Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-5-კს-01 14 მარტი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 420-ე მუხლის შესაბამისად, განიხილა მოძრაობა «დ.” წარმომადგენლის _ მ. პ-იას კერძო საჩივარი აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 24 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ განიხილა მოძრაობა «დ.” კერძო საჩივარი სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 04.08.2000წ. განჩინებაზე, რომლითაც მოძრაობა «დ.” უარი ეთქვა ქ. სოხუმში ხელმოწერილი 2000 წლის 11 ივლისის «უშიშროების ზონაში ვითარების სტაბილიზაციის საკითხებზე ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის გალის შეხვედრის ოქმის” უკანონოდ ცნობისა და გაუქმების შესახებ სარჩელის მიღებაზე. აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის 02.10.2000წ. განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გააუქმდა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 04.08.2000წ. განჩინება, მოძრაობა «დ.” წარმომადგენლებს განემარტათ, რომ განსჯადობის მიხედვით შეუძლიათ სარჩელით მიმართონ ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.

11.10.2000 წ. მოძრაობა «დ.” წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აფხაზეთის ა/რ უმაღლეს სასამართლოს, რომლითაც მიუთითა სხდომის ოქმში არსებულ შენიშვნებზე. აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 24.10.2000 წ. განჩინებით ზემოთ აღნიშნული განცხადება დატოვა განუხილველად და მიუთითა, რომ დარღვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად სხდომის ოქმზე შენიშვნები მხარეებს შეუძლიათ წარადგინონ მისი ხელმოწერიდან სამი დღის ვადაში.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 24.10.2000წ. განჩინებაზე მოძრაობა «დ.” შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება. აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 22.01.01 წ. განჩინებით მოძრაობა «დ.” წარმომადგენელს მ. პ-იას კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა დაუშვებლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 24.10.2000 წ. და 22.01.2001 წ. განჩინებების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მოძრაობა «დ.” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების მიხედვით მოძრაობა «დ.” 10.08.2000 წ. კერძო საჩივრის განხილვა დასრულდა 02.10.2000 წ., სასამართლო სხდომის ოქმს ხელი მოეწერა განჩინების გამოტანიდან სამ დღეში _ 05.10.2000 წ., მოძრაობა «დ.” წარმომადგენლის მ. პ-იას მიერ შენიშვნები ოქმის მიმართ სასამართლოში შეტანილ იქნა 11.10.2000წ., სსკ-ის 291-ე მუხლის მიხედვით სხდომის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ სამი დღის განმავლობაში მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი შენიშვნები ოქმის მიმართ, მიუთითონ უსწორობასა და უსრულობაზე. ამდენად, მოძრაობა «დ.” წარმომადგენლის მ. პ-იას მიერ შენიშვნები სასამართლოს ხდომის ოქმზე შეტანილ იქნა ამ მუხლით გათვალისწინებული ვადის დარღვევით. სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. საქმის მასალებით არ დასტურდება მოძრაობა «დ.” წარმომადგენლის მიერ პროცესუალურად განსაზღვრულ ვადაში ოქმის გასაცნობად მიმართვის, უკანა რიცხვით ოქმის დათარიღების ფაქტი. უმართებულოა აგრეთვე კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქმეს არ ერთვის სხდომების აუდიოჩანაწერი. სასამართლოს სხდომის ოქმს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 290-ე მუხლის შესაბამისად, თან ერთვის სხდომის მაგნიტურ ფირზე ჩაწერილი ოქმი. გარდა ამისა, მოძრაობა «დ.” წარმომადგენლის განცხადება შედგება მხოლოდ ოქმის უსრულობაზე მითითებებისაგან და არ შეიცავს საკუთრივ შენიშვნებს ოქმის მიმართ, რის შედეგადაც შეუძლებელი იქნება სსკ-ის 291-ე მუხლით გათვალისწინებული მათი სისწორის დადასტურება ან უარყოფა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალიწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, კოდექსის 420-ე და 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია განიხილოს კერძო საჩივარი საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 289-ე, 291-ე, 410-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მოძრაობა «დ.” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 24.10.2000 წ. და 22.01.2001 წ. განჩინებები.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.