Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-3კს-01 5 აპრილი, 2001 წ., ქ. .თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი – სარჩელის უმოძრაოდ დატოვება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს «... ცენტრის» დამფუძნებლებმა მ. ჭ-იამ და მ. დ-იამ 2000 წლის 29 სექტემბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვეს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 27.08.99 წ. ¹ 1-3/478 ბრძანებისა და 19.08.99 წ. ¹ 718 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა. სარჩელში მითითებული დანართი 13 ფურცლად მოსარჩელეებს სასამართლოში არ წარუდგენიათ, რის გამოც თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 04.10.2000 წლის ხარვეზის შესახებ განჩინებით მოსარჩელეებს 2000 წლის 13 ოქტომბრამდე მიეცათ ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად. კერძოდ, დაევალათ რიგი დოკუმენტების წარმოდგენა და დაზუსტება სარჩელი აღძრული იყო იურიდიული პირის - შპს «... ცენტრისა» თუ შპს-ს დამფუძნებელი ფიზიკური პირების მიერ. 2000 წლის 16 ოქტომბერს მოსარჩელეთა ადვოკატმა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს წარუდგინა მითითებული საბუთები და განმარტა, რომ სარჩელი აღძრულია ფიზიკური პირების მ. ჭ-იასა და მ. დ-იას მიერ, ვინაიდან საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაცემულია მათ სახელზე. სასამართლო კოლეგიამ ხარვეზი გამოსწორებულად არ ჩათვალა, რადგან განცხადებაში მითითებული 1998 წლის 24 მარტის შპს «... ცენტრის» რეგისტრაციის შესახებ სასამართლოს ¹ 03/4-366 დადგენილების დედანი ფაქტობრივად წარმოდგენილი არ ყოფილა, ამიტომ კოლეგიამ 2000 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სასარჩელო განცხადება უმოძრაოდ დატოვა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლისა სარჩელის უმოძრაოდ დატოვების შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მოსარჩელეებმა, რომლებიც ითხოვენ განჩინების გაუქმებას და სარჩელის წარმოებაში მიღებას შემდეგი საფუძვლით:

1. სარჩელის უმოძრაოდ დატოვება უსწოროა, ვინაიდან მითითებული ხარვეზები მათ მიერ შევსებულია სრულად და სასამართლოს წარედგინა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის შპს «... ცენტრის» წესდება (დედანი), ცენტრის რეგისტრაციის თაობაზე სასამართლოს 1998 წლის 26 მარტის ¹ 03/4-366 დადგენილება და ფორმა ¹ 4.

2. დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის «ე» პუნქტის მოთხოვნა, განჩინებაში არ არის აღნიშნული მოტივები, რომლითაც სასამართლო მივიდა თავის დასკვნამდე და არ არის მითითებული კანონები, რომლითაც იგი ხელმძღვენელობდა აღნიშნული განჩინების გამოტანისას.

თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2001 წლის 8 იანვრის განჩინებით, დაუსაბუთებლობის მოტივით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. კოლეგიამ მიიჩნია, რომ შპს «.. ცენტრის» რეგისტრაციის თაობაზე 24.03.98 წ. სასამართლოს ¹ 03/4-366 დადგენილების დედანი კერძო საჩივარს არ ერთვოდა, ამდენად კერძო საჩივრის დასაშვებობა - დასაბუთებულობის შემოწმების ეტაპზეც არ იქნა სრულად გამოსწორებელი მითითებული ხარვეზი, ამიტომ კერძო საჩივარს უარი ეთქვა და საქართველოს სამოქალაქო, საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, საქმე გადმოიგზავნა უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და სასამართლოს კოლეგიის განჩინებების კანონიერება – დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. ჭ-იასა და მ. დ-იას კერძო საჩივარი საფუძვლიანია|, უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2000 წლის 27 ნოემბრისა და 2001 წლის 8 იანვრის განჩინებები უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო პალატა ეთანხმება კოლეგიის 2000 წლის 4 ოქტომბრის განჩინებას ხარვეზის შესახებ, ვინაიდან მ. ჭ-იასა და მ. დ-იას სარჩელი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის «ზ» პუნქტისა და 179-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, სარჩელში არ იყო მითითებული მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ იმ გარემოებას, რომლებზედაც მოსარჩელენი ამყარებდნენ თავიანთ მოთხოვნას, ასევე სარჩელში, თუმცა მითითებული იყო დანართი 13 ფურცლად, მაგრამ მტკიცებულებები სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, ამიტომ სასამართლომ თავად განსაზღვრა სათანადო მტკიცებულებები და მოსარჩელეებს დაავალა მათი წარმოდგენა, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლება-შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და თავადვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამასთან, მართალია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გამოითხოვოს რაიმე მტკიცებულება, მაგრამ საკასაციო პალატა თვლის, რომ მტკიცებულების წარმოუდგენლობა შეიძლება გახდეს დაუსაბუთებლობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ხოლო ამ მოტივით სარჩელის უმოძრაოდ დატოვება უსაფუძვლოა.

