Facebook Twitter

¹ 3გ/ად-3-კ-01 7 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. კლარჯეიშვილი (მოსამართლე)

მსაჯულები: შ. მამფორია, გ. ოგანოვი

დავის საგანი: თბილისში, ¹... ...-ის საარჩევნო ოლქში მწვანეთა პარტიის წარმომადგენლის გ. გ-ძის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაცია.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელმა (თავმჯდომარე) გ. გ-ძემ განცხადებით მიმართა თბილისის ¹... ...-ის რაიონის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარეს, ...-ის რაიონის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში პარლამენტის გამოკლებული მაჟორიტარი დეპუტატის ნაცვლად, 2001 წლის 21 ოქტომბერს დანიშნულ ხელახალ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და წარადგინა სათანადო დოკუმენტაცია. 2001 წ. 22 აგვისტოს ¹... ...-ის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თ. კ-ძემ ¹26 ცნობა გასცა, რომლითაც დაადასტურა გ. გ-ძის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისათვის წარდგენილი დოკუმენტების კანონთან შესაბამისობა. სრულყოფილად დოკუმენტების წარდგენის მიუხედავად მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი გ. გ-ძე არ იქნა რეგისტრირებული პარლამენტის წევრობის კანდიდატად და საქართველოს ცსკ-ოს თავმჯდომარე ჯ. ლ.-ის 2001 წლის 31 აგვისტოს ¹01-03/89 წერილით განემარტა, რომ «საქართველოს საარჩევნო კოდექსით» პარტიის მიერ მაჟორატორულ არჩევნებში წარდგენილი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი (თუ რომელი საარჩევნო კომისია ატარებს კანდიდატს რეგისტრაციაში) განსაზღვრული არ არის, რის გამოც ცსკ-ოს ისევე, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიას არ გააჩნდა გ. გ-ძის პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტის კანონიერი საფუძველი.

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატმა გ. გ-ძემ და მისმა წარმომადგენელმა 2001 წ. 3 სექტემბერს სარჩელი აღძრეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქართველოს ცსკ-ოს მიმართ და მოითხოვეს საქართველოს ცსკ-ოს 2001 წ. 31 აგვისტოს ¹01-03/89 განკარგულების (ცსკ-ოს თავმჯდომარე ჯ. ლ.-ის წერილი) გაუქმება «საქართველოს კონსტიტუციისა» და «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» საფუძველზე. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 97-ე მუხლის «ა» პუნქტის თანახმად, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყველა პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვთ წარადგინონ თითოეულ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატი, რაც დაცული იქნა საქართველოს მწვანეთა პარტიის მიერ და ...-ის ¹... საარჩევნო ოლქში მათ წარადგინეს პარლამენტის წევრობის ერთი კანდიდატი, «საარჩევნო კოდექსით» გათვალისწინებული დოკუმენტების დართვით. საქართველოს მწვანეთა პარტიის მიერ ¹... ...-ის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი დოკუმენტების კანონთან შესაბამისობას 2001 წლის 22 აგვისტოს ¹26 ცნობით ადასტურებს საოლქო საარჩევნო კომისია და თვით ცსკ-ოს სადავო, 2001 წ. 31 აგვისტოს ¹01-03/89 განკარგულებაც. ამიტომ «საქართველოს საარჩევნო კოდექსით» გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის მოტივით, ცსკ-ოს უარი პარლამენტის წევრობის კანდიდატად გ. გ-ძის რეგისტრაციაში გატარებაზე უკანონოა, ვინაიდან ამ უსაფუძვლო უარით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უზრუნველყოფილი სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ამასთან მოსარჩელენი ცსკ-ოს 2001 წლის 31 აგვისტოს ¹01-03/89 განკარგულების (ჯ. ლ.-ის წერილის) გაუქმებასთან ერთად მოითხოვდნენ დაევალოს ცსკ-ოს გაატაროს რეგისტრაციაში თბილისის ¹... ...-ის საარჩევო ოლქში დეპურატობის კანდიდატი გ. გ-ძე.

