Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹3გ/ად-5-კ 6 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. კლარჯეიშვილი

განიხილა ფოთის საზღვაო ნავსადგურის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 19 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1998 წლის 17 დეკემბერს ფოთის საზღვაო ნავსადგურმა სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და ფოთის ფასების სახელმწიფო ინსპექციის 1998 წლის შემოწმების აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.

ფოთის საზღვაო ნავსადგური სარჩელის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითებდა:

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელწიფო ინსპექციის 1997 წლის მე-4 კვარტლის სამუშაო გეგმის თანახმად, ქ. ფოთის სახელმწიფო ინსპექციის მიერ ფოთის საზღვაო ნავსადგურში, «ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად შემოწმებულ იქნა გაწეულ მომსახურებაზე ფასების დადგენისა და მისი გამოყენების სისწორე. 1998 წლის იანვარში შედგენილ იქნა შემოწმებს აქტი, რომელმაც მოიცვა 1996 წლისა და 1997 წლის 6 თვის პერიოდი.

შემოწმების აქტის თანახმად, ფოთის საზღვაო ნავსადგური შემოწმების პერიოდში ხელმძღვანელობდა საქართველოს საზღვაო დეპარტამენტის მიერ 1995 წლის 10 ოქტომბრის ¹ 246/ა ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვიერთვისა და მომსახურეობის ტარიფებით”, მაშინ, როცა მათ უნდა ესარგებლათ «საქართველოს რესპუბლიკაში სატრანზიტო, საექსპერტო და საიმპორტო ტვირთების გადაზიდვის ორგანიზაციის სრულყოფისა და გადაზიდვის ტარიფების მოწესრიგების შესახებ” საქართველს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 25 მაისის დადგენილებით.

აღნიშნული აქტით მიჩნეულ იქნა, რომ ნავსადგურის მიერ მომსახურებით მიღებულმა ზედმეტმა თანხამ შეადგინა 109 239 აშშ დოლარი, ხოლო ნაკლებად მიღებულმა თანხამ _ 23000 აშშ დოლარი. საბოლოოდ, ტარიფების არასწორი გამოყენებით სახელმწიფოს დააკლდა 3310 აშშ დოლარი, ანუ 4170 ლარი.

ფოთის საზღვაო ნავსადგური არ დაეთანხმა შემოწმების აქტს და მიუთითა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის ¹ 406 დადგენილება ატარებდა დროებით ხასიათს და მას ფოთის საზღვაო ნავსადგური ვერ გამოიყენებდა, მით უმეტეს, რომ იგი საქართველოს რესპუბლიკის საზღვაო დეპარტამენტის დაქვემდებარებულ საწარმოს წარმოადგენდა და როგორც სტრუქტურული ერთეული ვალდებული იყო შეესრულებინა საზღვაო დეპარტამენტის მითითება და გამოეყენებინა მის მიერ შემუშავებული ტარიფები.

შემდგომი სასამართლო პროცესების მსვლელობისას ფოთის საზღვაო ნავსადგურმა დააზუსტა სარჩელის საფუძვლები და განმარტა, რომ მას არ შეეძლო გამოეყენებინა საქართელოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის ¹ 406 დადგენილება, ვინაიდან, «ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის რეკონსტრუქცია-განვითარებასთან დაკავშირებით სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის სრულყოფის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 19 სექტემბრის ¹ 673 დადგენილებით დაწესდა, რომ «არ გავრცელებულიყო ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 25 მაისის ¹ 406 დადგენილება ტვირთების ორგანიზაციის გადამუშავების ტარიფების თაობაზე. ამასთან, ნება დაერთო ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურს, ტვირთების მოზიდვისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, საზღვარგარეთის ნავსადგურების გამოცდილების გათვალისწინებით, დაეწესებინა გემების მომსახურებისა და ტვირთების გადამუშავების ტარიფები, საქართველოს საზღვაო დეპარტამენტთან შეთანხმებით”.

ამასთან, ფოთის საზღვაო ნავსადგურის მტკიცებით, საზღვაო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული და მათთვის სავალდებულო ტარიფები შემუშავებულ იქნა ნავსადგურის მიერ და გადაეცა საზღავო დეპარტამენტს დასამტკიცებლად.

მოპასუხემ _ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებულმა ფასების სახელწიფო ინსპექციამ და ქ. ფოთის ფასების სახელმწმიფო ინსპექციამ სარჩელი არ ცნეს და არაერთ სასამართლო პროცესზე საქმის განხილვის შემდგომ, საბოლოოდ მიუთითეს, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 19 სექტემბრის ¹ 673 დადგენილება საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 7 თებერვლის ბრძანებულებით დამტკიცებული «საუწყებო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების მე-6 პუნქტის შესაბამისად უნდა დარეგისტრირებულიყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარდგენიდან 15-30 დღის განმავლობაში, რაც ფაქტობრივად არ განხორციელებულა და დებულებას იურიდიული ძალა არ მიუღია. ამდენად, მოპასუხეთა განმარტებით, ფოთის საზღვაო ნავსადგურს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 25 მაისის ¹ 406 დადგენილებით უნდა ეხელმძღვანელა.

