გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3გ/ად-6-კ-01 13 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: გარიგების ბათილობიდან გამომდინარე კასატორთა სასარგებლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისათვის 13 650 000 რუსული რუბლის ექვივალენტი ლარის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1991 წლის 10 ივლისს ამიერკავკასიის სასაზღვრო ოლქის სამხედრო-სამშენებლო განყოფილებასა და საგარეო-ეკონომიკურ სამეცნიერო საწარმოო კომერციულ ასოციაცია «ფ.» (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 5 სექტემბრის ¹ 461 დადგენილებით დამტკიცდა ასოციაცია «ფ.» წესდება) შორის დაიდო ხელშეკრულება სამხედრო-სამშენებლო განყოფილების მატერიალურ ფასეულობათა ყიდვა-გაყიდვის შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 11 ნოემბრის ბრძანებულებით საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად გამოცხადდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული საბჭოთა არმიის კუთვნილი იარაღი, საბრძოლო მასალა, მიმოსვლის საშუალებები, სამხედრო ტექნიკა, სამხედრო ბაზები და სხვა სამხედრო ქონება.
1992 წლის 14 თებერვალს კომერციული ბანკი «ქ.» ¹ 16 საგადასახადო დავალებით ანაპაში, ¹ 194 სამხედრო-სამშენებლო ნაწილის ანგარიშზე გადაირიცხა ასოციაცია «ფ.» მიერ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით შეძენილი მატერიალური ფასეულობების ღირებულება – 13650000 მანეთი, ხოლო ¹ 17 საგადასახადო დავალებით 135 000 მანეთი, სულ გადაირიცხა 15 000 000 მანეთი. გადახდის წყაროს წარმოადგენდა ასოციაცია «ფ.» კომერციული ბანკი «ქ.» (ამჟამად «გ.») გაცემული კრედიტი. 1992 წლის 25 თებერვლისა და 11 მარტის აქტებით ამიერკავკასიის სასაზღვრო ოლქის სამხედრო-სამშენებლო განყოფილებამ ასოციაცია «ფ.» გადასცა 1991 წლის 10 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 15 000 000 მანეთის ღირებულების მატერიალური ფასეულობანი, მდებარე კახეთის გზატკეცილი ...
1992 წლის 1 აგვისტოს აქტით გაიყო ასოციაცია «ფ.» ქონება და ამიერკავკასიის სასაზღვრო ჯარის ოლქიდან მიღებული ქონება გადაეცა საქართველოს კულტურის ცენტრთან არსებულ კულტურის ცენტრ «თ.». ასოციაცია «ფ.» და კულტურის ცენტრ «თ.» მიერ 1992 წლის 10 აგვისტოს გამოიცა ერთობლივი ბრძანება ¹9/45 ასოციაცია «ფ.» ქონების, კულტურის ცენტრ «თ.» გადაცემის შესახებ, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, ასოციაციის ბალანსიდან ცენტრ «თ.» ბალანსზე გადაეცა კახეთის გზატკეცილის ... მდებარე საწარმოს ქონება და სხვა მატერიალური ფასეულობანი, ხოლო მე-7 პუნქტის მიხედვით, ცენტრი «თ.», ასოციაცია «ფ.» მიერ გადაცემული ქონების მფლობელი ხდებოდა, ბანკ «ქ.» ასოციაცია «ფ.» კრედიტორული დავალიანების დაფარვის შემდეგ. 1994 წლის 2 მაისს კვლავ გაფორმდა აქტი საქართველოს კულტურის საერთაშორისო ცენტრ «თ.» კუთვნილი ქონების შპს სავაჭრო «ს. კომპანია «მ.» და 6 ფიზიკურ პირზე – ვ. კ-ძე, ვ. პ-ძე, ა. კ-ძე, შ. კ-შვილი, გ. ფ-შვილი, გ. ნ-ძეზე გაყოფა-გადაცემის შესახებ შპს «მ.» დარეგისტრირდა სამგორის რაიონის გამგეობის 1993 წლის 3 ნოემბრის ¹ 991 განკარგულებით, დამფუძნებელი პარტნიორი: საქართველოს კულტურის საერთაშორისო ცენტრი «თ.» -15,5%, სასოფლო-სამეურნეო გაერთიანება «ლ.» 14,3% და ზემოაღნიშნული ფიზიკური პირები, თითოს 11,7%. შპს «მ.» ამჟამად ლიკვიდირებულია თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 16 ივლისის დადგენილებით. თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს 1996 წლის 20 ივნისის და 1998 წლის 15 დეკემბრის ცნობით კახეთის გზატკეცილის ... მდებარე ამიერკავკასიის სასაზღვრო ჯარების კუთვნილი სამშენებლო–სასაწყობო ბაზა ყოველგვარი კანონიერებისა და საკუთრების დამადასტურებელი საბუთის გარეშე აღრიცხულია შპს «მ.» სახელზე, საფუძველი _ კულტურის ცენტრ «თ.» მომართვა.
