გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-6კ.ს. 20 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი – თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების განწილვადება.
აღწერილობითი ნაწილი:
1999 წლის 14 სექტემბერს მოწინააღმდეგე მხარემ - საქართველოს საბაჟო სახელმიწიფო დეპარტამენტმა (ამჟამად საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი) სარჩელი აღძრა სს «ა-ის» მიმართ და 1998 წლის განმავლობაში განხორციელებულ 118600 ათ.კუბ.მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტზე მოითხოვა 1362096 ლარის საბაჟო გადასახდელების დაკისრება, 735531 ლარის საურავის დარიცხვით, სულ 2097626 ლარის სს «ა-ისათვის» დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სს «ა-ს» საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 561098,34 ლარის ძირითადი საბიუჯეტო დავალიანებისა და 341147 ლარის საურავის (0,2%), სულ 902245,34 ლარის გადახდა, რაც უცვლელად ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 10 მარტის განჩინებით, რაზედაც 2000 წლის 20 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2000 წლის 5 დეკემბერს სს «ა-მა» შუამდგომლობით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას 1999 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებისა და დაკისრებული თანხის გადახდის გადავადების თაობაზე, შემდეგი საფუძვლით: სს «ა-მა» დავალიანების დაფარვა 2000 წლის სექტემბრიდან დაიწყო და უკვე გადარიცხული აქვს 50000 ლარი, მაგრამ ელექტროენერგიის შეზღუდულად მიწოდებისა და შემდგომში გამორთვის (შეწყვეტის) გამო საზოგადოებამ მთლიანად გააჩერა წარმოება ნოემბრის თვეში, ამჟამად ვერ უზრუნველყოფს საბაჟო დეპარტამენტის წინაშე გრაფიკით შეთანხმებული დავალიანების დაფარვას და გამონაკლისის სახით, ითხოვს გადაწყვეტილების იძულებითი წესით აღსრულების გადავადებას 2001 წლის ივნისამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 5 იანვრის განჩინებით სს «ა-ის» შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების გადავადებაზე არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან მხარეებს - სს «ა-სა» და საბაჟო დეპარტამენტს შორის სათანადო გარანტიებისა და პროცედურის დაცვით ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება დავალიანების გადახდის გრაფიკის თაობაზე. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი სათანადო გარანტიები, რომლებიც დაარწმუნებდა კოლეგიას, რომ გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება ნამდვილად საშუალებას მისცემს სს «ა-ს» დაფაროს საბიუჯეტო დავალიანება.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 5 იანვრის განჩინებას კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს «ა-მა», ითხოვდა მის გაუქმებას და 1999 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო წარმოების 2001 წლის 30 მარტამდე გადადებას. ამასთან სს «ა-მა» წარმოადგინა სს «ი-ის» საბანკო გარანტია ¹ 1876/1 გაცემული 2001 წლის 25 იანვარს, რომლითაც ბანკი საბაჟო დეპარტამენტის წინაშე კისრულობდა ვალდებულებას 180 000 ლარის საბიუჯეტო დავალიანების დაფარვაზე.
საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივრის ზეპირი განხილვის დროს «ა-ის» წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამჟამად მათი წარმოება ამუშავდა, გარდა 2000 წელს გადარიცხული 50 000 ლარისა, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2001 წლის 27 მარტს შეიტანეს 70000 ლარი (სალაროს შემოსავლის ორდერი ¹ 2292 და 2001 წლის 31 აგვისტომდე ეტაპობრივად მოახდენენ გადაწყვეტილებით დაკისრებული საბიუჯეტო დავალიანების დაფარვას, რომლის უზრუნველსაყოფადაც დამატებით წარმოადგინეს სს «ი-ის» საბანკო გარანტია ¹ 1942, გაცემული 2001 წლის 18 აპრილს, საგარანტიო თანხა – 180 000 ლარი. «ა-ის» განმარტებით 31 აგვისტომდე დავალიანების განწილვადებაზე მოწინააღმდეგე მხარეებთან მიღწეულია შეთანხმება.
