებლობის წარმოებისათვის საჭირო იყო თანამესაკუთრეთა თანხმობა, რაც მას არ გააჩნდა, მეზობლების თანხმობის გარეშე კი, სააპელაციო პალატის აზრით, არც ჩუღურეთის რაიონის გამგეობას შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება მ. ხ-შვილის საცხოვრებელ სახლზე ჰოლის მიშენების თაობაზე და არც ქ. თბილისის მერიის «ა.” ინსპექციას შეეძლო გაეცა მშენებლობის წარმოების ნებართვა. სასამართლომ ამავე კოდექსის 211-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიიჩნია, რომ მ. ხ-შვილის მიერ საერთო საკუთრების მიწაზე ჰოლის მიშენებით გაუმართლებლად ილახება თანამესაკუთრეთა საერთო საკუთრების უფლება.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მ. ხ-შვილის მიერ შეტანილ იქნა საკასაციო საჩივარი, რომლითაც კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლი და არასწორად განმარტა ამავე კოდექსის 211-ე მუხლი. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრში ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტის დასკვნა და არ გამოიყენა ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 1973 წლის 19 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც მის ოჯახს მიცემული ჰქონდა დამხმარე სათავსების მიშენების უფლება, რომელთა საერთო ფართი ექვსჯერ აღემატებოდა ამჟამად მისაშენებელ ფართს და მიუხედავად ამისა, არ ლახავდა მეზობლების საყოფაცხოვრებო პირობებს. კასატორი, ამასთან, მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა მისი მოთხოვნა ჰოლის დანგრევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და თ. უ-ოვის მიერ მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მოწყობილი უნებართვო ავტოფარეხის აღების თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ
1. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა ცალმხრივად, შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევით, რომლის საფუძველზეც მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი). სააპელაციო პალატამ განიხილა მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნები და არ განიხილა მოპასუხის შეგებებული სარჩელი, რომელიც მართალია სასამართლოში წარდგენილ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, მაგრამ საქმის განმხილველ არც ერთ სასამართლოს არ გამოუყენებია ამ კოდექსის 185-ე, 186-ე და 187-ე მუხლები და შეგებებულ სარჩელზე ხარვეზის შესავსებად მოპასუხისათვის ვადა არ მიუცია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე და 189 მუხლების თანახმად შეგებებული სარჩელი მიღებულად ითვლება და სასამართლოს იგი უნდა განეხილა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, რის შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
2. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას და ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სასამართოლომ სრულად ვერ დაასაბუთა მ. ხ-შვილის მიერ განხორციელებული მიშენებით გაუმართლებლად ილახება თუ არა ქ. თბილისში, ... მცხოვრებთა საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 211-ე მუხლი), მით უმეტეს, რომ საქმეშია ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ ლიტერ «ვ”-ზე 4.65 კვ.მ ფართის ჰოლის მიშენებით არ შეიზღუდება ლიტერ «ა”-ში მცხოვრებ მოსარჩელეთა ტექნიკური ნორმებით გათვალისწინებული პირობები, რადგან მიშენება წარმოებს ლიტერ «ა” შენობის გარე კედლის გასწვრივ.
3. საკასაციო პალატა, ამასთან, ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ გამოიყენებდა ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 1973 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებას, ვინაიდან კანონით დადგენილ სამწლიან ვადაში იგი არ იქნა წარდგენილი აღსასრულებლად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 390-ე და 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კასატორ მ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.