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 5 ივლისის ¹220 ბრძანებულებით შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, რომელსაც გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასაზღვრო ჯარების მთავარი სამმართველოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მათ შორის კახეთის გზატკეცილზე ... მდებარე ამიერკავკასიის სასაზღვრო ჯარების ყოფილი ქონებაც, საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის 1997 წლის 16 აპრილის ¹ 02-14/06 წერილის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო საბიუჯეტო-სახაზინო სამმართველოს მუშაკებმა მოახდინეს ყოფილ ამიერკავკასიის სასაზღვრო ჯარების მიერ 1992 წელს მიღება-ჩაბარების აქტით შპს კომპანია «ფ.» («მ.») გადაცემული მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც გამოვლინდა 1874128 რუსული რუბლის მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი, რის გამოც «მ.» მუშაკთა მიმართ 1997 წლის 28 ივლისს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ¹ 22197026, სსკ-ის 961 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, ხოლო 1998 წლის 30 აპრილის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა დანაშაულის შემთხვევის არარსებობის გამო.
1997 წლის 6 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ინტერესების დაცვის მიზნით, სარჩელი აღძრა თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოში და მოითხოვა:
1. ამიერკავკასიის სასაზღვრო ოლქის სამხედრო-სამშენებლო განყოფილებასა და ასოციაცია «ფ.» შორის 1991 წლის 10 ივლისს დადებული სამხედრო-სამშენებლო განყოფილების მატერიალურ ფასეულობათა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილობა;
2. ასოციაცია «ფ.» და კულტურის საერთაშორისო ცენტრ «თ.» 1992 წლის 10 აგვისტოს ¹ 9/45 ერთობლივი ბრძანების ბათილად ცნობა;
3. 1994 წლის 2 მაისს ცენტრ «თ.» ბალანსზე რიცხული ქონების შპს «მ.» და 6 ფიზიკურ პირზე გაყოფა-გადაცემის შესახებ აქტის ბათილობა, ასევე, სადავო ქონების საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის დაბრუნება.
