გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ-ად-4-კ.ს 9 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ბ. მეტრეველი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე,
ნ. კლარჯეიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა საქართველოს შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 26 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს «კ-ს” საბიუჯეტო დავალიანების _ 3621805 აშშ დოლარის ექვივანელტური ლარის გადახდა, გადახდის დღისათვის არსებული სავალუტო კურსის მიხედვით დაეკისრა. მასვე დაეკისრა 3716 ლარის გადახდაც. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 1999 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ამ ნაწილში ძალაში დატოვა თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
1999 წლის 10 დეკემბრის თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ 1999 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
2000 წლის 26 დეკემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სააღსრულებლო ბიუროს უფროსის მიერ დასამტკიცებლად წარედგინა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსა და შპს «კ-ის” მორიგების შესახებ წერილობითი შეთანხმება, რომელიც სასამართლომ თავისი 2000 წლის 26 დეკემბრის განჩინებით დაამტკიცა.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა 2001 წლის 9 იანვარს კერძო საჩივრით მიმართა სასამართლოს და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 26 დეკემბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 15 იანვრის ¹18 ბრძანებით «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მინისტრის პირველ მოადგილეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის ორგანოების თანამდებობის პირების მოქმედებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების უფლება მიენიჭა, რომელმაც 2001 წლის 16 იანვრის ¹31 ბრძანების საფუძველზე, «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე, 45-ე მუხლებისა და «საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის ¹281 ბრძანებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის «ს” ქვეპუნქტის თანახმად, ძალადაკარგულად ჩათვალა «თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 26 დეკემბრის განჩინებაზე საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის კერძო საჩივართან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოცემული მინდობილობები და რწმუნებები.”
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 17 იანვრის განჩინებით, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების საფუძველზე, სასამართლომ ძალადაკარგულად მიიჩნია საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისიტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ კერძო საჩივრის სასამართლოში წარდგენა. ასეთი კერძო საჩივარი ამ მოტივით დაუშვებლად ჩათვალა და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.
საქარველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და უარი თქვა კერძო საჩივრის განხილვაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 17 იანვრის განჩინებას, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის კერძო საჩივარს, ასევე, საბაჟო დეპარტამენტის შუამდგომლობას კერძო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და მიაჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შეწყდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 26 დეკემბრის განჩინებაზე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2001 წლის 9 იანვარს შეტანილ კერძო საჩივარზე საქმის წარმოება, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ” ქვეპუნქტის, 273-ე, 372-ე, 378-ე 399-ე და 420-ე მუხლების თანახმად, კანონის ანალოგიის შესაბამისად (მე-7 მუხლი) და საბაჟო დეპარტამენტის მიერ კერძო საჩივარზე უარის თქმის საფუძველზე, საკასაციო პალატა ვალდებულია შეწყვიტოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის კერძო საჩივრის საქმის წარმოება, მით უმეტეს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად აღნიშნული შუამდგომლობა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მოცემულ შემთხვევაში შეესაბამება «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის შუამდგომლობა და შეწყდეს საბაჟო დეპარტამენტის მიერ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 26 დეკემბრის განჩინებაზე შეტანილ კერძო საჩივარზე საქმის წარმოება.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.