მოპასუხის მოსაზრებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებული არ იყო არც საზღვაო დეპარტამენტის მიერ უკანონოდ დაწესებული 1995 წლის 10 ოქტომბრის ტარიფები, რის გამოც ამ ტარიფებს იურიდიული ძალა არ მიუღია და მას ფოთის საზღვაო ნავსადგური ვერ გამოიყენებდა. უფრო მეტიც, მოსარჩელეს არ შეუსრულებია საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის დადგენილება, რადგან თავად არ დაუწესებია აღნიშული ტარიფები.

ფოთის საზღვაო ნავსადგურის სარჩელი არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოთა მიერ და ბოლოს, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. ფოთის ფასების სახელმწიფო ინსპექციის 1998 წლის 10 იანვრის აქტი, როგორც კანონიერი. ფოთის საზღვაო ნავსადგურის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქმე განიხილა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ, რომელმაც 2000 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფოთის საზღვაო ნავსადგურმა, რომელმაც დამატებით მიუთითა, რომ «საუწყებო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 7 თებერვლის ¹ 31 ბრძანებულება საუწყებო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციას ეხებოდა და იგი სავალდებულო არ იყო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებისათვის. ამდენად, მინისტრთა კაბიეტის 1994 წლის 19 სექტემბრის დადგენილება, კასატორის მოსაზრებით, იურიდიული ძალის მქონე აქტს წარმოადგენდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 19 ოქტომბრის განჩინების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბიეტის 1994 წლის 19 სექტემბრის ¹ 673 დადგენილება «ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის რეკონსტრუქცია-განვითარებასთან დაკავშირებით სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის სრულყოფის შესახებ”.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბიეტის 1994 წლის 19 სექტემბრის ¹ 673 დადგენილება იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტს წარმოადგენდა, რადგან «საუწყებო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 7 თებერვლის ¹ 31 ბრძანებულების მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას ექვემდებარებოდა საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების, უწყებების, კომიტეტების, სახელმწიფო მმართველობის ყველა ცენტრალური ორგანოს ნორმატიული აქტების და არა მინისტრთა კაბინეტის დადგენილებები.

ამასთან, საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს რესპუბლიკის საზღვაო დეპარტამენტის 1995 წლის 10 ოქტომბრის ¹ 246/ა ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვისა და მოსამსახურების ტარიფები”, როგორც საუწყებო ნორმატიული აქტი, არ იყო რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და სახელმწიფო მეთაურის ზემოაღნიშნული ბრძანებულების მე-9 მუხლის თანახამად, იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტს არ წარმოადგენდა, რის გამოც მას ფოთის სავაჭრო ნავსადგური ვერ გამოიყენებდა.

ვინაიდან, კანონით დადგენილი წესითა და მხარეთა განმარტებით უდავოა, რომ ახალი ტარიფების დაწესებამდე ნავსადგურები ყოველთვის ძველ ტარიფებს იყენებდნენ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 25 მაისის ტარიფები უნდა გამოეყენებინა, რადგან ახალი ტარიფები კანონით დადგენილი წესით არ ყოფილა დაწესებული.

სასამართლო, ასევე, დადგენილად მიიჩნევს, რომ, მართალია, ტარიფები შემუშავებულ იქნა ფოთის საზღვაო ნავსადგურის მიერ, მაგრამ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უდავოა, რომ ისინი დააწესა საზღვაო დეპარტამენტმა და დააწესა არა მხოლოდ ფოთის საზღვაო ნავსადგურისათვის, არამედ მთლიანად საქართველს ნავსადგურებისათვის, რასაც მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 19 სექტემბრის დადგენილება არ ითვალისწინებდა.

ამასთან, საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სასამართლოს ფოთის საზღვაო ნავსადგურისათვის თანხის დაკისრების საკითხი არ გადაუწყვეტია, რადგან აღნიშნული დავის საგანს არ წარმოადგენდა. ფოთის საზღვაო ნავსადგური სასამართლოში წარდგენილი სარჩელით მხოლოდ ქ. ფოთის სახელმწიფო ინსპქეციის 1998 წლის 10 იანვრის აქტის კანონიერებას ასაჩივრებდა, რომლითაც ფოთის საზღვაო ნავსადგურს თანხა არ დაკისრებია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ფოთის საზღვაო ნავსადგურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 19 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. ფოთის საზღვაო ნავსადგურის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. კანონიერად ჩაითვალოს ქ. ფოთის ფასების სახელმწიფო ინსპექციის 1998 წლის 10 იანვრის აქტი.

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.