¹ 3გ/ად-4-01 6 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
მსაჯულები: შ. მამფორია, გ. ოგანოვი
დავის საგანი: საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად ქ. თბილისის ¹2 ვაკის საარჩევნო ოლქში გ. ჟ-იანის რეგისტრაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
09.08.01წ. საარჩევნო ბლოკმა «...-ს», «საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ» ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინა ბატონი გ. ჟ-იანი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად თბილისის ...-ის ¹... საარჩევნო ოლქში პარლამენტის გამოკლებული წევრის ნაცვლად დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. კანდიდატმა გაიარა ზემოაღნიშნული კანონით დადგენილი პროცედურები და 22.08.01წ. წარუდგინა მხარდამჭერთა სიები საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც შეამოწმა და დაადასტურა მათი ნამდვილობა და შემოწმების შედეგი წარუდგინა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ 31.08.01წ. ¹01-03/81 წერილით დაადასტურა, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთანავე, გ. ჟ-იანს ეცნობა, რომ 02.08.01წ. მიღებული საქართველოს ორგანული კანონით «საქართველოს საარჩევნო კოდექსით» არ არის განსაზღვრული პარტიის მიერ მაჟორიტარულ არჩევნებში წარდგენილი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი, რის გამო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ისევე, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიას, არ გააჩნია რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტის კანონიერი საფუძველი.
საარჩევნო ბლოკ «...-ს» ხელმძღვანელმა სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. მოსარჩელე, კოდექსის 106-ე მუხლის 11 ნაწილის, 77-ე მუხილის მე-11 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე ითხოვს სასამართლოს მიერ თბილისის ...-ის ¹... საარჩევნო ოლქში ბატონ გ. ჟ-იანის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტას. საქმეში მესამე პირად ჩართული გ. ჟ-იანი მხარს უჭერს სარჩელს და ითხოვს მის დაკმაყოფილებას, სასამართლოს მიერ მისი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტას.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა 05.09.01წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმის დღის წესრიგის, გ. ჟ-იანის ¹... ...-ის საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად რეგისტრაციაში გატარების განკარგულების პროექტები, კომისიის წევრების ხელმოწერების ფურცლის ასლი, კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიერ ხელმოწერილი სხდომის ოქმი, რომლის თანახმადაც კომისიის სხდომის ქვორუმისათვის აუცილებელი კომისიის თერთმეტი წევრის არშეკრების გამო, კომისიის სხდომა 05.09.01წ. არ შედგა, შესაბამისად ვერ იქნა განხილული დღის წესრიგის პროექტით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის ¹... ...-ის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად გ. ჟ-იანის რეგისტრაციის საკითხი.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა ცნეს სარჩელი, დაადასტურეს, რომ საარჩევნო ბლოკის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს კანდიდატის რეგისტრაციისათვის. წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებისათვის სიძნელეებს ქმნის ის გარემოება, რომ ძალაში შესული საქართველოს საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს პარტიის (ბლოკის) მიერ კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციაში გატარების წესს, კერძოდ იმას, თუ რომელი საარჩევნო კომისია ატარებს რეგისტრაციაში ამ წესით წარდგენილ კანდიდატს. მოქმედი კანონმდებლობის ნაკლი უსპობს კომისიას რეგისტრაციის შესახებ მიღებულ აქტში რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძვლის მითითების შესაძლებლობას. ამასთანავე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე წევრთა გამოუცხადებლობის გამო ვერ ხერხდება სხდომის ჩატარებისათვის საჭირო ქვორუმის შეკრება, რის გამოც კომისიის სხდომა არ ჩატარებულა, შესაბამისად არ განხილულა დღის წესრიგის პროექტით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის ¹... ...-ის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად გ. ჟ-იანის რეგისტრაციის საკითხი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 106-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 97-ე მუხლის I ნაწილის თანახმად ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში მისი ადგილმონაცვლის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო ბლოკს.
მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის მიერ 02.08.01წ. მიღებული საქართველოს ორგანული კანონი «საქართველოს საარჩევნო კოდექსი» (ძალაში შევიდა 22.08.01წ. «საქართველოს საკანონმდებლო მაცნე», ¹25) პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რომელმა საარჩევნო კომისიამ უნდა გაატაროს რეგისტრაციაში პარტიის (საარჩევნო ბლოკის) მიერ მაჟორიტარულ არჩევნებში წარდგენილი კანდიდატი, კოდექსის ტექსტის ანალიზი იძლევა საკმაო საფუძველს პარტიის (საარჩევნო ბლოკის) მიერ მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი კანდიდატის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციაში გატარებისათვის. კერძოდ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 106-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, «საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი შესაბამისი პარტიული სიით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე აღუდგება იმ პირს, რომელიც ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მისი ადგილმონაცვლეა, აგრეთვე ამ პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილ პირს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მისი პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის მომენტიდან». კოდექსის 77-ე მუხლის მე-11 ნაწილის «ა» ქვეპუნქტი ადგენს, რომ პარტიების (საარჩევნო ბლოკების) და პარტიული სიით წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ამასთანავე, საარჩევნო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გასცემს სათანადო მოწმობას პარტიის (საარჩევნო ბლოკის) მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატზე. კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ო” და ,,პ” ქვეპუნქტით დადგენილია, რომ ცსკ-ო რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებს (საარჩევნო ბლოკებს), პარტიულ სიებს. საარჩევნო ბლოკის მიერ მაჟორიტარულ არჩევნებში წარდგენილი კანდიდატის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციაში გატარება ნათლად დასტურდება აგრეთვე კოდექსში საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების რეგლამენტაციით, კერძოდ იმით, რომ საოლქო საარჩევო კომისია განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილ კანდიდატებს (კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ვ» ქვეპუნქტი), საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გასცემს სათანადო მოწმობას ოლქში რეგისტრირებულ მაჟორიტარ კანდიდატზე (35-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ»ქვეპუნქტი). საქართველოს საარჩევნო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზი ნათელს ხდის, რომ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში პარტიის (საარჩევნო ბლოკის) მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატს რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 31.08.01წ. წერილით, აგრეთვე კომისიის წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად ¹... ...-ის საარჩევნო ოლქში რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საარჩევნო კოდექსის 98-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით, პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რეგიტრაციის საკითხი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილია ამ კანონით გათვალისწინებული ყველა საბუთი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც შესაბამისი საარჩევნო კომისია, აგრეთვე საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი რგოლი, ვალდებულია უზრუნველყოს არჩევნებში მონაწილეთა და საარჩევნო სუბიექტების უფლებების თანაბარი განხორციელების შესაძლებლობა (29-ე მუხლის I ნაწ. «ე» ქვეპუნქტი), საარჩევნო უფლების სრული და განუხრელი განხორციელება (26-ე მუხ). საარჩევნო კანონმდებლობით საარჩევნო ბლოკის მიერ მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის არასაკმარისად ნათელი რეგლამენტაცია არ წარმოადგენს რეგისტრაციაზე უარის თქმის, ამის შედეგად არჩევნებში მონაწილეობის უფლების კერძოდ პასიური საარჩევნო უფლების შეზღუდვის საფუძველს (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 25-ე, საქართველოს კონსტიტუციის 28-ე, 50-ე მუხ.).
სასამართლო მხედველობაში იღებს იმას, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო ვერ ხერხდება სხდომის ქვორუმისათვის აუცილებელი კომისიის წევრთა რაოდენობის შეკრება, კომისიის სხდომის ჩატარება, ¹... ...-ის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარული კანდიდატის გ. ჟ-იანის რეგისტრაციაში გატარების საკითხის განხილვა. აღნიშნულით ილახება კანდიდატის, საარჩევნო ბლოკის და ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლებები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნით. ვინაიდან რეგისტრაციისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რაც დასტურდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 31.08.01წ. ¹01-03/81 წერილით და კომისიის წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია თვითონ გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1,2,23,33, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საარჩევნო ბლოკ «...-ს» ხელმძღვანელის გ. თ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდეს. გ. ჟ-იანი რეგისტრაციაში გატარებულად ჩაითვალოს საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად ქ. თბილისის ¹... ...-ის საარჩევნო ოლქში.
2. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.