1997 წლის 6 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით ვ. კ-ძემ, ა. კ-ძემ, შ. კ-შვილმა და გ. ნ-ძემ მოითხოვეს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საჯარისო ქვედანაყოფის მიერ თვითნებურად დაკავებული მათი კუთვნილი კახეთის გზატკეცილზე ... მდებარე ტერიტორიის, გათავისუფლება. ორივე სარჩელი გაერთიანდა ერთ წარმოებად და სამგორის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს პროკურატურის სარჩელი, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 47-48-ე მუხლების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულება, ერთობლივი ბრძანება და ქონების გაყოფა-გადაცემის აქტი, ხოლო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს დაეკისრა მოპასუხეთა ვ. კ-ძის, ა. კ-ძის, შ. კ-შვილისა და გ. ნ-ძის სასარგებლოდ 15 000 000 რუსული რუბლის გადახდა, ხოლო ფიზიკური პირების სარჩელი თვითნებურად დაკავებული ტერიტორიის გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 10 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის საზედამხედველო საჩივარი, ნაწილობრივ გაუქმდა სამგორის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება და 15 000 000 რუბლის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის დაკისრების ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს, სადაც ფიზიკურმა პირებმა შეამცირეს საკომპენსაციო თანხა 13650000 რუბლის ექვივალენტამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ადვოკატ ი. ბ-ის მოთხოვნა გარიგების ბათილობიდან გამომდინარე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტზე 13 650 000 რუბლის ექვივალენტი ლარის დაკისრების თაობაზე, შემდეგ მოსაზრებათა გამო:
1. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, ასოციაცია «ფ.», როგორც ბათილი გარიგების მხარეს, წარმოეშვა უფლება გარიგების მეორე მხარისათვის გადახდილი 15 000 000 რუბლის დაბრუნებაზე სამეცნიერო-საწარმო კომერციული ასოციაცია «ფ.» იყო იურიდიული პირი და მოქმედებდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 5 სექტემბრის ¹ 461 დადგენილებით დამტკიცებული წესდებით, მაგრამ დღეისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით არ არის რეგისტრირებული. მოსარჩელე ფიზიკური პირები კი არ იყვნენ ასოციაცია «ფ.» წევრები, ისინი ასოციაციის უფლებამონაცვლეებად ვერ ჩაითვლებიან და არც გარიგებაში უშუალოდ არ მონაწილეობდნენ, ამიტომ სადავო თანხის მოთხოვნის უფლება არ აქვთ;
2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ასოციაცია «ფ.» და ცენტრი «თ.» ბათილად ცნობილი 1992 წლის ¹ 9/45 ერთობლივი ბრძანება და «თ.» და შპს «მ.» შორის 1994 წლის 2 მაისს გაფორმებული აქტი არ წარმოადგენს გარიგებას და შესაბამისად არ წარმოშობს უძრავ-მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას. თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1996 წლის 20 ივნისის ¹ 12 – 528 ცნობის მიხედვით სადავო კომბინატს უკანონოდ ფლობდა «თ.» და «მ.», ობიექტის მესაკუთრედ არცერთი არ არის რეგისტრირებული, ამიტომ ქონების საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის გადაცემა არ წარმოშობს დეპარტამენტის ვალდებულებას ქონების უკანონო მფლობელს გადაუხადოს თავის დროზე ასოციაცია «ფ.» მიერ ამიერკავკასიის სასაზღვრო ოლქის სამხედრო სამშენებლო განყოფილებისათვის გადარიცხული თანხა;
3. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი სამართალურთიერთობაში წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 1991 წლის 11 ნოემბრის ბრძანებულებით გამოცხადდა საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული საბჭოთა არმიის კუთვნილი ქონების მისაკუთრედ, ხოლო სსრ კავშირის სამართალმემკვიდრედ გამოცხადდა რუსეთი.
თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ფიზიკურ პირთა წარმომადგენელი ი. ბ-ი, რომელიც გადაწყვეტილების იურიდიულად არასაკმარისად დასაბუთებულობის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის საფუძველზე, ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის 13650000 რუსული რუბლის ექვივალენტი თანხის დაკისრებას მის მარწმუნებლთა სასარგებლოდ, ვინაიდან მიაჩნია, რომ მისი მარწმუნებლები და შპს «მ.» არიან კეთილსინდისიერი შემძენი, რომელებმაც კულტურის ცენტრ «თ.» ქონების გაყოფის შედეგად მიიღეს სადავო ქონება, ხოლო «თ.» კი ასოციაცია «ფ.». ამასთან, მისი მარწმუნებელი ფიზიკური პირები იყვნენ თავის დროზე ასოციაცია «ფ.» დამფუძნებლები, ამიტომ მათი მოთხოვნა კომპენსაციის თანხის მიღებაზე კანონიერია და მათი უფლებები დაცულია სამოქალაქო სამართლის კოდექსის 147-ე მუხლით. კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ასევე უკანონოა სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მარწმუნებლებისათვის სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის დაკისრების ნაწილშიც, რადგან ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის I ნაწილს.
