3გ/ად-8-01 22 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე: ბ. კობერიძე
მსაჯულები: ი. ბუხნიკაშვილი,
ლ. გაჩეჩილაძე
განიხილა ჯ. მ-უკეს შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, საქმეზე _ ჯ. მ-უკეს სარჩელის გამო მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ, «¹... ...-ის ერთმანდატიანი საარჩევნო უბნებში განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის თაობაზე» საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2001 წლის 15 ნოემბრის ¹25\2001 განკარგულების გაუქმებისა და ცსკო-სათვის იმის მითითების შესახებ, რომ საარჩევნო კოდექსის 106-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დაინიშნოს ხელახალი არჩევნები ¹... ...-ის საარჩევნო ოლქში.
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წლის 19 ნოემბერს მოსარჩელე ჯ. მ-უკემ სარჩელი აღძრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ.
სარჩელში აღნიშნულია, რომ 2001 წლის 15 ნოემბერს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო ¹25\2001 განკარგულება, რომლითაც ¹... ...-ის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის ¹15 და ¹22 საარჩევნო უბნებში საქართველოს პარლამენტის წევრის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის თარიღად განისაზღვრა 2001 წლის 2 დეკემბერი.
მოსარჩელეს ცსკო-ს აღნიშნული განკარგულება მიაჩნია უკანონოდ და ითხოვს მის გაუქმებას შემდეგი გარემოებების გამო:
...-ის საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხი განიხილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა და 2001 წლის 13 ივნისს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად და ბათილად ცნო არჩევნების შედეგები ¹... ...-ის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე თვლის, რომ ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მთლიანად არის გაუქმებული და ბათილად ცნობილი 1999 წელს ...-ის საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგი. ამდენად, იგი აღარც არსებობს აღნიშნულიდან გამომდინარე, ცსკო-ს ¹25\2001 განკარგულება უკანონოა და არარეალურ მიზანს ისახავს _ აღდგეს ...-ში ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის ბათილად ცნობილი შედეგები და ჩატარდეს განმეორებითი კენჭისყრა.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ცსკო-ს განკარგულება არის უკანონო და ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლის მე-15 პუნქტს, რომლის თანახმად განმეორებითი კენჭისყრა შეიძლება დაინიშნოს როგორც არჩევნების პირველი ტურის, ისე მეორე ტურის შემდეგ. განმეორებითი კენჭისყრა ტარდება პირველი ტურიდან ორი კვირის ვადაში. გარდა ამისა, საარჩევნო კოდექსის მე-3 მუხლის «ღ» ქვეპუნქტის თანახმად განმეორებითი კენჭისყრა იმართება იმ საარჩევნო უბანში (უბნებში), რომელშიც (რომლებშიც) კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი. კონკრეტულ შემთხვევაში კი ადგილი აქვს მთელი საარჩევნო ოლქის და არა მხოლოდ ორი უბნის შედეგების გაბათილებას, რასაც ადასტურებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2000 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება.
გარდა ამისა, მოსარჩელე თვლის, რომ ცსკო-ს, რომელიც ¹25\2001 განკარგულებას საფუძვლად უდებს საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 6 ნოემბრის ¹1145-I-ს დადგენილებას, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 106-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას უნდა დაენიშნა ხელახალი არჩევნები. საარჩევნო კოდექსის მე-3 მუხლის «ფ» ქვეპუნქტის თანახმად ხელახალი არჩევნები ტარდება საარჩევნო ოლქში არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში. კონკრეტულ შემთხვევაში კი ადგილი აქვს ჯ. მ-უკეს, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას და ცსკო-ს მხრიდან ერთადერთი კანონიერი გადაწყვეტილება იქნებოდა ...-ის საარჩევნო ოლქში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და არა გაბათილებული შედეგების აღდგენა და განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნა მხოლოდ ¹15 და ¹22 საარჩევნო უბნებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს ცსკო-ს ¹25\2001 განკარგულების გაუქმებასა და ცსკო-სათვის მითითებას, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 106-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნოს ხელახალი არჩევნები ¹... ...-ის საარჩევნო ოლქში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ სარჩელი მიიღო წარმოებაში და დანიშნა საქმის ზეპირი განხილვა.
სასამართლო სხდომაზე გამოცხადდნენ მოპასუხე ცსკო-ს წარმომადგენლები მ. უ-ია და ე. გ-შვილი, არ გამოცხადდა მოსარჩელე ჯ. მ-უკე, მაგრამ სასამართლო შემადგენლობას გადაეცა ჯ. მ-უკეს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლითაც მოსარჩელე უარს აცხადებს სარჩელზე და ითხოვს მოცემული საქმის წარმოების შეწყვეტას.
მოპასუხის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს მოსარჩელის შუამდგომლობას.
სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლო შემადგენლობა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, მოუსმინა მოპასუხის წარმომადგენლების განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ჯ. მ-უკეს შუამდგომლობა საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» პუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ჯ. მ-უკე უარს ამბობს სარჩელზე და ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას, სასამართლო შემადგენლობამ მისი შუამდგომლობა უნდა დააკმაყოფილოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯ. მ-უკეს შუამდგომლობა, სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე შეწყდეს სასარჩელო წარმოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.