გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-2-კს 6 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. კლარჯეიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა თბილისის მერიის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 11 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 28 სექტემბერს მ. გ-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მოპასუხეების: ზ. გ-ძის, ა. ჭ-ძის, გ. ხ-იანის, რ. კ-შვილისა და დ. ხ-იანის გამოსახლება მოითხოვა. საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ აღნიშნული სახლთმფლობელობიდან 1/5 ნაწილი საკუთრების უფლებით ეკუთვნის მას, მ. გ-ძეს; რომ მოპასუხეები არიან მისი მოქირავნები და წლების განმავლობაში არ იხდიან ბინის ქირას.
1999 წლის 17 დეკემბერს მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელით მიმართეს იმავე სასამართლოს და ქ. თბილისში, ... მდებარე მათ მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ბინებზე პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმება მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი თბილისის პირველი მაისის რაიაღმასკომის (რომლის სამართალმემკვიდრეცაა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობა) 1976 წლის 19 დეკემბრისა და 1977 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებებით ჩაირიცხა კომუნალურ ფონდში, წლების განმავლობაში ისინი სახელმწიფოს უხდიან კომუნალურ გადასახადებს და კანონით დადგენილი წესით ითხოვენ ამ ბინების უსასყიდლო პრივატიზაციას. ამასთან, შეგებებულ სარჩელში მოპასუხედ დასახელებულ იქნა მ. გ-ძე, ხოლო მესამე პირად _ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მესამე პირმა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, რათა მისთვის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის დაყენების საშუალება მიეცა, რაზეც სასამართლომ ადგილზე თათბირით უარი უთხრა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით არც მ. გ-ძის სარჩელი და არც მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელე მ. გ-ძემ, ისე მოპასუხეებმა: ზ. გ-ძემ, ა. ჭ-ძემ, გ. ხ-იანმა, დ. ხ-იანმა და რ. კ-შვილმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში საქმის განხილვისას მესამე პირმა _ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ კვლავ დამოუკიდებელი სარჩელით მიმართა სასამართლოს და ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ჩანაწერებში შესწორების შეტანა და ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/5 ნაწილის თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობაზე რეგისტრაცია მოითხოვა. საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ თბილისის პირველი მაისის აღმასკომის 1976 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო სახლის 1/5 ნაწილი კომუნალურ ფონდში ჩაირიცხა, კანონიერ ძალაშია და არავის გაუუქმებია, თუმცა, თანამდებობის პირთა დაუდევრობით, არ მომხდარა მისი რეგისტრაცია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მესამე პირის _ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის გამგებლის დამოუკიდებელი სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს აზრით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად, მესამე პირებს დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრა შეუძლიათ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, მოცემულ საქმეზე კი რაიონული სასამართლოს მიერ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მესამე პირმა _ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ, რის დაკმაყოფილებაზეც სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 12 იანვრის განჩინებით თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობას უარი ეთქვა. კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას და დასაბუთებულობას, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძლიანობას და მიაჩნია, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 11 დეკემბრისა და 2001 წლის 12 იანვრის განჩინებები და საქმე განსახილველად გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეები: ზ. გ-ძე, ა. ჭ-ძე, გ. ხ-იანი, დ. ხ-იანი და რ. კ-შვილი შეგებებული სარჩელით თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობისაგან ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების (ადმინისტრაციული გარიგების) დადებას მოითხოვდნენ. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს, პირველ რიგში, უნდა ემსჯელა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებლის საქმეში მოპასუხედ ჩაბმაზე, ვინაიდან ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების (ადმინისტრაციული გარიგების) ერთ-ერთი მხარე მოცემულ შემთხვევაში არის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმე განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის «ბ” ქვეპუნქტის თანახმად ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების _ ადმინისტრაციული გარიგების დადება ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს, რის გამოც საქმე უნდა განიხილოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ.
საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხის შეგებებული სარჩელი დასაშვებია და იგი არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას, რომ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო არსებითად იხილავს საქმეს, თავადაპირველ სარჩელს იხილავს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და ამასთან, შეუძლია განიხილოს ახალი სასარჩელო მოთხოვნა (შეგებებული სარჩელი), მით უმეტეს, რომ აღნიშნული მოთხოვნა მხარეს გააჩნდა პირველი ინსტანციის სასამართლოშიც.
საკასაციო პალატა, ამასთან, იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლი, რადგან საქმეზე გადაწყვეტილება შეიძლება გამოიტანოს არა მარტო რაიონულმა სასამართლომ, არამედ სააპელაციო და საკასაციო სასამართლომაც. ამასთან, აღნიშნულ მუხლში არაფერია ნათქვამი, რომ მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით საქმეში შეიძლება ჩაებას მხოლოდ რაიონულ სასამართლოში და მას ასეთი უფლება არა აქვს სააპელაციო სასამართლოში. თუკი სააპელაციო სასამართლოში დასაშვებია მოპასუხის შეგებებული სარჩელი (381-ე მუხლი) და იგი არ ეწინააღმდეგება სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, სააპელაციო სასამართლოში დასაშვებია, ასევე, მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა, მით უმეტეს, რომ მესამე პირები ადმინისტრაციულ პროცესში სარგებლობენ ყველა იმ უფლებებითა და მოვალეობებით, რითაც სარგებლობენ მხარეები (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილი).
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 11 დეკემბრის და 2001 წლის 12 იანვრის განჩინებები და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას;
3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.