გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-3კ-01 6 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი _ 618008,82 ლარის საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის მიზნით შპს «ნ.” ქონების დაყადაღება და დაყადაღებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევა.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს «ნ.” თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოში რეგისტრაციაში გატარდა 1996 წლის 31 მაისს, დადგენილება ¹ 7ა/4-125, 1999 წლის 1 აპრილიდან აღრიცხვაზეა მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში, საიდენტიფიკაციო კოდი ¹ 208151060. საწარმო ნედლი ნავთობის გადამუშავების შედეგად ღებულობს დიზელის საწვავს, მაზუთს მ-100, ნაფთას (ნედლი ნავთობროდუქტი) და როგორც აქციზური პროდუქციის მწარმოებელი-რეალიზატორი, მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში პერიოდულად დადგენილი ფორმით წარადგენდა აქციზის ყოველთვიურ დეკლარაციას. 1999 წლის განმავლობაში და 2000 წლის იანვრის თვეში აქციზის ყოველთვიურ დეკლარაციაში შპს «ნ.” ნაფთაზე (ნეფრასი) არიცხავდა აქციზის გადასახადს 60%-იანი განაკვეთით. 2000 წლის 16 თებერვალს შპს «ნ.” ¹ 12 წერილით მიმართა მსხვილ გადამხდელთა ინსპექციას და მოითხოვა ნაფთაზე (ნეფრასზე) შეცდომით დარიცხული აქციზის გადასახადის ნაწილში დეკლარაციების შესწორება იმ საფუძვლით, რომ ნაფთას მინიჭებული აქვს საქონლის ნომენკლატურის კოდი 270900, ნედლი ნავთობპროდუქტია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის 24-ე პუნქტის ჩამონათვალში არ არის მითითებული და ამიტომ აქციზით არ იბეგრება, რაც მსხვილ გადამხდელთა ინსპექციამ არ გაიზიარა და შპს «ნ.” არ გაათავისუფლა აქციზის გადახდისაგან.
2000 წლის 19 მაისს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციამ სარჩელი აღძრა შპს «ნავთობის მიმართ ქონების დაყადაღებისა და გადახდევინების ქონებაზე მიქცევის შესახებ იმ მოტივით, რომ 2000 წლის 17 მაისის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხებოდა 618589,82 ლარი საბიუჯეტო დავალიანება, მათ შორის ძირითადი საბიუჯეტო გადასახადი _ 393696, 28 ლარი და საურავი _ 224893,54 ლარი. 618589,82 ლარის საბიუჯეტო დავალიანებაში, გარდა ზემოაღნიშნული სადავო აქციზის გადასახადისა, ასევე, შედიოდა 1999 წლის 7 სექტემბრის შემოწმების აქტით შპს «ნ.” დარიცხული თანხებიც, რომლებზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლის «ე” პუნქტის შესაბამისად, მსხვილ გადამხდელთა ინსპექციას საინკასო დავალებები ჰქონდა წარდგენილი შპს «ნ.” მომსახურე «ი.”. შპს «ნ.” საბიუჯეტი დავალიენებათა თანხების კორექტირება რამდენჯერმე მოხდა მხარეთა მიერ და დაზუსტებული მონაცემებით მოპასუხეს სასამართლო დავის მომენტში ერიცხებოდა სულ 6180008 ლარი, აქედან ძირითადი დავალიანება 393696,82 ლარი და აქციზის გადასახადი 271329 ლარი, გარემოზე ზემოქმედების გადასახადი 120000 ლარი და დამატებული ღირებულების გადასახადი 7000 ლარი.