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი საკასაციო საჩივარს არ ცნობს, ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის საფუძველზე, დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო საკასაციო საჩივარზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის გაცნობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს კასატორის მოტივს გადაწყვეტილების არასაკმარისად დასაბუთებულობის თაობაზე და ეთანხმება სასამართლო კოლეგიის არგუმენტებს გარიგების ბათილობიდან გამომდინარე ორმხრივ რესტიტუციასთან დაკავშირებით. სახელდობრ, სამგორის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით, კანონის მოთხოვნათა შეუსაბამობის მოტივით, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 47-48-ე მუხლების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი ამიერკავკასიის სასაზღვრო ჯარების ოლქის სამხედრო-სამშენებლო განყოფილებასა და საგარეო ეკონომიკურ სამეცნიერო-საწარმო კომერციულ ასოციაცია «ფ.» შორის 1991 წლის 10 ივლისს დადებული გარიგება თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ... მდებარე სამშენებლო-სასაწყობო ბაზის ნასყიდობის შესახებ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად: «ბათილი გარიგების თითოეული მხარე მოვალეა დაუბრუნოს მეორე მხარეს ყველაფერი, რაც გარიგებით მიიღო, ხოლო როცა მიღებულის ნატურით დაბრუნება შეუძლებელია, აუნაზღაუროს მისი ღირებულება ფულად». ამდენად, კანონით იმპერატიულად დადგენილი იყო, რომ გარიგების ბათილობას უცილოდ მოჰყვებოდა მხარეთა შორის ორმხრივი რესტიტუცია. ვინაიდან 1991 წლის 10 ივლისის ბათილი გარიგების კონტრაჰენტები იყვნენ: გამსხვისებელი – ამიერკავკასიის სასაზღვრო ჯარების ოლქის სამხედრო-საამშენებლო განყოფილება და მყიდველი – საგარეო ეკონომიკური სამეცნიერო-საწარმო კომერციული ასოციაცია «ფ.», ამიტომ, ორმხრივი რესტიტუცია მხოლოდ მათ შორის უნდა მომხდარიყო და 48-ე მუხლის საფუძველზე, ერთმანეთის მიმართ მათვე წარმოეშვათ ბათილი გარიგებით მიღებული ყველა სიკეთის მეორე მხარისათვის დაბრუნების – მოთხოვნის უფლება-ვალდებულება;
2. ბათილი გარიგების ერთი კონტრაჰენტი – შემძენი იყო სამეცნიერო-საწარმო კომერციული ასოციაცია «ფ.», რომელიც მოქმედებდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 5 სექტემბრის ¹ 461 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით. იგი იყო თვითანაზღაურებისა და თვითდაფინანსების პრინციპზე შექმნილი თვითმმართველი სამეურნეო გაერთიანება, იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებდა სამეცნიერო, საგარეო ეკონომიკურ და სამეურნეო საქმიანობას აგროსამრეწველო კომპლექსის, ჯანმრთელობის დაცვის, საერთაშორისო ტურიზმის, მრეწველობისა და კომერციული მოღვაწეობის სხვა დარგების განვითარებისათვის. ასოციაცია «ფ.» წესდების I და IV მუხლების I პუნქტების მიხედვით, ასოციაცია