მოწინააღმდეგე მხარეთა–საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსა და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაადასტურეს შეთანხმება, რომ ისინი თანახმანი არიან გადაწყვეტილების აღსრულება სს «ა-ს» გაუწილვადდეს 2001 წლის 31 აგვისტომდე სს «ი-ის» საბანკო გარანტიების საფუძველზე იმ პირობით, რომ სს «ა-ი» დაკისრებულ საბიუჯეტო დავალიანებას ყოველთვიურად ნაწილობრივ დაფარავს საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული გრაფიკით, ხოლო 31 აგვისტოსათვის მთლიანად უზრუნველყოფს დარჩენილი დავალიანების დაფარვას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის გაცნობის, მოწინააღმდეგე მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საოლქო სასამართლოს კოლეგიის განჩინებების დასაბუთებისა და მხარეთა შეთანხმების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების განწილვადების შესახებ კანონიერია და უნდა დამტკიცდეს, ხოლო საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 5 და 25 იანვრის განჩინებები უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს ამავე კოლეგიის 1999 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს «ა-ს» საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 561 098,34 ლარის ძირითადი საბიუჯეტო დავალიანებისა და 341147 ლარის საურავის გადახდა, სულ 902 245,34 ლარი. 2000 წელს სს «ა-მა» გადარიცხა 50000 ლარი, ხოლო 2001 წლის 27 მარტს დავალიანება შეამცირა 70000 ლარით და ამჟამად დასაფარი დარჩა 782245,34 ლარი, რომლის უზრუნველსაყოფად სს «ი-მა» 2001 წლის 25 იანვარს და 18 აპრილს გასცა 2 საბანკო გარანტია ¹ 1876/1 და ¹ 1942 წარმოდგენილი საბანკო გარანტიით სს «ი-ი» ვალდებულებას კისრულობს საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის (ბენეფიციარის) წინაშე სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული საბიუჯეტო დავალიანების სს «ა-ის» (პრინციპალის) მიერ გადაუხდელობის შემთხვევაში, 2001 წლის 31 აგვისტომდე ეტაპობრივად თავად დაფაროს პრინციპალის დავალიანება საბანკო გარანტიაში მითითებული გრაფიკის მიხედვით. ორივე საბანკო გარანტიით საგარანტიო თანხა ჯამში შეადგენს 360000 ლარს და გაცემულია 2001 წლის 1 სექტემბრამდე ვადით.
სს «ა-მა» წარმოდგენილი საბანკო გარანტიების საფუძველზე 2001 წლის 31 აგვისტომდე მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების განწილვადება საბანკო გარანტიებში მითითებული გრაფიკის მიხედვით, რაზეც მოწინააღმდეგე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა თანხმობა განაცხადეს. საკასაციო პალატა, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად, ამტკიცებს მხარეთა ამგვარ შეთანხმებას გადაწყვეტილების აღსრულების განწილვადების შესახებ, ვინაიდან იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, საკასაციო პალატა 1999 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების განწილვადებას 2001 წლის 31 აგვისტომდე კანონიერად მიიჩნევს სს «ი-ის» ¹ 1876/1 და ¹ 1942 საბანკო გარანტიისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის გათვალისწინებით, შემდეგი პირობით: სს «ა-ი» დაკისრებული დარჩენილი საბიუჯეტო დავალიანების – 782245,34 ლარის დაფარვას ყოველთვიურად ეტაპობრივად განახორციელებს 2001 წლის 31 აგვისტომდე. დაკისრებული საბიუჯეტო დავალიანების სს «ა-ის» მიერ ყოველთვიურად გადაუხდელობის შემთხვევაში, გარანტი – სს «ი-ი» დავალიანების თანხებს დაფარავს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით ყოველთვიურად, 60000 ლარის ოდენობით. სულ სს «ი-ი» კისრულობს ვალდებულებას 360000 ლარის საბიუჯეტო დავალიანების დაფარვაზე, დარჩენილი საბიუჯეტო დავალიანების – 422 245,34 ლარის დაფარვა 2001 წლის 31 აგვისტოსათვის უნდა უზრუნველყოს თავად პრინციპალმა – სს «ა-მა».
საკასაციო პალატა ითვალისწინებს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 4 აპრილის განჩინებას, რომლითაც ყველა სამართლებრივი შედეგებით გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 2 მარტის განჩინება სს «ა-ის» გაკოტრების დროებით მმართველად ი.კორტავას დანიშვნისა და მისთვის უფლებამოსილებების მინიჭების შესახებ, ამიტომ კერძო საჩივრის განხილვისას საკასაციო პალატა ვერ იხელმძღვანელებს «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, მე-3 მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე; 390-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დამტკიცდეს სს «ა-ის», საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს შორის შეთანხმება სს «ა-ისათვის» თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების 2001 წლის 31 აგვისტომდე განწილვადების შესახებ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 5 და 25 იანვრის განჩინებები.
3. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულება მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, გაუწილვადდეს სს «ა-ს» 2001 წლის 31 აგვისტომდე.
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.