მოსარჩელე ამ დავალიანების დაფარვის მიზნით ითხოვდა მოპასუხის ქონების დაყადაღებას და ამ ქონებაზე გადახდევინების მიქცევას, თანახმად საგადასახადო კოდექსის 245-ე და 247-ე მუხლებისა. სასამართლო პაექრობის დროს მოსარჩელემ შეამცირა დავალიანების თანხა დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში, კერძოდ, ძირითადი თანხა 7000 ლარით და საურავი 15334 ლარით, იმ მოტივით, რომ გადასახადი 7000 ლარი მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის ანგარიშის ნაცვლად შეცდომით ჩაირიცხა ვანის რაიონის საგადასახადო ინსპექციის ანგარიშზე, ხოლო აქციზისა და გარემოზე ზემოქმედების გადასახადის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უცვლელად დატოვა.
მესამე პირმა _ საგადასახადო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სარჩელს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მოპასუხემ _ შპს «ნ.” სარჩელი არ ცნო, ვინაიდან თვლიდა, რომ საბიუჯეტო დავალიანება არ გააჩნდა, სასარჩელო მოთხოვნა ქონების დაყადაღებასა და გადახდევინების მიქცევაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლით განსაზღვრულია იმ ნავთობპროდუქტების სახეობები, რომლებზეც შემოღებულია აქციზის გადასახადი. ნაფთა იგივე ნეფრასი, ნედლი ნავთობპროდუქტია, რომელიც მინიჭებული ნომენკლატურის კოდის მიხედვით არ არის აქციზური საქონელი, აქციზით არ იბეგრება, ამიტომ 60%-იანი გადასახადის _ 415704 ლარის დარიცხვა მოხდა შეცდომით, რაც აღმოჩენილ იქნა თავად საწარმოს მიერ და უნდა გასწორდეს, რის შესახებაც ვაკე-საბურთალოს სასამართლოში სარჩელიც ჰქონდათ შეტანილი, მაგრამ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, 2000 წლის 29 მაისის განჩინებით, სარჩელი უმოძრაოდ იქნა დატოვებული.
2. უსწოროა საბიუჯეტო დავალიანების სახით 120000 ლარის გარემოზე ზემოქმედების გადასახადის მითითებაც, რადგან აღნიშნული თანხა საწარმომ თავის ანგარიშზე შეიტანა შპს «ს.-ს. ბ.” ბიუჯეტში გადასარიცხად. სადავო თანხა ბანკმა ჩამოჭრა შპს «ნ.” ანგარიშიდან, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტში ვერ გადარიცხა საბანკო ლიცენზიის ჩამორთმევის გამო. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებითა და 2000 წლის 27 მარტის განჩინებით შპს «ნ.” სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად ჩაეთვალა 120000 ლარი, ხოლო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა შპს «ს. ს. ბ.”, რის შესახებაც 2000 წლის 12 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი შპს «ნ.” ქონებაზე ყადაღის დადებისა და გადახდევინების ამ ქონებაზე მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგი მოტივით.
1. კოლეგიამ გაიზიარა მოწვეული სპეციალისტის, საქართველოს სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის საქართველოს სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის შპს «მ.” ექსპერტ-ქიმიკოსის დ. ო-შვილის განმარტება, რომ ნაფთა არის ნედლი ნავთობპროდუქტი, რომელიც ნავთობის პირველადი გადადენის შედეგად მიიღება, დამოუკიდებლად არ მოიხმარება და საქართველოს სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის შპს «მ.” მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატით მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი ¹ 270900, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის ჩამონათვალში შეტანილი არ არის. ამდენად, ნაფტა არც აქციზით დასაბეგრ პროდუქციას არ წარმოადგენს, მოსარჩელის მიერ შეცდომით იქნა შეტანილი დეკლარაციებში, ამიტომ აქციზის დავალიანება 415704 ლარი შპს «ნ.” არასწორად ერიცხება, ექვემდებარება შესწორებას და სარჩელში მითითებული დავალიანება 618008,82 ლარი უნდა შემცირდეს 415704 ლარით, შესაბამისად, ძირითად საბიუჯეტო დავალიანებას 393696,82 ლარს უნდა გამოაკლდეს აქციზის ძირითადი გადასახადის თანხა _ 271329 ლარი;