2. კოლეგიამ მიიჩნია, რომ სარჩელში და კერძო საჩივარში მითითებული შპს «... ცენტრის» რეგისტრაციის თაობაზე სასამართლოს ¹ 03/04-366 დადგენილების დედანი მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 24 მარტის დადგენილება წარმოადგენს ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ დადგენილებას, რომლითაც «მეწარმეთა შესახებ» კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად, საზოგადოებამ რეგისტრაციაში გაატარა თავისი – შპს «... ცენტრის» იურიდიული მისამართის ცვლილება. საქმეში 21-31 ფურცელზე წარმოდგენილია შპს «... ცენტრის» წესდების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ საზოგადოება თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს მიერ რეგისტრირებულია 1996 წლის 24 ივნისს, რეგისტრაციის ¹ 03/4-366, ხოლო მე-19 და 32-ე ფურცლებზე წარმოდგენილია ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს სამეწარმეო რეესტრის ფორმულარი, ფორმა ¹ 4, იგივე მონაცემებით – რეგისტრაციის თარიღი 1996 წლის 24 ივნისი, რეგისტრაციის ¹ 03/4-366. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, შპს «... ცენტრის» საპროცესო უფლებაუნარიანობის დასადგენად, საოლქო სასამართლოს კოლეგიას საქმეში საკმარისი მტკიცებულებები გააჩნდა და სარჩელის უმოძრაოდ დატოვება უსაფუძვლოა.

3. საწარმოს რეგისტრაციის თაობაზე სასამართლოს დადგენილების წარმოუდგენლობის მოტივით სარჩელის უმოძრაოდ დატოვება კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის აზრით, უმართებულოცაა, ვინაიდან საქმეში მე-19 და 32-ე ფურცლებზე შპს «... ცენტრის» რეგისტრაციაზე წარმოდგენილია ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს სამეწარმეო რეესტრის ფორმულარი, ფორმა ¹ 4, რაც ასევე უტყუარად ადასტურებს მისი, როგორც იურიდიული პირის რეგისტრაციის ფაქტს. «მეწარმეთა შესახებ» კანონის 4.1. მუხლის თანახმად, სასამართლო საწარმოს რეგისტრაციას ახორციელებს სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერებით ანუ იმ ფაქტების დაფიქსირებით, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ ეკონომიკურ ურთიერთობაში. სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რასაც შემდგომ მოჰყვება სამართლებრივი შედეგები – იურიდიული პირის წარმოშობა და უფლებაუნარიანობა-ქმედუნარიანობით მისი აღჭურვა. ამიტომაც მოქმედებს რეგისტრაციის სისწორის პრეზუმფცია და რეგისტრაციის ოფიციალურ გაუქმებამდე შეცდომით რეგისტრირებული საწარმოც კი ითვლება უშეცდომოდ რეგისტრირებულად, ხოლო საზოგადოებაში ყოველი ცვლილება ძალაში შედის მხოლოდ სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის შემდეგ. «მეწარმეთა შესახებ» კანონის 4.2 მუხლის მიხედვით სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ფაქტები ჩაიწერება რეესტრის ფორმულარებში, რომელიც მოცემულია თვით კანონის დანართში, მისი შემადგენელი ნაწილია და სწორედ ეს ფორმა ¹ 4 წარმოადგინეს მოსარჩელეებმა შპს «... ცენტრის» რეგისტრაციის დასადასტურებლად.

4. საკასაციო პალატა, ასევე, საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელენი არიან ფიზიკური პირები, შპს «... ცენტრის» დამფუძნებლები, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა სადავო არასაცხოვრებელ ფართზე გაცემულია, დამფუძნებელი ფიზიკური პირების სახელზე, შესაბამისად სადავო ფართის მესაკუთრენი არიან მოსარჩელე ფიზიკური პირები, სადავო ფართი არ შედის მათ მიერ დაფუძნებული შპს «... ცენტრის» საწესდებო კაპიტალში. ამიტომ, საკასაციო პალატის აზრით კოლეგიის მიერ მითითებული საწარმოს რეგისტრაციის შესახებ სასამართლოს დადგენილება არ წარმოადგენს დავის გადაწყვეტისათვის უმთავრეს და უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას. ამასთან, სამეწარმეო რეესტრის საჯაროობიდან გამომდინარე, «მეწარმეთა შესახებ» კანონის 4.4. და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლების თანახმად, სასამართლო კოლეგიას შეეძლო თავადვე გამოეთხოვა შპს «... ცენტრის» შესახებ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I და მე-4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის «დ» პუნქტით, 390-ე. 393-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს შპს «... ცენტრის» დამფუძნებლების მ. ჭ-იასა და მ. დ-იას კერძო საჩივარი.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 27 ნოემბრისა და 2001 წლის 8 იანვრის განჩინებები.

3. საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ მითითებული ხარვეზები ჩაითვალოს შევსებულად და სარჩელი დასაშვებად. საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას.

4. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის დროს.

5. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.