3გ/ად-7-01 16 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა კასატორების (მოსარჩელეთა) ლ. ქ-ძის, ლ. თ-ძის, ო. ფ-ძის, თ. ქ-ძის, რ. ს-ძის, ზ. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა, რომლითაც ისინი ასაჩივრებენ აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებას.
აღწერილობითი ნაწილი:
აჭარის ა\რ მეთაურობის კანდიდატმა ლ. ქ-ძემ და საინიციატივო ჯგუფის წევრებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოიტანეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვენ აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და აჭარის ა\რ ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის აჭარის ა\რ მეთაურობის კანდიდატად ლ. ქ-ძის რეგისტრაციაში გატარების დავალდებულებას. კასატორები მიუთითებენ, რომ სარჩელით მიმართეს აჭარის ა\რ უმაღლეს სასამართლოს და მოითხოვეს აჭარის ა\რ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2001 წლის 25 სექტემბრის ¹3 სხდომის საოქმო გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც «აჭარის ა\რHმეთაურის არჩევნების შესახებ» აჭარის ა\რ ორგანული კანონის მე-15 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, განცხადების შეტანის ვადის დარღვევის გამო, უარი ეთქვათ აჭარის ა\რ მეთაურის კანდიდატად ლ. ქ-ძის წამოყენებისათვის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების უფლებაზე.
აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 1 ოქტომბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, უსაფუძვლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა ლ. ქ-ძის ამომრჩეველთა ჯგუფს სარჩელი.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა\რ მეთაურობის კანდიდატ ლ. ქ-ძისა და მისი საინიციატივო ჯგუფის წევრების საკასაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად უნდა გადაეგზავნოს აჭარის ა\რ უმაღლეს სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აჭარის ა\რ მეთაურობის კანდიდატ ლ. ქ-ძის საინიციატივო ჯგუფის წევრებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე და აჭარის ა\რ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2001 წლის 25 სექტემბრის საოქმო გადაწყვეტილების გაუქმებაზე. აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კანდიდატმა ლ. ქ-ძემ და საინიციატივო ჯგუფის წევრებმა საკასაციო საჩივარი შეიტანეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში და ითხოვენ მის გაუქმებას, რითაც, საკასაციო სასამართლოს აზრით, კასატორების მიერ დაირღვა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით რეგლამენტირებული სასამართლო აქტების (გადაწყვეტილება-განჩინების) გასაჩივრების წესი და პროცედურა. სახელდობრ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 395-ე მუხლით განსაზღვრულია: «საკასაციო საჩივარი შეიტანება წერილობითი ფორმით იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება», ხოლო ამავე კოდექსის 398-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლის შემდეგ საოლქო სასამართლო, კონკრეტულ შემთხვევაში აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლო, ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივარი და მთლიანი საქმე. ვინაიდან კასატორთა _ ლ. ქ-ძისა და მისი საინიციატივო ჯგუფის წევრთა მიერ სრულიად იგნორირებულია საკასაციო საჩივრის შეტანის საპროცესო კანონმდებლობით მკაცრად რეგლამენტირებული წესი, ამიტომ საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა გადაეგზავნოს აჭარის ა\რ უმაღლეს სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით 395-ე, 398-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ქ-ძის, ლ. თ-ძის, ო. ფ-ძის, თ. ქ-ძის, რ. ს-ძის, ზ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი თანდართულ მასალებთან ერთად გადაეგზავნოს აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
2. განჩინების ასლი დაეგზავნოს მხარეებს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.