2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი პუნქტის «ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ვინაიდან მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «ნ.” ძირითად საბიუჯეტო დავალიანებაში 120000 ლარი _ გარემოზე ზემოქმედების გადასახადის დავალიანება უსწოროდ არის ჩართული და გადასახდელად დაკისრებული აქვს შპს «ს.-ს. ბ.”. მართალია, მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 მარტის განჩინების ბათილად ცნობასა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე შეტანილი აქვს განცხადება მოსარჩელეს _ მსხვილ გადამხდელთა ინსპექციას, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის შესაბამისად, ასეთი განცხადების შეტანა გადაწყვეტილების აღსრულებას ვერ შეაჩერებს. ამასთან, მოსარჩელე განცხადებით ითხოვს სასამართლოს 1999 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების განმარტებაზე მიღებული განჩინების (2000 წლის 27 მარტი) ბათილად ცნობას, ხოლო თავად გადაწყვეტილება, სადავო 12000 ლარის შპს «ს. ს. ბ.” გადასახდელად დაკისრების თაობაზე, მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია;
3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, კოლეგიამ დასაშვებად ცნო მოსარჩელის მიერ შპს «ნ.” ძირითადი საბიუჯეტო დავალიანების თანხის 7000 ლარით და სანქცია-საურავების 15334 ლარით შემცირება დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში, ვინაიდან არ ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას და წარმოდგენილი ქვითრით უტყუარად დასტურდებოდა, რომ მოპასუხემ თავისი ვალდებულება ბიუჯეტის წინაშე შეასრულა, თუმცა გადასახადის თანხა 7000 ლარი შეცდომით ჩაირიცხა ვანის საგადასახადო სამსახურის ანგარიშზე.
4. ვინაიდან შპს «ნ.” არასწორად დაერიცხა ძირითადი საბიუჯეტო დავალიანება _ 393696,82 ლარი, მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის ქონების დაყადაღებისა და ამ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის შესახებ, სასამართლო კოლეგიამ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს მესამე პირი _ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და შპს «ნ.” რიცხული 618008,82 ლარის დავალიანების გადახდას ქონებაზე მიქცევით შემდეგი საფუძვლებით:
1. შპს «ნ.” მიერ წარმოებული ნავთობპროდუქტი «ნ.” დაბალი ოქტანობის მქონე ბენზიანია და მაღალი ოქტანობის ბენზინთან შერევის შემდეგ გამოიყენება ავტომანქანების საწვავად, ასევე საღებავების დასამზადებლად და გალვანურ წარმოებაში, ამიტომ «ნ.” წარმოადგენს ნავთობპროდუქტს (ბენზინს) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის 24-ე პუნქტის თანახმად, იბეგრება აქციზური გადასახადით. შესაბამისად, შპს «ნ.” თავდაპირველად სწორად წარადგინა აქციზის გადასახადის გაანგარიშებები და მისი დავალიანება აქციზის ნაწილში შეადგენს 415704 ლარს, აქედან ძირითადი თანხაა 271329 ლარი.
2. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 ივლისის უკანონო გადაწყვეტილების შესახებ კოლეგიის მოსაზრება უსაფუძვლოა, რადგან ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლისა და კონსტიტუციის 94-ე მუხლის მოთხოვნებს, რომლებზედაც სასამართლოს არ გაუმახვილებია ყურადღება. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა უმთავრესი გარემოება, რომ შპს «ნ.” მიერ 120000 ლარის ეკოლოგიური გადასახადის შპს «ს.-ს. ბ.” გადახდის დროისათვის ბანკს ეროვნული ბანკის მიერ ჩამორთმეული ჰქონდა საბანკო ოპერაციების წარმოების ლიცენზია. საგულისხმოა, რომ საბიუჯეტო დავალიანების თანხების გადარიცხვის თაობაზე ბანკსა და შპს «ნ.” შორის დავაში საგადასახადო ორგანოები რაიონული სასამართლოს მიერ ჩართული არ ყოფილა, ამიტომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება უკანონოა და 120000 ლარის გარემოზე ზემოქმედების გადასახადის გადახდა უნდა დაეკისრიოს შპს «ნ.”.
საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს საგადასახადო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ¹ 270900 საიდენტიფიკაციო კოდის მქონე ნავთობპროდუქტი, რადგან მითითებული არ არის საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის 24-ე პუნქტის ჩამონათვალში, ამიტომ აღარ დავობს, თუმცა მიაჩნია, რომ ადგილი აქვს საკანონმდებლო ხარვეზს. მაგრამ გარემოზე ზემოქმედების გადასახადის _ 120000 ლარის ნაწილში ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და თანხის შპს «ნავთობზე” დაკისრებას.
მოსარჩელემ _ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ აქციზის გადასახადის ნაწილში, ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ გაასაჩივრეს იგი, რადგან საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის 24-ე პუნქტის მიხედვით ნაფტა აქციზურ საქონელს არ წარმოადგენს. 120000 ლარის გარემოზე ზემოქმედების გადასახადის საკითხთან დაკავშირებით წარმოადგინეს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს ცნობა, რომ მათი განცხადება 2000 წლის 27 მარტის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განხილვის სტადიაშია. ამასთან მიუთითეს, რომ შპს «ნ.” მიერ საბიუჯეტო დავალიანების გადაფარვა მოხდა სხვადასხვა გადასახადის თანხებიდან და წარმოადგინეს შედარების აქტი.
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ნ.” საკასაციო საჩივარი არ ცნო, ითხოვს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას უსაფუძვლობის მოტივით. კერძოდ, წარმოადგინა ქ. თბილისის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციასთან შედარების ზემოაღნიშნული აქტი, გაფორმებული 2001 წლის 30 იანვარს და მიუთითა, რომ საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ კვლავ გადამოწმდა ბიუჯეტთან შპს «ნ.” ანგარიშსწორების მდგომარეობა და წარმოდგენილი აქტის მიხედვით საბიუჯეტო დავალიანება ამჟამად აღარ ერიცხება, ვინაიდან ნაფტა აქციზურ საქონელს არ წარმოადგენს და მასზე გადასახადის დარიცხვა შეცდომით მოხდა, ხოლო გარემოზე ზემოქმედების გადასახადი _ 120000 ლარი კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოს 1999 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ჩაეთვალა გადახდილად, ამ თანხიდან 54000 ლარი იყო იმ პერიოდისათვის არსებული ე.წ. ეკოლოგიური გადასახადის დავალიანება, ხოლო დანარჩენი თანხა შპს-მ ბიუჯეტში წინასწარ გადარიცხა ავანსის სახით, რითაც, როგორც მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მოხდა მიმდინარე სხვა საბიუჯეტო დავალიანების დაფარვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება-კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება. კერძოდ:
1. საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის პირველი პუნქტი აწესებს, რომ სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა მხოლოდ კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილიც იმპერატიულად მიუთითებს, რომ ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. კოდექსის 130-ე მუხლში მოცემულია აქციზით დასაბეგრი საქონლის სრული ჩამონათვალი, რომლის 24-ე პუნქტი განსაზღვრავს, რომ 60%-იანი აქციზის გადასახადით იბეგრება ნედლი ნავთობისაგან და ბითუმინოზური მინერალებისაგან მიღებული ნავთობროდუქტები (გარდა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისცილატებისა და მაზუთისა), რომელთა ნომენკლატურული კოდია 271000. შპს «ნ.” მიერ ნედლი ნავთობის გადამუშავების შედეგად მიღებულ ნაფთას, საქართველოს სერტიფიკაციის სახელმწიფო სისტემის შპს «მ.” მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატის მიხედვით, მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი ¹ 270900, რომელიც საგადასახადო კოდექსის 130-მუხლის ჩამონათვალში გათვალისწინებული არ არის. ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციისა და შპს «ნ.” წარმომადგენელთა მოსაზრებას, რომ სადავო ნაფთა აქციზით დასაბეგრ პროდუქციას არ წარმოადგენს, მოსარჩელის მიერ დეკლარაციაში შეცდომით იქნა შეტანილი, რაც უნდა გასწორდეს და შპს «ნ.” ძირითადი საბიუჯეტო დავალიანების თანხა 393696,82 ლარი უნდა შემცირდეს უსწოროდ დარიცხული 271328 ლარით, ხოლო საერთო დავალიანების თანხა 618008,82 ლარი უნდა შემცირდეს 415704 ლარით.