მოპასუხე – ცსკ-ოს წარმომადგენელმა სარჩელი ცნო, დაადასტურა საქართველოს მწვანეთა პარტიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში გ. გ-ძის პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისათვის წარდგენილი დოკუმენტების კანონშესაბამისობა და განმარტა, რომ სარჩელში მითითებული საქართველოს ცსკ-ოს 2001 წ. 31 აგვისტოს სადავო ¹01-03/89 «განკარგულება» არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, იგი არ არის «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 25-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტი _ საქართველოს ცსკ-ოს დადგენილება, განკარგულება და არც ცსკ-ოს თავმჯდომარის ბრძანება, არამედ სამართლებრივი თვალსაზრისით ეს არის ცსკ-ოს თავმჯდომარე ჯ. ლ.-ის წერილი-განმარტება და სასამართლოში დავის საგანი ვერ იქნება. მოპასუხის წარმომადგენლის განცხადებით «საქართველოს საარჩევნო კოდექსი», მართალია, ნათლად და იმპერატიულად არ განსაზღვრავს პარტიის მიერ პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციის საკითხს, კერძოდ რომელმა საარჩევნო კომისიამ, ცენტრალურმა თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ, უნდა დაარეგისტრიროს იგი, მაგრამ ორგანულ კანონში არის მთელი რიგი ნორმებისა, რომლებიც არეგულირებენ აღნიშნულ საკითხს. სახელდობრ, «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ», 77-ე მუხლის მე-11 ნაწილის «ა» პუნქტებისა და 106-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, პარტიის ან ბლოკის მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრობის კანდიდატს რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს ცსკ-ო და ცსკ-ოს თავმჯდომარევე გასცემს პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის მოწმობას. ამდენად, მოპასუხემ ცნო სარჩელი, დაადასტურა სარეგისტრაციო დოკუმენტების სრულყოფილება და განმარტა, რომ გ. გ-ძის პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაში გაუტარებლობა რეალურად გამოწვეული იყო არა საკანონმდებლო ხარვეზით, არამედ საქართველოს ცსკ-ოს სხდომაზე მისი წევრობის გამოუცხადებლობითა და კვორუმის არარსებობით.

საქართაველოს უზენაეს სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვის დროს, მოსარჩელეებმა შეცვალეს სასარჩელო მოთხოვნა და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ცსკ-ო სადავოდ არ ხდიდა საქართველოს მწვანეთა პარტიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისათვის წარდგენილი დოკუმენტების კანონთან შესაბამისობასა და სისრულეს, მოსარჩელეებმა მოითხოვეს თბილისის ¹... ...-ის საარჩევნო ოლქში დეპუტატობის კანდიდატად გ. გ-ძის რეგისტრაციაში გატარება თვით სასასამართლოს მიერ.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა სასარჩელო განცხადებისა და საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან პარლამენტის წევრობის კანდიდატად გ. გ-ძის რეგისტრაციისათვის უარი უმართებულოა შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს მწვანეთა პარტიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 97-ე მუხლის I ნაწილის «ა» პუნქტისა და მე-2 ნაწილის, ასევე, 106-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ¹... ...-ს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში პარლამენტის გამოკლებული მაჟორიტორი დეპუტატის ნაცვლად დანიშნულ ხელახალ არჩევნებში წარადგინა მხოლოდ ერთი კანდიდატი, ბატონი გ. გ-ძე. მოპასუხე, საქართველოს ცსკ-ო სადავოდ არ ხდიდა და კვლავ ადასტურებს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გ. გ-ძის რეგისტრაციისათვის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი დოკუმენტების (განცხადების, პარლამენტის წევრობის კანდიდატის სააღრიცხვო ბარათის, მხარდამჭერთა სიების) კანონშესაბამისობასა და სისრულეს. ამიტომ, საქართველოს უზენაეს სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ¹... ...-ის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გ. გ-ძის წარდგენა საქართველოს მწვანეთა პარტიის მიერ განხორციელდა «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» შესაბამისად, ორგანული კანონით დადგენილი წესით.

«საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 98-ე მუხლის I ნაწილი ზოგადად განსაზღვრავს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის საკითხს და მიუთითებს, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატთა და პარტიული სიების რეგისტრაციის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საარჩევნო კომისია, თუ კომისიისთვის წარდგენილია ამ კანონით გათვალისწინებული ყველა საბუთი.