ნებაყოფლობის საფუძველზე და ურთიერთხელსაყრელ პირობებში აერთიანებდა სახელმწიფო, საზოგადოებრივ, საქველმოქმედო, კომერციულ, საიჯარო ორგანიზაციებს, აგრეთვე უცხოელ მოქალაქეებს, ორგანიზაციებს, ფირმებს. ასოციაცია «ფ.» წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს ¹ 461 დადგენილება ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 9 ნოემბრის ¹ 729 ბრძანებულებით, საქართველოს კონსტიტუციის 106-ე მუხლის II პუნქტის შესაბამისად, ამასთან, სასამართლო კოლეგიის მიერ უტყუარად დადგენილია, რომ დღეისათვის ასოციაცია «ფ.» მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრირებული არ არის. ამდენად, ბათილი გარიგების მხარე – ასოციაცია «ფესვები», ამჟამად არც იურიდიულად და არც ფაქტობრივად არ არსებობს, ხოლო კასატორ ფიზიკურ პირებს – გ. ნ-ძეს, ვ. პ-ძეს, მ. კ-შვილს, ა. კ-ძესა და გ. ფ-შვილს ორმხრივი რესტიტუციის მოთხოვნის უფლება სამართლებრივად არ გააჩნიათ, ვინაიდან ისინი ბათილი გარიგების უშუალო მონაწილე მხარე არ ყოფილან და არც ასოციაცია «ფ.» უფლებამონაცვლეს წარმოადგენენ. თუმცა, მათი განმარტებით, მხოლოდ ისინი იყვნენ ასოციაცია «ფ.» დამფუძნებელი წევრები და სადავო 13650000 რუსული რუბლიც სწორედ მათ მიერ იქნა გადარიცხული ამიერკავკასიის სასაზღვრო ოლქის სამხედრო-სამშენებლო განყიფილებისათვის, მაგრამ სათანადო მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს და მოთხოვნა ვერ დაასაბუთეს. მართალია, საქმის მასალების (მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით) ირკვევა, რომ ვ. ფ-შვილი ჯერ იყო ასოციაცია «ფ.» გენერალური დირექტორი, შემდგომ დეპარტამენტის დირექტორი, ვ. პ-ძე ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მაგრამ აღნიშნული ადასტურებს მხოლოდ გ. ფ-შვილისა და ვ. პ-ძის სამსახურებრივ საქმიანობას ასოციაცია «ფ.» დაქირავებულ მუშაკებად, თუნდაც ხელმძღვანელ თანამდებობებზე, რაც არ ნიშნავს ასოციაციის უფლებამონაცვლეობას. ამიტომ, საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლო კოლეგიის დასკვნას, რომ ასოციაცია «ფ.» წესდების I მუხლის I პუნქტიდან გამომდინარე სსრ კავშირის მოქალაქე – კასატორი ფიზიკური პირები არ იყვნენ და არც შეიძლება ყოფილიყვნენ ასოციაცია «ფ.» წევრები, შესაბამისად არც ასოციაციის უფლებამონაცვლეებად ჩაითვლებიან, რადგან თავად ასოციაციის წესდების ზემოაღნიშნული პუნქტი გამორიცხავდა ასოციაციაში სსრ კავშირის მოქალაქის წევრობას და დასაშვები იყო მხოლოდ უცხოელ მოქალაქეთა გაწევრიანება. ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, საოლქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, მართებულად არ მიიჩნია კასატორი ფიზიკური პირები ასოციაცია «ფ.» წევრებად – უფლებამონაცვლეებად და, როგორც არაუფლებამოსილ პირებს, კანონიერად უთხრა უარი ორმხრივ რესტიტუციაზე – 13650000 რუსული რუბლის ექვივალენტის ანაზღაურებაზე.
3. სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი გარიგების მეორე მხარე – გამსხვისებელი იყო ამიერკავკასიის სასაზღვრო ოლქის სამხედრო-სამშენებლო განყოფილება, რომელსაც გარიგების დადებიდან მე-7 თვეს, 1992 წლის 14 თებერვალს კომერციული ბანკი «ქ.» გადაერიცხა ასოციაცია «ფ.» მიერ შეძენილი ქონების ღირებულება, რაც უდავოდ დადგენილია საქმის მასალებითა და რასაც კასატორებიც ადასტურებენ. ამიტომ, საკასაციო პალატა ეთანხმება საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 48-ე მუხლიდან გამომდინარე, ორმხრივი რესტიტუციის ვალდებულება ასოციაცია «ფ.» მიმართ წარმოეშვა სწორედ ამიერკავკასიის სასაზღვრო ოლქის სამხედრო-სამშენებლო განყოფილებას, როგორც ბათილი გარიგების კონტრაჰენტს და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისადმი ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა უკანონოა შემდეგი საფუძვლებით:
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 11 ნოემბრის ბრძანებულებით საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად გამოცხადდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული საბჭოთა არმიის კუთვნილი იარაღი, საბრძოლო მასალა, მიმოსვლის საშუალებები, სამხედრო ტექნიკა, სამხედრო ბაზები, სხვა სამხედრო ქონება და შესაბამისად, კახეთის გზატკეცილ ... მდებარე ამიერკავკასიის სასაზღვრო ჯარების ყოფილი ქონებაც. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 5 ივლისის ¹ 220 ბრძანებულებით შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი (მოწინააღმდეგე მხარე), რომელსაც გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასაზღვრო ჯარების მთავარი სამმართველოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მათ შორის კახეთის გზატკეცილ ... მდებარე სადავო ქონებაც. ამდენად, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი მართებულად დაეუფლა სამხედრო ქონებას, ამ ქონების სარგებლობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება ¹ 220, დეპარტამენტი კანონიერი მფლობელია და მას არ შეიძლება დაეკისროს კონდიქციური ვალდებულება.
მართალია, გარიგების ბათილობა, როგორც წესი, იწვევს კონდიქციურ ვალდებულებას, (უსაფუძვლო გამდიდრებას), მაგრამ საკასაციო პალატის აზრით, კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა, «ვითომ-კრედიტორად» არ ჩაითვლება და არც მიღებულ სამხედრო ქონებაზე ფულადი კომპენსაციის ვალდებულება წარმოეშობა, რადგან:
ა) დეპარტამენტი (საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი) არ წარმოადგენდა 1991 წლის 10 ივლისის ბათილი გარიგების კონტრაჰენტს, არამედ მხარეები იყვნენ ამიერკავკასიის სასაზღვრო ოლქის სამხედრო-საამშენებლო განყოფილება და საგარეო ეკონომიკური სამეცნიერო საწარმო, კომერციული ასოციაცია «ფ.»;
ბ) დეპარტამენტმა კახეთის გზატკეცილის ... მდებარე ქონება მიიღო (შეიძინა) კანონიერი საფუძვლით – საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 5 ივლისის ¹ 220 ბრძანებულებით. ამდენად, იგი კანონიერი მფლობელია და ადგილი არ ჰქრონია კასატორი ფიზიკური პირების ხარჯზე დეპარტამენტის უსაფუძვლო გამდიდრებას;
გ) ვინაიდან კანონიერი საფუძვლით მოხდა ქონების შეძენა (მიღება) და კასატორი ფიზიკური პირების ხარჯზე უსაფუძვლო გამდიდრებასაც ადგილი არ ჰქონია, ამიტომ ქონების მართლზომიერ მფლობელზე – დეპარტამენტზე სამხედრო ქონების გადაცემისას ზიანიც არავის მისდგომია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი არის კანონიერი მფლობელი, «ვითომ კრედიტორად» არ ჩაითვლება და კონდიქციური ვალდებულების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, ასოციაცია «ფ.» ან კასატორი ფიზიკური პირების მიმართ მას არ წარმოეშობა ამიერკავკასიის სასაზღვრო ოლქის სამხედრო სამშენებლო განყოფილებისათვის გადარიცხული თანხის ანაზღაურების ვალდებულება;
4. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო, ასევე, არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას ასოციაცია «ფ.» და საქართველოს კულტურის საერთაშორისო ცენტრ «თ.» 1992 წლის 10 აგვისტოს ¹ 9/45 ერთობლივ ბრძანებასთან და ცენტრ «თ.» და შპს «მ.» შორის 1994 წლის 2 მაისს გაფორმებულ აქტთან დაკავშირებით და ეთანხმება საოლქო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ ისინი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსიდან გამომდინარე, თავიანთი სამართლებრივი ბუნებით არ წარმოადგენდნენ გარიგებებს, არ წარმოშობდნენ უძრავ-მოძრავ სამხედრო ქონებაზე საკუთრების უფლებას და ამიტომ, არც ქ.თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში არიან აღრიცხულნი მესაკუთრედ.