2. საკასაციო პალატა გარემოზე ზემოქმედების გადასახადის თაობაზე ვერ გაზიარებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან ამ გადასახადთან დაკავშირებით თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 29 ივლისს გამოიტანა გადაწყვეტილება, ხოლო 2000 წლის 27 მარტს _ განჩინება, რომლითაც შპს «ნ.” ბიუჯეტში გადახდილად ჩაეთვალა გარემოზე ზემოქმედების გადასახადი _ 120000 ლარი და თანხის გადახდა დაეკისრა შპს «ს.-ს. ბ.”, რაზეც გაიცა სააღსრულებო ფურცელი. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს აქტები დღეისათვის კანონიერ ძალაშია შესული. მართალია, 2000 წლის 27 მარტის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე მოსარჩელეს _ მსხვილ გადამხდელთა ინსპექციას, განცხადება აქვს შეტანილი, მაგრამ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 5 აპრილის ცნობის მიხედვით განცხადება ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია. ამდენად, სადავო 120000 ლარზე სასამართლოს აქტები არ გაუქმებულა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” პუნქტის თანახმად კანონიერ ძალაშია, ამ თანხის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა დაკისრებული აქვს შპს «ს.-ს. ბ.”. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას, ამიტომ საკასაციო პალატა ეთანხმება საოლქო სასამართლოს კოლეგიას და მიაჩნია, რომ 393696 ლარის ძირითად დავალიანებაში გარემოზე ზემოქმედების გადასახადის თანხა 120000 ლარი არასწორად არის ჩართული, უნდა შემცირდეს და შპს «ნ.” აღარ უნდა დაერიცხოს, რადგან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით 120000 ლარი საწარმოს უკვე ჩაეთვალა ბიუჯეტში გადახდილად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 და საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლების თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება საოლქო სასამართლოს კოლეგიას, რომ შპს «ნ.” დარიცხული ძირითადი საბიუჯეტო დავალიანების თანხიდან _ 393696 ლარიდან უკანონოა საწარმოსათვის აქციზის გადასახადის _ 271329 ლარისა და გარემოზე ზემოქმედების გადასახადის თანხის _ 120000 ლარის დარიცხვა, ხოლო ვანში შეცდომით გადარიცხული დამატებული ღირებულის გადასახადის თანხას _ 7000 ლარს, კასატორი სადავოდ არ ხდიდა. აქედან გამომდინარე, პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ შპს «ნ.” არასწორად დაერიცხა ძირითადი დავალიანება, სანქცია-საურავები, რომ სასარჩელო მოთხოვნა და შესაბამისად, საკასაციო საჩივარიც შპს «ნ.” ქონებაზე ყადაღის დადებისა და დაყადაღებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის შესახებ უსაფუძვლოა, არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 245-247-ე მუხლები, რომელთაც ეფუძნებოდა სასარჩელო განცხადება და საკასაციო საჩივარი, 2000 წლის 5 დეკემბრიდან გაუქმებულია და აღარ მოქმედებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 404-ე, 410-ე, 413-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.