ზოგადი ნორმაა, ასევე, კოდექსის 93-ე მუხლიც, რომელიც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ანიჭებს შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ პარტიას, საარჩევნო ბლოკსა და მაჟორიტარ კანდიდატს. «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» მიხედვით საარჩევნო სუბიექტთა – პარტიის, საარჩევნო ბლოკის, პარტიული სიების, პარლამენტის წევრობის კანდიდატის – მარეგისტრირებელი ორგანოა ცსკ-ო და საოლქო საარჩევნო კომისია. კოდექსის 29-ე მუხლით რეგლამენტირებულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენცია, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «ო» და «პ» პუნქტებით განსაზღვრულია რომ ცსკ-ო თავისი დადგენილებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებს (საარჩევნო ბლოკებს) და პარტიულ სიებს, ხოლო 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ვ» პუნქტით დადგენილია, რომ საოლქო საარჩევნო კომისია თავისი განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს, მაგრამ კანონში მართლაც არ არის ნათლად გამოკვეთილი პარტიის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის მარეგისტრირებელი ორგანო, რაც სასამართლოს აზრით, დაუშვებელია გახდეს საქართველოს კონსტიტუციის 28-ე და «საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 92-ე მუხლით საქართველოს მოქალაქისათვის _ გ. გ-ძისათვის მინიჭებული პასიური საარჩევნო უფლების განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოება, რადგან საარჩევნო უფლება წარმოადგენს დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქის უზენაეს კონსტიტუციურ უფლებას.

«საქართველოს საარჩევნო კოდექსის» 106-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში,Mმისი ადგილმონაცვლის კანდიდატურის წარდგენის უფლება ენიჭება პარტიასა და საარჩევნო ბლოკს, აგრეთვე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით კი დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი შესაბამისი პარტიული სიით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე, აღუდგება პარტიულ სიაში მის ადგილმონაცვლე, პარლამენტის წევრობის რიგით მომდევნო კანდიდატს. პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი პირი კი, ამავე ნორმის მიხედვით, პარლამენტის მაჟორიტარი კანდიდატის სტატუსს იძენს საქართველოს ცსკ-ოს მიერ პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის მომენტიდან. საქართველოს ცსკ-ში პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციის შემდეგ, მარეგისტრირებელი ორგანოს თავმჯდომარე _ ცსკ-ოს თავმჯდომარე, კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» პუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ კანდიდატზე გასცემს სათანადო მოწმობას. ხოლო კოდექსის 77-ე მუხლის მე-11 ნაწილის «ა» პუნქტი განსაზღვრავს რა სარეგისტრაციო აქტების გასაჩივრების წესს, ადგენს, რომ პარტიის (საარჩევნო ბლოკის) მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატის რეგისტრაციის შესახებ საქართველოს ცსკ-ოს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამარლოში. ამდენად, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» პუნქტის, 77-ე მუხლის მე-11 ნაწილის «ა» პუნქტისა და 106-ე მუხლის მე-11 ნაწილის ურთიერთშეჯერებითა და ანალიზით ირკვევა, რომ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში პარტიის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატს რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს ცსკ-ო, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატს, კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ვ» პუნქტით, რეგისტრაციაში ატარებს საოლქო საარჩევნო კომისია. ამიტომ საკანონმდებლო ხარვეზის მოტივით კანდიდატ გ. გ-ძის პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უსაფუძვლო და უკანონოა, ხოლო საქართველოს მწვანეთა პარტიის სარჩელი პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად მათი წარმომადგენლის გ. გ-ძის რეგისტრაციაზე _ კანონიერი და უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს მოპასუხის ახსნა-განმარტებას, რომ არც მას და არც საოლქო საარჩევნო კომისიას სადავოდ არ გაუხდია და სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც დაადასტურეს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატად გ. გ-ძის რეგისტრაციისათვის საოლქო საარჩევნო ოლქში წარდგენილი დოკუმენტების კანონშესაბამისობა და სისრულე და ვინაიდან საჭირო აღარ არის საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უზენაესი სასამართლო უფლებამოსილია დააკმაყოფილოს მოსარჩელეთა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა და თავად გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ¹... ...-ის საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად საქართველოს მწვანეთა პარტიის წარმომადგენლის გ. გ-ძის რეგისტრაციის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I და 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპრპოცესო კოდექსის 247-ე, 248-ე, 249-ე მუხლებით, და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს. საქართველოს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი გ. გ-ძე რეგისტრირებულად ჩაითვალოს საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად ქ. თბილისის ¹... ...-ის საარჩევნო ოლქში.

2. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 30 ლარის გადახდა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.