საკასაციო პალატა კასაციის ამ საფუძველთან დაკავშირებით დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ასოციაცია «ფ.» და კულტურულ ცენტრ «თ.» სადავო ერთობლივი ¹ 9/45 ბრძანების მე-3, მე-7 პუნქტების თანახმად, ცენტრი «თ.» ასოციაცია «ფ.» ქონების მფლობელი ხდებოდა ბანკ «ქ.» «ფ.» კრედიტორული დავალიანების დაფარვის შემდეგ, რადგან «ფ.» მიერ ამიერკავკასიის სასაზღვრო ოლქის სამხედრო სამშენებლო განყოფილებისათვის გადარიცხული თანხა წარმოადგენდა ბანკი «ქ.» კრედიტს. საქმეში არსებული მტკიცებულებით კი დადგენილია, რომ კულტურულ ცენტრ «თ.» ¹ 9/45 ბრძანებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და ვერც შეასრულებდა, რადგან ასოციაცია «ფ.» ერთობლივი ბრძანების გამოცემის მომენტისათვის, 1992 წლის 10 აგვისტოსათვის უკვე დაფარული ჰქონდა ბანკი «ქ.» კრედიტორული დავალიანება, რასაც კასატორებიც ადასტურებენ.
ამასთან, საყურადღებოა შემდეგი გარემოებაც, რომ ¹ 9/45 ერთობლივი ბრძანებით ასოციაცია «ფ.» კრედიტორული დავალიანების დაფარვის შემდეგ კულტურის ცენტრი «თ.» გახდებოდა ყოფილი სამხედრო ქონების მფლობელი და მხოლოდ მფლობელობის უფლებით გადაეცემოდა მას ეს ქონება კულტურის ცენტრ «თ.» გადაამეტა უფლებამოსილებას და მოახდინა მფლობელობაში გადაცემული ქონების განკარგვა. კერძოდ, შპს სავაჭრო-სამრეწვლელო კომპანია «მ.» და მის 6 დამფუძნებელ ფიზიკურ პირს (კასატორები) 1994 წლის 2 მაისის გაყოფა-გადაცემის აქტით გადასცა კახეთის გზატკეცილის ... მდებარე სამხედრო ქონება, რაც წარმოადგენს კომპეტენციის გადაცილებას და აშკარად უკანონოა, ვინაიდან ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 89-ე მუხლს, რომლის თანახმადაც მხოლოდ მესაკუთრეს (და არა მფლობელს) აქვს ქონების განკარგვის (გასხვისების) უფლება და ცენტრი «თ.», კონკრეტულ შემთხვევაში, არაუფლებამოსილი პირია.
ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გარიგების ბათილობიდან გამომდინარე კასატორთა სასარგებლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისათვის 13650000 რუსული რუბლის ექვივალენტი ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, დასაბუთებული, კანონიერი გადაწყვეტილება გამოიტანა, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და მართებულადაც განმარტა იგი, ამიტომ გადაწყვეტილების არასაკმარისად დასაბუთებულობის ნაწილში საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის I ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის ფიზიკურ პირთათვის დაკისრების უსწრობის ნაწილში, საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივარს და მხოლოდ ამ ნაწილში აკმაყოფილებს მას, ამასთან მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმა არ ათავისუფლებს ფიზიკურ პირებს ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში პროცესის ხარჯებისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, მე-10 მუხლის I ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე, 399-ე, 409-ე, 410-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ. ნ-ძის, ვ. პ-ძის, შ. კ-შვილის, ა. კ-ძისა და გ. ფ-შვილის წარმომადგენლის ადვოკატ ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. კასატორი ფიზიკური პირების მოთხოვნა გარიგების ბათილობიდან გამომდინარე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისათვის 13650000 რუსული რუბლის ექვივალენტი ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. ფიზიკურ პირებს გ. ნ-ძეს, ვ. პ-ძეს, მ. კ-შვილს, ა. კ-ძესა და ვ. ფ-შვილს საკასაციო საჩივარზე სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.